"აბეზარა" პროფესიული კოლეჯიდან - გოგონა, რომელიც ძრავის შეკეთებას სწავლობს
"აბეზარას" ხათრით ბიჭები გაკვეთილებსარ აცდენენ...
"ზოგჯერ კვირაობით მეტყობა ხელებზე მაზუთის კვალი"
გახსოვთ, ალბათ, ქართული ფილმი "აბეზარა", რომლის მთავარი გმირი ქალია, თანაც, მძღოლი. არა, ქალი მაშინაც "კუხნაში" ერჩივნათ, მაგრამ გამონაკლისი ხომ ყველა წესს აქვს? ჰოდა, საბჭოთა ეპოქის იშვიათი გამონაკლისი ჩვენი ყოფის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დღეს ყოველი მეორე თუ არა, მესამე ქალი მაინც უზის საჭეს. თუმცა, ავტომანქანის ძრავის შემკეთებელ ქალზე, ალბათ, არავის სმენია. 19 წლის ნინო პაპუაშვილმა ამ პროფესიის შესწავლა გადაწყვიტა. მისი მასწავლებელი კახა გელაშვილი ამბობს,”აბეზარა" ძალიან მონდომებულია და კაცები გაფრთხილდნენ, უსაქმოდ არ დარჩნენო.
პროფესიულ კოლეჯში ავტომანქანის ძრავის შემკეთებლის სპეციალობაზე 10 მოსწავლე სწავლობს. ერთ-ერთი ნინოა. კოლეჯში ამბობენ, ეს პირველი შემთხვევაა, ე.წ. მამაკაცის პროფესიას ქალი რომ სწავლობსო. ნინო საკუთარი არჩევანით არის კმაყოფილი, მასწავლებელი კი - კლასის სრული დასწრებით: ნინოს ხათრით ბიჭები გაკვეთილებს არ აცდენენ.
მოსწავლეებთან იმ დროს მივედი, მაზუთიანი ხელებით ძრავის შეკეთებას რომ ცდილობდნენ. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ნინოსთან საუბრის დროც დადგა.
- ქალი მძღოლი არავის უკვირს, მაგრამ ძრავის შემკეთებელი ქალი პირველად ვნახე...
- 4 ძმა და ერთი და მყავს. ბიჭების გარემოცვაში გავიზარდე. ჩემი ძმები მანქანებზე რომ ლაპარაკობდნენ, მეც მინდოდა, ჩავრეულიყავი და თავი გამომეჩინა, მაგრამ ბევრი არაფერი გამეგებოდა და მაჩუმებდნენ. მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ სკოლიდან გამოვედი. ამ პროფესიული კოლეჯის შესახებ რომ შევიტყვე, ბევრი აღარ მიფიქრია - ავტომანქანის ძრავის შემკეთებლის პროფესია ავირჩიე.
- ოჯახში რა გითხრეს?
- დედა გაცეცხლდა, მთელი დღე მაზუთში უნდა იყო ამოსვრილიო?! მაგრამ მე მაინც გაუთავებლად ამ პროფესიაზე ვლაპარაკობდი და დედამაც ხელი ჩაიქნია. მეგობრებს კი არ გაჰკვირვებიათ ჩემი არჩევანი. ახლა ორმაგად მონდომებული ვარ, რომ ეს საქმე კარგად შევისწავლო. მინდა, ჩემი მანქანა მყავდეს და როცა გამიფუჭდება, ხელოსანი კი არ ვეძებო, თვითოOნ შევაკეთო. საკლასო ოთახში მანქანის ძრავა და სხვა ნაწილები გვაქვს. ჯერ მათზე ვსწავლობთ ყველაფერს. ზოგჯერ კვირაობით მეტყობა ხელებზე მაზუთის კვალი, მაგრამ პროფესიის არჩევას არ ვნანობ.
კლასში ერთადერთი გოგო ვარ, რომ იცოდეთ, ბიჭები როგორ მანებივრებენ, - თვალებში მიყურებენ, მძიმეს არ მაწევინებენ. თუმცა, დავალების შესრულება მეც ისევე მომეთხოვება, როგორც დანარჩენებს.
- მომავალში რას აპირებ?
- ეს პროფესია იმისთვის არ ამირჩევია, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი დავამსხვრიო, თითქოს ქალი სუსტია, ცუდი მძღოლია და ა.შ. ეს საქმე მომწონს. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა პრაქტიკაზე სხვადასხვა კომპანიასა თუ კერძო ვულკანიზაციაში გამიშვებენ. იმედი მაქვს, სამსახურში მიღებაზე უარს არ მეტყვიან მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი ვარ.
სალომე გოგოხია