"ქართველური" ჩარევები კონსტიტუციაში
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესაძლო გაუქმება წინგადადგმულ ნაბიჯად ნამდვილად არ ჩაითვლება
"მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესაძლო გაუქმება წინგადადგმულ ნაბიჯად ნამდვილად არ ჩაითვლება. მსჯელობა იმის შესახებ, ცუდია თუ კარგი შერეული საარჩევნო სისტემა, ძალიან გავს იმ მსჯელობას, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო მმართველობის ფორმა სჯობია საპრეზიდენტო მმართველობისას ან პირიქით. იმას, რომ დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები შანსი აქვთ მაჟორიტარული არჩევნების მოგებისა და ამავე დროს, აქვთ სურვილი პარლამენტში უფრო მეტი წევრის გაყვანისა, წარმომადგენლობის მაჟორიტარული ფორმა არ უნდა შეეწიროს. ის ფაქტი, რომ საარჩევნო ოლქში მცხოვრებმა არ იცის, ვინ არის მაჟორიტარი, არგუმენტი ვერ არის სისტემის გასაუქმებლად, რადგან იმ მაცხოვრებელს, რომელიც საკუთარი მაჟორიტარის არჩევნებით არ არის დაინტერესებული, პროპორციული წესით არჩეული და პარტიის სახელს ამოფარებული დეპუტატი მით უფრო არ ეცოდინება.
ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენ ვერც ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი ვერ მოვირგეთ. შემოვიღეთ თითქმის ყველა კონსტიტუციური მმართველობის მოდელი, მაგრამ, რეალურად, საკონსტიტუციო პრაქტიკაში პრობლემას ყველგან ჩვენივე არაკონსტიტუციური "ქართველური" ჩარევებით წავაწყდით. ასეა დღეს მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში. პრობლემა ის კი არ არის, რომ პროპორციულთან ერთად მაჟორიტარული სისტემაც არსებობს. პრობლემა იმაშია, რომ არ არსებობს რეალური საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც მაჟორიტარს აიძულებს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები განახორციელოს. ვეთანხმები იმას, რომ ამერიკელი ყოფილი გუბერნატორის ჯერი მანდერინგის პრინციპი და საარჩევნო გეოგრაფია შესაცვლელია, მაგრამ ქართულ რეალობაში ამის განხორციელებასაც ფიქრი უნდა, მით უფრო, სავალალო იქნება, მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება და მთლიანი სისტემა გავაუქმოთ. ამიტომ, თუ ვინმეს ზოგიერთი მაჟორიტარის უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულების გამო სურს შერეული საარჩევნო სისტემის მოშლა, უმჯობესია ვიფიქროთ იმპერატიული მანდატისა და გარკვეული ცენზის შემოღებაზე, რომლის საფუძველზეც მდიდარი ადამიანი სამუდამოდ და გარანტირებულად ვეღარ შეძლებს და არც სურვილი გაუჩნდება, ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა დაიკავოს."
ნოდარ პაპუკაშვილი