"ვაცხადებ, შვილი მომიკლეს!" - რა მოხდა ახმეტის სასაფლაოზე?
"ექსპერტიზის დასკვნაში წერია, თითქოს ჯარჯი გულის იშემიით დაიღუპა. ეს ტყუილია, ჩემს შვილს გული არასოდეს აწუხებდა. სულ ვარჯიშობდა, ფიზიკურად ძლიერი იყო..."
26 წლის ჯარჯი კახიაშვილს ოჯახის წევრები 2 დღე უშედეგოდ ეძებდნენ. იგი შეყვარებულთან შესახვედრად წავიდა და მას მერე ჯარჯის კვალს ვერსად მიაგნეს. მოგვიანებით პოლიციაში ზარი გაისმა, უცხო მამაკაცი სამართალდამცავებს ატყობინებდა, რომ ახმეტაში, სასაფლაოს ეზოში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვა. ის ჯარჯი აღმოჩნდა... სამართალდამცავებმა საქმეზე გამოძიება უკვე დაასრულეს და სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დაასახელეს. ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ბიჭი სხვაგან მოკლეს და მერე მისი ცხედარი სასაფლაოზე მიიტანეს. სამართალდამცავები ოჯახს მედიასთან ურთიერთობასაც უკრძალავდნენ, არწმუნებდნენ, რომ ინტერვიუები საქმის გახსნაში შეუშლიდათ ხელს. შვილმკვდარი მამა, კახი კახიაშვილი მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მისი შვილის საქმე დაიხურა:
- 4 აპრილს ჩემი ვაჟი ახმეტის სასაფლაოზე იპოვეს. ვაცხადებ, მე შვილი მომიკლეს. ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, თითქოს გულის იშემიით დაიღუპა. ეს ტყუილია, ჯარჯის გული არასოდეს აწუხებდა. სულ ვარჯიშობდა, ფიზიკურად ძლიერი იყო. ყვარელში სამუშაოდ ერთად დავდიოდით. იმ დღესაც ჩემთან ერთად იყო, მერე მითხრა, მამა, ახმეტაში უნდა წავიდე, გოგოს უნდა შევხვდეო. ვიცოდი, ის გოგო რომ უყვარდა. ბოლოს, ღამის 12 საათზე ველაპარაკეთ ჯარჯის, მას მერე არც ტელეფონის ზარს პასუხობდა და არც გამოჩენილა, მეორე დღეს კი საერთოდ გაითიშა მისი მობილური. ბოლოს მოკლული ნახეს ჩემი ჯარჯი. ბევრი კითხვა მაქვს პასუხგაუცემელი. ჩემს შვილს ჯემპრი უკუღმა ეცვა, შარვალი მუხლებამდე ჩაწეული ჰქონდა, ჯიბეში ტალახიანი ტელეფონი ედო, სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა. მკლავზე - ხელის ძლიერი მონაჭერი, ტუჩზე და ცხვირთან კი სილურჯე ჰქონდა, პირი სისხლიანი. პოლიცია კი მიმტკიცებს, ეს მსუბუქი დაზიანებებიაო. მაშინ დამისაბუთონ, რატომ ეცვა ტანსაცმელი უკუღმა ჯარჯის და შარვალი ნახევრად გახდილი რატომ ჰქონდა?
წარმოიდგინეთ, წვიმაში იარა ჩემმა შვილმა, ჯიბეში ტალახიანი ტელეფონი ედო და სუფთა ბოტასი ეცვა? რომ ვიკითხე, რატომ ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სუფთა, თუ ტალახში იარა-მეთქი, მეუბნებიან, ალბათ, ტალახი წვიმამ ჩამორეცხაო, სადმე გინახავთ ტალახიან ფეხსაცმელს წვიმა ისე რეცხავდეს, რომ ტალახი არ ეტყობოდეს? არც ერთ ნივთზე, არც ტანსაცმელზე, არც ფეხსაცმელზე, ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. ხელთ მაქვს ფოტოსურათები, სადაც ყველა დაზიანების კვალია აღბეჭდილი. პოლიცია მიმტკიცებს, ალბათ, შენი შვილი წვიმისგან გაწუწული იყო და სასაფლაოს ეზოში იმიტომ შევიდა, რომ სურდა, ტანსაცმელი გაეწურა და ისევ ჩაეცვა, ეტყობა, ჯერ ჯემპრი გაიხადა, გაწურა და უკუღმა ჩაიცვა, მერე შარვალს იხდიდა და ამ დროს გულის შეტევით დაიღუპა, ვერ მოასწრო შარვლის ბოლომდე აწევაო. ეს არის პასუხი? რა უნდოდა ჩემს შვილს შუაღამისას სასაფლაოზე? დღისით ვერ შედიოდა მარტო, ისე ეშინოდა და ღამით ტანსაცმლის გასაწურად შევიდა? რომელი ჭკვიანი წურავს ქუჩაში სველ ტანსაცმელს? მით უმეტეს, სახლამდე 700 მეტრი ჰქონდა დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, ჯარჯი მოკლეს და ცხედარი მერე დააგდეს სასაფლაოზე. ისე დახურეს ეს საქმე, არაფერი გააკეთეს და ამას ვერ ვეგუები. წუთით დავუშვათ, რომ ტანსაცმელს წურავდა. სასაფლაოს ეზოში 30-40 კვადრატული გადახურული ფართია, ვეკითხები გამოძიებას: თუ ტანსაცმლის გაწურვა უნდოდა, უფრო ლოგიკური იქნებოდა იმ გადაფარებულში შესულიყო, მაშინ იქ რატომ არ გაწურა შარვალი? იცით, რა მიპასუხეს, იმ გადახურულში იმიტომ არ შევიდოდა, იქ ჩამოსაჯდომი არ იყო და შარვალს ისე ვერ გაიხდიდაო. ეს უკვე დაცინვაა!
- იმ დღეს შეყვარებულს შეხვდა? ალბათ, ის გოგოც დაჰკითხა გამოძიებამ.
- ჩემს შვილს იმ ღამით ნაცნობი ბიჭი, პატრულის თანამშრომელი შეხვედრია. ის ამბობს, 4 კილომეტრი ერთად გავიარეთ მანქანით, ავიყვანე ღამის 2 საათზე ალვანში და იმ გოგოს სახლის ჩასახვევთან ჩამოვსვიო. ამის მერე იკარგება ჩემი შვილი. გოგოს უთქვამს, მასთან შესახვედრად არ გამოვსულვარ, რადგან წვიმდაო. მითხრეს, გოგომ სოციალური ქსელით შეატყობინა, რომ არ შეხვდებოდაო. პოლიციას ვუთხარი, ის გოგო კარგად დაჰკითხეთ, მან სიმართლე იცის-მეთქი, მიპასუხეს, დენის სკამზე ხომ ვერ დავსვამთო.
- ვინმესთან დაპირისპირება ხომ არ ჰქონდა თქვენს შვილს?
- როგორც ვიცი, ჰქონდა. ცოტა ხნით ადრე ჯარჯიმ იმ გოგოს "ფეისბუკი" გაუტეხა და სხვა ბიჭებთან მისი ნალაპარაკები ნახა. იმ ბიჭებს ურეკავდა და არკვევდა რაღაცებს. შეიძლება მათთან მოუხდა კონფლიქტი. გოგოსთან მისი მიმოწერაც წავიკითხეთ. გოგოს სწერს, თავი დამანებე, არ მინდიხარო, გოგო ამაზე გინებით პასუხობს, ვერსადაც ვერ წახვალო. იმ გოგოს გამო ჩემმა შვილმა კომპიუტერი გაყიდა, რადგან ფული სჭირდებოდა. მას უთქვამს, ფეხმძიმედ ვარო და ფული მისცა. მერე გაირკვა, რომ ასეთი შინაარსის წერილები იმ გოგოს სხვებისთვისაც ჰქონდა მიწერილი. რაღაც იმალება ამ ყველაფრის უკან და ამის გარკვევას ვითხოვ. როგორც ჩანს, ჩემი შვილი დაღამებას დაელოდა, იმ გოგოსთან სახლში რომ შესულიყო, იმასაც არ გამოვრიცხავ, გოგოსთან სხვაც მივიდა და შვილი მომიკლეს. ალბათ, მერე მკვდარს ჩააცვეს ტანსაცმელი და ამიტომ იყო ასეთ დღეში. იმ გოგოს ცოლად მოყვანა უნდოდა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ადრე ჩვენს მეზობლად იყო გათხოვილი.
- თქვენს შვილს როგორი წარსული ჰქონდა, იქნებ სხვა მტერიც ჰყავდა?
- ნასამართლევი იყო, მაგნიტოფონის ქურდობისთვის ციხეში 3 წელი მოიხადა და ამნისტიით გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, იმ გოგოსთან მოხდა რაღაც, მოკლეს და მერე სასაფლაოზე წაიღეს. ახლა საოლქო პროკურატურაში შევიტანე საჩივარი, სიმართლის დადგენას ვითხოვ. ჩემი შვილის მკვლელი გარეთ დათარეშობს და ეს მკლავს.
- საქმე როდის დაიხურა?
- ექსპერტიზის დასკვნის მიღების მეორე დღესვე. არავის აძლევს ხელს გაუხსნელი დანაშაული და ეს ადვილი გამოსავალი იყო პოლიციისთვის. ეს არის სამართალი?! დამეხმარეთ, შვილის მკვლელების პოვნაში, მინდა სათანადოდ დაისაჯონ...
ჩვენ ამ საქმის გამომძიებლთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა ახმეტის პოლიციის გამომძიებელმა, გიორგი გავარდაშვილმა კომენტარისგან თავი შეიკავა. ამის შემდეგ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორს, დავით გველესიანს ვესაუბრეთ:
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულსისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობა იყო, ასევე დადგენილია, რომ კახიაშვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ნათელია, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ.
- გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ ჯარჯის შარვალი ნახევრად ჩაწეული ჰქონდა, ჯიბეში ტალახიანი ტელეფონი ედო, ჯემპრი უკუღმა ეცვა, სხეულზე ჰქონდა დაზიანებები...
- დაზიანებები გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე აქვს მიღებული და არავითარ კავშირში არ არის სიკვდილთან. რაც შეეხება ტანსაცმელს, ძლიერი წვიმა იყო. სასაფლაოზე გადახურული შენობაა, ეტყობა, იქ მივიდა და ტანსაცმელი გასაწურად გაიხადა.
- მამა ამბობს, რომ გვამი გადახურულ შენობაში კი არა, სხვა ტერიტორიაზე იპოვეს. თანაც, ჯარჯის სახლამდე 700 მეტრი ჰქონია დარჩენილი...
- ფაქტია, იქ მარტო იყო, არავინ იცის, რას აკეთებდა მთვრალი. ისიც ფაქტია, ძალადობის კვალი არ აქვს. რომ ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, ან ჩამომხრჩვალი ყოფილიყო, ან - მოგუდული, ან მანქანას გადაევლო, ეს ყველასთვის ნათელი იქნებოდა.
- ჯარჯი გოგოსთან შესახვედრად წასულა, დაკითხვისას რა გიამბოთ მან...
- ადასტურებს, რომ ურთიერთობა ჰქონდათ. ჩვენ ამას ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს. ფაქტია, გოგოს არ მოუკლავს.
- ჯარჯის სოციალურ ქსელში გოგონას სხვა მამაკაცებთან მიმოწერა უნახავს...
- იმ გოგონას პირად ცხოვრებაზე ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, ჯარჯი კახიაშვილის მოკლული არ არის!
თეა ხურცილავა