რეჯებ ჟორდანია: მწამს, რომ საბოლოოდ ნოე ჟორდანიასა და მის კოლეგებს აღიარებენ გმირებად - კვირის პალიტრა

რეჯებ ჟორდანია: მწამს, რომ საბოლოოდ ნოე ჟორდანიასა და მის კოლეგებს აღიარებენ გმირებად

"განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ქართული ნაწილების გმირობა გენერალი მამრაძის მეთაურობით, როცა თურქეთმა ისარგებლა იმით, რომ ბოლშევიკებს თითქმის მთელი საქართველო ჰქონდათ დაპყრობილი და მოინდომეს ბათუმის ოკუპაცია. ჩვენი ჯარი დონ კიხოტური თავგანწირვით დაედევნა თურქებს და რომ არა მათი გმირობა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აჭარა დღეს საქართველოს შემადგენლობაში ყოფილიყო."

წინათქმა

საერთაშორისო სამართლის ფრანგი პროფესორი ლუი დე ფური 1932 წელს წერდა: "ამჟამინდელი ვითარება საქართველოს დაპყრობისა არის წმინდა ფაქტი.. წმინდა ფაქტი ძალადობისა, რომელიც დაიგმო საერთაშორისო სამართლის მიერ. საქართველოს დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობად არის მიიჩნეული. და ის აღორძინდება როგორც კი მისი თავისუფალი არსებობის "დე ფაქტო" დაბრკოლებები

შეწყვეტს არსებობას"

დიდია იმ ქართველ პატრიოტთა ღვაწლი, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის სათავეებთან იდგა. ბევრი მათგანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იძულებული იყო, ემიგრაციაში გადახვეწილიყო. საქართველოს ხელისუფალთაგან კი ალბათ, ნოე ჟორდანიაა ის პიროვნება, ვინც გარდაცვალებამდე, ანუ 1953 წლამდე, დე ფაქტოდ ინარჩუნებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. სწორედ ამ უწყვეტობამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი1991 წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისოდ იქნა აღიარებული და ბაზისად დაედო ქვეყანის სწრაფვას ევროპის კავშირის წევრობისაკენ.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ვიზეიმოთ!

თეონა ლავრელაშვილი

ბრიუსელის დიპლომატიისა და პროტოკოლის სკოლის მრჩეველი, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი

ამ მილოცვას უერთდება შორეული ამერიკიდან საქართველოს პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტის ვაჟი ბატონი რეჯებ ჟორდანია, რომელიც 93 წლისაა და ჯანმრთელობის გამო პირადად ვერ შეძლო საქართველოში

ჩამოსვლა, რათა დასწრებოდა სახალხო ზეიმს - 26 მაისობას, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს.

"საქართველო იარსებებს სამარადჟამოდ!"

თანამემამულენო!

მე, რეჯებ ჟორდანია, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაჟი, მოგესალმებით შორეული ამერიკის კონტინენტიდან. ჯანმრთელობის პრობლემები და ასაკი - უკვე 93 წლის ვარ - არ მაძლევს საშუალებას თქვენთან ერთად უშუალოდ გავიზიარო ეროვნული დამოუკიდებლობის დღის სიხარული, დღისა, როცა თითქმის საუკუნის წინათ ახალგაზრდობის სასახლეში (რომელსაც ადრე ვორონცოვის სასახლეს უწოდებდნენ), სარკეებიან დარბაზში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, და ამიტომ დაუსწრებლად მინდა მოგმართოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი ზეიმის მოლოცვით.

ჩემი ბავშვობის პარიზში, 1920-იან წლებში, 26 მასი წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღედ ითვლებოდა როგორც ჩემთვის, აგრეთვე ყველა ჩემი პატარა ქართველი მეგობრისათვის. ეს იყო დღე, როდესაც ყველა ემიგრანტი ქართველი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, რელიგიისა, სქესისა თუ მსოფლმხედველობისა, ვიკრიბებოდით და საზეიმოდ, თუმცა სევდნარევი გრძნობითა და მოგონებებით ზეიმით, სევდითა და მოგონებებით აღსავსე განწყობით დამოუკდებლობის დღეს აღვნიშნავდით. თუმცა პატარა ვიყავი, მაგრამ ეს დღე მახსოვს როგორც ნამდვილი დღესასწაული ჩვენი სამ ფერად გაწყობილი დროშით, ერთი ფერთაგანი კი უპირატესად ჩანდა საუცხოო, თუმცა სადა ელემენტებით გაჯერებულ სახელმიწფო გერბთან ერთად. რაღა თქმა უნდა, ყველა მგზნებარედ ქართული მჟღერი ჰარმონიით ვმღეროდით ჩვენს ეროვნულ ჰიმნს - დიდებას. ტრადიცია გრძელდებოდა საბჭოთა ოკუპაციის მრავალი წლის მანძილზეც..და მაშინ, 1990 წელს პირველად საქართველოში ჩამოსულამ, გავიხარე, როცა ვიხილე 70 წლის შემდგომ გაცოცხლებული ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო, ეროვნული ჰიმნი და დროშა, დროშა რომელიც ფრიალებდა ყველა საზოგადოებრივი შენობის თავზე, საბჭოთა დროშის ნაცვლად.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვზეიმობთ თავისუფლების დეკლარაციის მორიგ წლისთავს. ეჭვგარეშეა, ეს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღია, მეტიც გავბედავ და ვიტყვი რომ 700 წლის მანძილზეც კი, დიახ, მას შემდეგ რაც მონღოლებმა საქართველო დაიპყრეს 1238 წელს, რადგან:

პირველად საუკუნეების მანძილზე საქართველო გახდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ერთიანი თანამედროვე სახელმწიფო ნოე ჟორდანიას ერუდირებული მთავრობის ხელმძღვანელობით. გზა ერთიანობისაკენ იყო ხანგრძლივი და რთული. მართალია, ქართველებს მდიდარი კულტურა გვაქვს, თუმცა არასდროს გვქონია

ეროვნულობის ნამდვილი განცდა, რადგან კონცეფცია არ არსებობდა შუასაუკუნეების ეპოქაში, როცა ფეოდალური მორჩილება წესად იყო ქცეული. მართლაც, 1805 წლამდე, ვიდრე რუსეთი დაიპყრობდა საქართველოს, ქვეყანა დაყოფილი იყო სამეფოებად და სამთავროებად, როგორიცაა გურია, სამეგრელო, იმერეთი. ერთი რომელიმე ეროვნებისადმი კუთვნილების განცდას საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციება შესძინა სიცხადე. ამ შეუქცევადმა ძალამ, რომელიც მე-19 საუკუნის ევროპაში გავრცედა, საბოლოოდ ჩამოაყალიბა ჩვენი თანამედროვე მსოფლიო.

თუმცა საქართველო არ მოხვედრილა ამ ძლიერ დინებაში. ცნობილია, რომ დაპყრობილი საქართველო ავტოკრატიული ცარისტული იმპერიის ნაწილი იყო სწორედ მაშინ, როდესაც ნაციონალიზმა დასავლეთ ევროპაში ჰპოვა გავრცელება, იდეა ჩვენს ქვეყანაში ვერ დამკვიდრდა. შესაბამისად მე-19 საუკუნის ბოლომდე განცდა ქართული კუთვნილებისა ვრცელდებოდა მხოლოდ ოჯახზე, სოფელზე და არ სცდებოდა პროვინციის საზღვრებს. ათწლეულები დასჭირდა იმ დიდებულ ქართველ პატრიოტებს, რომელთა დიდი ნაწილი ფარულად მოღვაწე სოციალ - დემოკარტები იყვნენ, რომ განათლებითა და გულმოდგინე შრომით შეეცვალათ დამოკიდებულება ცარიზმისა და ეროვნულობის იდეის შესახებ, რაც აისახა კიდეც ჭეშმარიტად გაერთიანებულ რესპუბლიკაში 1918 წელს.

მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (ან პირველი რესპუბლიკა, როგორც ხშირად უწოდებენ) წარმატებული აღმოჩნდა იმდენადაც კი, რომ 1921 წლის საბჭოთა და თურქთა დაპყრობას მოუღო ბოლო. (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა "დე იურედ" 1933 წლამდე, ხოლო "დე ფაქტოდ" 1953 წლამდე არსებობდა, ინ მემორიუმ, ლევილში, საფრანგეთში). თუმცაღა ეს შედარებითი მცირე არსებობა უდიდესი მნიშვნნელობის იყო, რადგან ყველა ის ძირითადი ინსტიტუცია, რამაც თანამედროვე საქართველო შექმნა, სწორედ იმ პერიოდში დაარსდა.

მსურს ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დამოუკდებელი რესპუბლიკის მთავრობას მხარს უჭერდა ყველა სოციალური კლასის წარმომადგენელი. განსხვავებით 1991 წლისა, არ მომხდარა დამანგრეველი ძმათა მკვლელი სამოქალაქო ომი და სახელმწიფოს ქონების ძარცვა. იდეალისტი პატრიოტების თაოსნობით, საქართველო დარჩა ერთიანი - აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, და რა თქმა უნდა - აჭარით.

დასავლეთ ევროპის ყველა ისტორიკოსი აღნიშნავს პირველი რესპუბლიკისა და მისი დიდსულოვანი ლიდერების მიღწევებს, თუმცა არ აღნიშნავენ ქალაქ ლანჩხუთში, სადაც დაიბადა ნოე ჟორდანია, არც თბილისში, საქართველოში მას და მის თანამებრძოლებს სახალხო აღიარება არ მოუპოვებიათ. ეს კი მით უფრო რთული გასაგებია, რაკი დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ ნოე ჟორდანიას გარდაცვალებიდან საქართველო კვლავ გახდა დამოუკიდებელი, როგორც პროფესორმა სტეფან ჯოუნსმა აღნიშნა, მომდევნო ქართულმა მთავრობამ პრაქტიკულად არაფერი იღონა, რათა სახალხოდ ეღიარებინა ყველა იმ ქართველი პატრიოტის დამსახურება, ვინც ასე იღწვოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის პარტიული კუთვნილების მიუხედავად და ვინც გაწირა სიცოცხლე, რათა გამოეღვიძებინა საქართველოს ეროვნული სული და პირველად საუკუნეების მანძილზე გამოეცხადებინათ საქართველოს სუვერენულობა და ერთიანობა 1918 წელს. გვინდა დავიჯეროთ, რომ სწორედ ბოლშევიკურმა პროპაგანდამ იქონია გავლენა ქართველების თითქმის სამ თაობაზე და დაამჩნია მას ღრმა ანაბეჭდი.

ალბათ თაობებია საჭირო, რათა გაიწმინდოს ქართველის გონება საბჭოთა საწამლავისაგან. მაგრამ მე დანამდვილებით მწამს, რომ საბოლოოდ ნოე ჟორდანიასა და მის კოლეგებს აღიარებენ გმირებად; ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში იყვნენ. დღეს მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელს გავიხსენებ: ნოე ჟორდანია, ნოე ხომერიკი, ევგენი გეგეჭკორი, გრიგოლ ურატაძე, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მამაცი ეროვნული გვარდია ვალიკო ჯუღელის ხელმძღვანელობით, ასევე ჯარისკაცები და ოფიცრები, ვინც აღადგინა პირველი რესპუბლიკა და გმირულად იბრძოლა თავისუფლების შესანარჩუნებლად დაუძლეველ სხვათა წინააღმდეგ.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ქართული ნაწილების გმირობა გენერალი მამრაძის მეთაურობით, როცა თურქეთმა ისარგებლა იმით, რომ ბოლშევიკებს თითქმის მთელი საქართველო ჰქონდათ დაპყრობილი და მოინდომეს ბათუმის ოკუპაცია. ჩვენი ჯარი დონ კიხოტური თავგანწირვით დაედევნა თურქებს და რომ არა მათი გმირობა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აჭარა დღეს საქართველოს შემადგენლობაში ყოფილიყო.

როგორც ყველა პატივსაცემი ისტორიკოსი აღნიშნავს, დღევანდელი საქართველო 1918 წლის დროინდელი რესპუბლიკის გაგრძელებაა. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი საქართველო იარსებებს სამარადჟამოდ!

გაუმარჯოს საქართველოს!

რეჯებ ჟორდანია

26 მაისი, 2015

ნიუ იორკი

ფოტოზე: რეჯებ ჟორდანია პატარა ნოესთან ერთად