დარჩიძეებში დატრიალებული ტრაგედია - ჩირუხისწყალმა ორი ახალგაზრდა იმსხვერპლა
"ორივე ჩავარდნის ადგილიდან 200-300 მეტრის მოშორებით გამორიყა მდინარემ"
"ჩირუხისწყალი კი ამ დროს ისეთი ცივია და სწრაფია, იქ ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა წარმოუდგენელია, რაიმეს შეახეთქებს და დაღუპავს..."
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი დაარჩიძეები ორ ახალგაზრდას გლოვობს. 24 წლის გოჩა ფუტკარაძე და 22 წლის გელა ტომარაძე მდინარე ჩირუხისწყალში ჩაცვივდნენ. ბიჭებმა ადიდებული მდინარიდან ვეღარ გამოაღწიეს. სოფელში ყვებიან, რომ გოჩაც და გელაც სამაგალითო ახალგაზრდები იყვნენ. მეზობლები და თანაშეზრდილები დიდ დროს ერთად ატარებდნენ, საქმეშიც ხშირად ეშველებოდნენ ერთმანეთს. იმ დღესაც ერთად იყვნენ, სოფელ ტიმოშეთში ახლობელთან გადაწყვიტეს წასვლა. მეზობელ სოფელში ბიჭები ქვეითად წავიდნენ და მდინარე ჩირუხისწყალზე გადებული ხიდით გადავიდნენ, თუმცა უკან რატომღაც ამ გზით აღარ დაბრუნდნენ.
დ. ე; სოფლ დარჩიძეების მცხოვრები:
- სოფელ ტიმოშეთში ბიჭები ნათესავთან იყვნენ სტუმრად, ჩვენ მთის ხალხი ვართ, ბევრს ვშრომობთ და ერთმანეთთან სტუმრად თუ არ წავედით, აქ სხვა გასართობა არაფერია. ახალგაზრდებისთვის მით უფრო... ბიჭებიც იმიტომაც წავიდნენ, თურმე მასპინძელი ისეთი ნაქეიფარი დახვდათ, უთქვამთ, ახლა ამასთან გაჩერებას აზრი არ აქვს, თავისას არ დაიშლის და ღვინოში დაგვახრჩობსო, ცოტა ხანს გაჩერებულან და წამოსულან... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მთვრალები არ იყვნენ, ისედაც დიდად არ უყვარდათ სმა, მშრომელი ბიჭები იყვნენ. რატომ მოხდა ისე, რომ უკან მობრუნებისას ხიდის ნაცვლად პირდაპირ ნაპირთან მივიდნენ და მერე წყალში ჩაცვივდნენ, არავინ იცის, ორივე დაიხრჩო, ჩირუხისწყალმა წაიღო ორივე... საუკეთესო ბიჭები აღარ გვყავს. ისე წავიდნენ, სიცოცხლით ტკბობა ვერ მოასწრეს; გოჩას ცოლ-შვილი, დარჩა, პატარა 9 თვის გოგონა, რომელიც ისე გაიზრდება, მამა არ ემახსოვრება... გელას კი მემკვიდრეც არ დარჩა. ძალიან დასანანია...
- თუ იმ გზით არავინ დადიოდა, რატომ უნდა მისულიყვნენ ბიჭები მდინარის ნაპირთან?
- ვერაფრით მოგვიძებნია მაგის ახსნა. ახალგაზრდები იყვნენ, რა ვიცი, რა მოიფიქრეს. მდინარე ჩირუხისწყალი პატარაა, მაგრამ წლევანდელი ხშირი წვიმებით ძალიან არის ადიდებული, ხმაც კი საშინელი აქვს. არ ვიცი, იქნებ, გადაწყვიტეს ნაპირიდან მდინარისთვის გადაეხედათ და ამ დროს ფერდობზე ფეხი დაუცურდათ. წერენ ნისლი იყოო, ნისლიც იყო და წვიმდა კიდეც საშინლად, სველ მიწაზე ერთმანეთის მიშველებისას შეიძლება კიდევ უფრო დაცურდნენ...
წვიმისა და ნისლის გამო გზის აბნევას მაინც და მიანც სარწმუნოდ არ მივიჩნევ, რადგან აქ გაზრდილი იყო ორივე, არა მგონია, ასე შეშლოდათ გზა. ჩირუხისწყალი კი ამ დროს ისეთი ცივია და სწრაფია, იქ ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა წარმოუდგენელია, რაიმეს შეახეთქებს და დაღუპავს... როგორც კი მოსაღამოვდა და შებინდდა, ბიჭები ოჯახებმა მაშინვე მოიკითხეს, - დაურეკეს და მაგრამ ორივეს ტელეფონი გათიშული იყო.
სახლებში არავინ გაჩერებულა, ყველანი იმ წვიმასა და დელგმაში ბიჭების მოსაძებნად გავედით, გამოძახების შემდეგ, არც მაშველებს დაუგვიანიათ... მაგრამ მტერს არ ვუსურვებთ, რაც ჩვენ ვნახეთ, ორივე ჩავარდნის ადგილიდან 200-300 მეტრის მოშორებით გამორიყა მდინარემ...
ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)