მამა ანთიმოზი: მე ლგბტ პირებს დავეხმარე და ძალადობისაგან დავიცავი
"17 მაისი არ არის რაიმე სხვა ღირსშესანიშნავი დღე, ამ დღის გამოცხადება ოჯახის დღედ არის კიდევ ერთი ძალადობა ამ ისედაც დაუცველ ჯგუფზე"
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულ ვნებათა ღელვას იწვევს. დღეს ამის აღსანიშნავად მრგვალ ბაღში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. "ინტერპრესნიუსს" "კონსტიტუციონალისტმა" ვახუშტი მენაბდემ განუცხადა: - "დღეს შევიკრიბეთ იმის გამო, რომ დავაფიქსიროთ საკუთარი დამოკიდებულება იმ პრობლემის მიმართ, რომელიც დგას საქართველოში და მთელ მსოფლიოში და მოვუწოდოთ სახელმწიფოსა და საზოგადოებას, რომ ერთად ვიბრძოლოთ და დავიცვათ ადამიანების თავისუფლება და თანასწორობა."
დღევანდელ ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას ასევე გააცნეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისთან დაკავშირებით. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინტერნეტპორტალ "17 მაისი.ორგ"-ის რედაქტორმა, ირაკლი ვაჭარაძემ განუცხადა, შეკრების მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. დღევანდელ აქციაზე უსაფრთხოების ნორმები საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო. ადგილზე რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
აქციაზე გამოჩნდენ პოლიტიკოსებიც, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ კორძაია და "ნაციონალური მოძრაობისა" და საპარალმენტო უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელმაც მანამდე "ფეისბუქგვერდზე" დაწერა: "17 მაისი არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. ანუ, ამ დღეს უნდა დავგმოთ ადამიანებზე ძალადობა და მათი შევიწროვება იმის გამო, რომ მათ უმრავლესობისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ. 17 მაისი არ არის რაიმე სხვა ღირსშესანიშნავი დღე, ამ დღის გამოცხადება ოჯახის დღედ არის კიდევ ერთი ძალადობა ამ ისედაც დაუცველ ჯგუფზე. "ოჯახის სიმტკიცეს" თუ "სიწმინდეს" ისინი ვერ დაიცავენ, ვინც ცოლებს სცემენ, კლავენ, იმონებენ და ამას ამართლებენ, ვინც მამაო ჩვენოს ღრიალით მზად არიან ტაბურეტკებით და კომბლებით დაერიონ დაუცველ ადამიანებს."
შეგახსენებთ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა განაცხადზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებების დამცველი ორგანიზაციის "იდენტობისა" და კიდევ 13 პირის ხელმოწერით შევიდა.
სარჩელი 2012 წლსი 17 მაისის იმ ინციდენტს შეეხებოდა, როდესაც ლგბტ წარმომადგენლების პირველ დემონსტრაციას ჩხუბი მოჰყვა.
ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ვერ უზრუნველყო დაეცვა" ლგბტ აქტივისტები თავდასხმისგან, როდესაც ისინი 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 14 მოსარჩელედან ცხრას, თითოეულს 2 000 ევრო უნდა გადაუხადოს; ორ მოსარჩელეს 3 000-3 000 ევრო და დანარჩენ ორ მოსარჩელეს 4 000 ევრო თითოეულს. "იდენტობამ" 1500 ევრო უნდა მიიღოს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით. შედეგად მოპასუხე ქვეყანას საერთო ჯამში 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა ანაზღაურდეს.
რას ფიქრობს გამოტანილ დადგენილებასა და დღევანდელ დღეზე 2013 წლის 17 მაისის ერთ-ერთი გმირი, მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი):
- ამ პროვოკაციას ხელმძღვანელობდა თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად "ნაციონალური მოძრაობა" და სწორედ ამ ხალხმა უნდა გადაიხადოს ეს დაკისრებული ჯარიმა, სახელმწიფო არაფერ შუაშია.
ჩვენ ვებრძვით არა კონკრეტულად ადამიანებს და პიროვნებებს, არამედ იდეოლოგიას. იმ იდეოლოგიას, რომელიც პროპაგანდას უწევს, არატდარდიციულ სექსუალურ ორინეტაციას, თორემ უშუალოდ ადამიანებთან ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს, მეტიც, ბევრ ჰომოსექსუალს ვიცნობ, რომელიც ეკლესიაში დადის და თავის უარყოფით თვისებებს არავის ახვევს თავს.
სიმართლე რომ გითხრათ, 2013 17 მაისს მე ერთადერთი რამით ვიყავი დაკავებული, ვცდილობდი იქ ადგილი არ ჰქონოდა ძალადობას. დავრბოდი გადარეულ რომ ხალხს ერთმანეთი არ ეცემა, ბოლოს ყვითელ ავტობუსებს, სადაც ლგბტ პირები ისხდნენ, ვეხმარებოდი, რომ თავისუფლების მოედანი მშვიდობიანად დაეტოვებინათ, რადგან ამდენი ხალხი მორბოდა მათ საცემრად და შესაძლებელი იყო დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო. მე ვცდილობდი გაშმაგებული ბრბოს დამშვიდებას. რეალურად მე ლგბტ პირებს დავეხმარე და ძალადობისაგან დავიცავი, ამის ვიდეო მასალაც არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოებამ ყველაფერი სხვანაირად გაიგო.
ლადო გოგოლაძე (სპეცილაურად საიტისთვის)