"ნეტავ უჩემოდ როგორ არიან მარტა, ტროა და ევაო" - ვეფხვების მიერ დაზიანებული ზოოპარკის მთავარი ძიძა უკეთაა - კვირის პალიტრა

"ნეტავ უჩემოდ როგორ არიან მარტა, ტროა და ევაო" - ვეფხვების მიერ დაზიანებული ზოოპარკის მთავარი ძიძა უკეთაა

თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქგვედზე" გამოქვეყნდა სასიხარულო ჩანაწერი: "ჩვენი გულიკო უკეთაა. გონს გუშინ მოვიდა და დღეს უკვე პალატაში გამოწერეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჭრილობებს უმუშავებენ და შესაბამისი მკურნალობაც უტარდება. გადავეცით თქვენი კეთილი სურვილები. მოვუყევით, როგორ გულშემატკივრობთ, გვწერთ, კითხულობთ და აუჩუყდა გული... ექიმები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები და თავად გულიკოც ყოჩაღადაა. თავისი პატარა აღსაზრდელები ენატრება. ნეტავ უჩემოდ როგორ არიან მარტა, ტროა და ევაო..."

შეგახსენებთ, 26 მაისს, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ვეფხვმა დააზიანა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება. დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. სამწუხაროდ ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო

ქალბატონი გულიკო 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ის ვეფხვებიც.

შაბათს, 30 მაისს გადაცემა "პალიტრა TV"-ს ეთერში გადაცემა "ლურჯი ვაშლი" საინტერესო პორტრეტს წარმოგიდგენთ, რომლითაც სწორედ თბილისის ზოოპარკის ძიძა-მომვლელს, გულიკო ჭიტაძეს გაეცნობით. მასთან ინტერვიუ 22 მაისს ჩაიწერა, ზოოპარკში მომხდარ ინციდენტამდე 4 დღით ადრე. 26 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ გულიკო ჭიტაძე ვეფხვებმა დაგლიჯეს.

"სამედიცინოზე ვსწავლობდი და მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული. ცოტა ხანს ტუბდისპანსერში ვიმუშავე, "არამიანცის" საავადმყოფოშიც - გინეკოლოგიურ განყოფილებაში, მაგრამ მერე შემცირება მოხდა: გამოცდილები დატოვეს, ახლები გამოგვიშვეს. მერე ზოოპარკში მოვედი. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა... ესპანელი ბებია მყავდა. მან 100 წლამდე იცოცხლა და მისი წყალობით სახლში სულ გვყავდა ძაღლი, თხა, ხვლიკი და რა ვიცი, კიდევ ბევრი სხვა არსება..." - ფრაგმენტი ინტერვიუდან, რომელსაც სრულად 30 მაისს იხილავთ.