ქალები მოჯაჰედებისთვის - საქართველოდან სირიაში კიდევ ორი ქალი წავიდა
საქართველოდან სირიისკენ გზას უკვე ქალებიც დაადგნენ. "რუსთავი-2" ავრცელებს ინფორმაციას, რომ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადან კიდევ ორი ადგილობრივი მკვიდრი ქალი წავიდა სირიაში. დიანა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა სავარაუდოდ, 30 წლამდე ასაკის არიან. ისინი, ოჯახებთან ერთად, თბილისში ცხოვრობდნენ. მათ წასვლის მიზეზები ახლობლებისთვის დატოვებულ წერლებში განმარტეს.
მანამდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ა.წ. 28 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოდან 17 წლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონამ მშობლების თანხმობით სირიაში საქმროსთან გაემგზავრა.
როგორც ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე წერს: "როგორც ამბობენ, გოგონა სირიაში მეომარ საქმროს სადედამთილომ ჩაუყვანა (იქაური წესის მიხედვით მოჯაჰედის მონახულება მხოლოდ დედას და მეუღლეს შეუძლიათ). პატარძალს სირიაში ბექა ტოხოსაშვილი ელოდებოდა, რომელიც ერთი წელია, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. როგორც თემურ ბათირაშვილმა (ომარ ალ შიშანის მამა) პირად საუბარში თქვა, ბექა თარხან ბათირაშვილთან არის. მან ასევე გვითხრა, რომ პანკისიდან სირიაში პატარძლების ჩაყვანა პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ვერ გაუგია, რატომ გზავნიან გოგონებს მშობლები იმ ქვეყანაში, სადაც ომი და სისხლია...
მოჯაჰედური კანონებით, გარდაცვლილი მეომრის ქვრივი ორი-სამი თვის შემდეგ სხვა მოჯაჰედმა უნდა შეირთოს ცოლად და ასე გრძელდება ყოველ ჯერზე. საინტერესოა, რომ მოჯაჰედის ქვრივის ცოლად მოყვანა მამაკაცს ჯიჰადში ეთვლება."
იხილეთ ასევე: პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის - როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში