ხოცვა-ჟლეტა კახეთში, რა იწინასწარმეტყველა გორბაჩოვმა და წერილები წარსულიდან
რატომ ღებავდა ელდარ შენგელაია ხეს ყვითლად
ჟურნალისტის პროფესია მიმზიდველიც არის და ძნელიც. მიმზიდველია იმიტომ, რომ მოვლენების ეპიცენტრში ხარ, ბევრ საინტერესო რესპონდენტთან გიწევს ურთიერთობა. ძნელი კი იმიტომ არის, რომ ზოგჯერ მძიმე, ტრაგიკულ თემებზე გიწევს მუშაობა, თუმცა, ვალდებული ხარ, ემოციები გვერდზე გადადო და ყველაფერს ცივი გონებით შეხედო.
გამოცდილი ჟურნალისტები ხშირად ამბობენ, რაღამ უნდა გაგვაკვირვოსო. ასე ვფიქრობდი მეც, სანამ "პალიტრა ტვ"-ს ახალი გადაცემის -„"ლურჯი ვაშლის" - შემოქმედებითი ჯგუფის წევრი გავხდებოდი. სოფელ ჯუგაანში ახლობლები მყავს, თუმცა, არ ვიცოდი, რომ ამ სოფელში თავის დროზე ტრაგედია დატრიალებულა.
სისხლიანი ღამე
რუსმა სამხედროებმა ჯუგაანში ერთ ღამეში ოჯახის 17 წევრი ამოხოცეს, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვები, მეძუძური დედები და ორსული ქალები. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ნებისმიერ ჰოლივუდურ თრილერს უკან ჩამოიტოვებდა. როდესაც„"ლურჯი ვაშლი" ამ თემით დაინტერესდა, გვეგონა, რომ ოჯახის ვერც ერთ შთამომავალს ვერ მივაგნებდით და ვერც ხოცვა-ჟლეტის ადგილზე ვიპოვიდით რამეს. თუმცა, ამ ოჯახის შთამომავალსაც მივაგენით (რომელიც სისხლიანი ღამის მიზეზებსა და სხვა დეტალებზე გვესაუბრა) და შემთხვევის ადგილის მიხედვით ზუსტადაც გავაცოცხლეთ შემზარავი ტრაგედიის დეტალები.
"ცისფერი მთები“ და გორბაჩოვი
ყოველთვის მაინტერესებდა, ჩემი საყვარელი ფილმების პერსონაჟები დღეს როგორ გამოიყურებიან ან როგორ გადაიღეს ესა თუ ის შედევრი. მათ შორის არის ელდარ შენგელაიას „"ცისფერი მთები". ეს ფილმი 1983 წელს გამოვიდა ტელეეკრანებზე. თურმე, მისი წინასწარი ჩვენების შემდეგ კინოსტუდიის თანამშრომლები, უნებურად, ამ ფილმის ფრაზებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და სიცილს ვერ იკავებდნენ - ეს რა გადაიღო ელდარ შენგელაიამო. საინტერესოა, რომ ედუარდ შევარდნაძის ძალისხმევით, "ცისფერი მთები" საბჭოთა კავშირის პირველ პირსაც უნახავს, როცა მეუღლესთან ერთად ბიჭვინთაში ისვენებდა. ფილმის მსვლელობისას მიხაილ გორბაჩოვს მხოლოდ რამდენჯერმე გასცინებია, ჩვენების დასრულების შემდეგ კი მდუმარედ გაუვლ-გამოუვლია დარბაზში და შევარდნაძისთვის უთქვამს: "თუ რამე არ ვიღონეთ, ჩვენც ის დაგვემართება, რაც ამ დაწესებულებას მოუვიდა. თავზე დაგვენგრევა ქვეყანა". ფილმის ფრაზები დღესაც დაუვიწყარია: "შაბიამნის ახალი პარტია მივიღეთ, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ", "საიდან შეგაქანათ?" "გივი, ჩვენ ვართ, გივი!" "გაიტანეთ გრენლანდია!" "დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!"
ერთი საინტერესო დეტალიც უნდა ვახსენოთ: ფანჯარა, საიდანაც ფილმში წელიწადის დროთა ცვლილება ჩანს, ყოფილ ვორონცოვის მოედანზე, ერთ-ერთი სახლის სახურავზე ყოფილა დამონტაჟებული. შემოდგომის სცენის გადასაღებად რომ ემზადებოდნენ, კადრში მოსახვედრი ყველა ხე გვარიანად გაყვითლებულა, მხოლოდ ერთი დარჩენილა თურმე მწვანედ. უშედეგო ლოდინის შემდეგ ელდარ შენგელაიას შეუტყვია, რომ ეს ხე მარადმწვანეა და ქალაქის ხელმძღვანელობისგან მისი შეღებვის ნებართვა აუღია. სწორედ შესაღებად ემზადებოდნენ, როდესაც გამვლელს ჩამოუვლია პროდუქტით დატვირთული ჩანთებით და უკითხავს, რას აკეთებთო. ბატონი ელდარი ისე ყოფილა გართული თავისი საქმით, დაუფიქრებლად უპასუხია: ახლა ხომ შემოდგომაა, ჰოდა, ეს ხე არ ყვითლდება და ამიტომ უნდა შევღებოთო. ამ პასუხს ისე გაუბრაზებია საბჭოთა მოქალაქე, ჩანთები შუა ქუჩაში დაუყრია და მთავრობის გინება დაუწყია.
"ლურჯი ვაშლის" სიუჟეტში ამ ლეგენდარული ფილმის მონაწილე მსახიობები კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს იხსენებენ. სხვათა შორის, ბოლოს და ბოლოს დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა - ვნახე, როგორები არიან ისინი დღეს და რას საქმიანობენ.
„გზავნილები მომავალში“
2000 წელს გაზეთმა "კვირის პალიტრამ" დაიწყო "საუკუნის პროექტი". მკითხველს რედაქციაში უნდა გამოეგზავნა წერილი და მიეთითებინა, რომელ წელს უნდა გახსნილიყო ის. პირველად ამ წერილთა ნაწილი 2001 წელს გაიხსნა, მეორედ - 2005 წელს, მესამედ - 2010 წელს. მომდევნო ნაწილები გაიხსნება 2025, 2050 და 2100 წელს. ადრესატთა ვინაობა ქვეყნდებოდა "კვირის პალიტრაში", მაგრამ მკითხველთა ნაწილმა წერილებს რედაქციაში არ მოაკითხა. მიუხედავად ამისა, "ლურჯი ვაშლის" კამერების წინ რამდენიმე წერილის ავტორმა და ადრესატმა ერთმანეთი მაინც იპოვეს. ამ ემოციების სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია.
სიტყვა გამიგრძელდა. ყველა თემაზე რომ ვისაუბრო, რომლებზე მუშაობისასაც ხან გავოგნდი, ხან ვიცინე და ხან ადამიანთა სულიერ სიძლიერეზე დავფიქრდი, მთელი გაზეთი არ მეყოფა. ერთ რამეს კი მივხვდი - მართლაც, არასოდეს თქვა არასოდეს. მაგალითად, მე არასოდეს ვიტყვი, რაღამ უნდა გამაოცოს-მეთქი.
უსინათლო მხატვარი
თვალის ჩინის დაკარგვა დიდი ტრაგედიაა. განსაკუთრებით - თუ მხატვარი ხარ. თუმცა, წარმოიდგინეთ, რაოდენ სულიერად ძლიერი უნდა იყოს ადამიანი, რომ თვალის ჩინის დაკარგვის შემდეგაც განაგრძოს ხატვა. მხატვარი გიორგი ქობელაშვილი 43 წლისაა. იგი ბავშვობიდან ხატავდა. თვალის ჩინი 27 წლისამ დაკარგა. თუმცა, პროფესიისთვის არ უღალატია. ემოციები და განცდები ათმაგდება, როდესაც უსინათლო მხატვარი შენს თვალწინ ქმნის ნამუშევარს. გიორგი ქობელაშვილმა „"ლურჯი ვაშლის"” კამერების წინ დახატა და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან და დრამატულ მომენტებზე გვესაუბრა.