რატომ ფიქრობს, რომ ივანიშვილმა ფიროსმანის ტილო საკუთარი თავისგან იყიდა და რისთვის შეხვდა სააკაშვილს კულტურის ექსმინისტრი?! - კვირის პალიტრა

რატომ ფიქრობს, რომ ივანიშვილმა ფიროსმანის ტილო საკუთარი თავისგან იყიდა და რისთვის შეხვდა სააკაშვილს კულტურის ექსმინისტრი?!

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისეთი გაკვეთილი მიიღო, რომ ახლა შეეცდება დარჩენილი გუნდის წევრები აღარ გაანაწყენოს. ზოგადად, ეს პროცესი ბევრს დააფიქრებს."

"მგონი, მთლად ჩვეულიPublicity Stunt, ანუ "ფინტი" ჩაატარა ჭორვილელმა კოლექციონერ-ინვესტორმა – თვითონვე ყიდდა, და თვითონვე "იყიდა." ანუ ერთი ცენტის დაუხარჯავად მოიპოვა სახელი როგორც ფიროსმანის "საქართველოში დამბრუნებელმა", რაც თავისთავად მაინცადამაინც კარგი არაა და აი რატომ: იმისთვის, რომ ფიროსმანი მსოფლიომ კარგად გაიცნოს, საჭიროა რომ ძალიან ცნობილ მუზეუმებს ჰქონდეთ მისი ტილოები. ანუ, იმაზე იყო სამუშაო, რომ რომელიმე დიდ მუზეუმს ეყიდა ეს ნახატი და ამით ფიროსმანის ცნობადობა და ფასი აწეულიყო. ეს კი სასწრაფოდ უკან დააბრუნეს, ვითომც ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც ასე სულაც არაა. მაგრამ, რახან ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილიმა გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს და დასაჯერებელი იქნება მისი ეს "ყიდვა" – თუ მართლა ასეთ Santa Claus-ია, მაშინ გადასცემს მუზეუმს და საკითხიც ამოიწურება. თუ ასე არ ქნა – მაშინ ის საკუთარ ამპლუაშია. ანუ, აფერისტობს. როგორც ერთხელ ერთ გადაცემაში აღნიშნა (რომელშიც თქვა რომ "დასვა მთელი მოსკოვი კონტემპორარზე") ასე გაკეთებული აქვს რამდენჯერმე რომ ფასი აეწია საკუთარ მფლობელობაში მყოფ ნახატებზე თვითონვე გაყიდვა-ყიდვით", - ასე გამოეხმაურა კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ბიძინა ივანიშვილის მიერ "კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატის შეძენის ფაქტს, რითაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერების უკმაყოფილო რეაქციები დაიმსახურა.

ბუნებრივია დავინტერესდით, რატომ ფიქრობს ასე, თუმცა ამ საკითხზე მეტად ლაპარაკი არ ისურვა, ისევე, როგორც სააკაშვილის უკრაინულ კარიერაზე, თუმცა აღიარა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ექსპრეზიდენტს შეხვდა. ვესაუბრებით კულტურის ექსმინისტრსა და საზოგადოება "ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელ ნიკა რურუას.

- ბატონო ნიკა, "ნაციონალური მოძრაობიდან" ცნობილი "ოთხეულის" წასვლა თქვენს სახელს დაუკავშირდა, რა კავშირი გაქვთ ამ პროცესთან?

- არანაიარი. წარმოდგენა არ მაქვს, "ნაციონალური მოძრაობიდან" "ოთხეულის" წასვლა ჩემ სახელს რატომ დაუკავშირდა. ამ საკითხზე დიალოგი არცერთ მათგანთან არ მქონია, მეტიც, ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ზოგადად კი, ეს ნორმალური პროცესია - თავისუფალ ქვეყანაში ყველა ადამიანს უფლება აქვს მისთვის არასასურველი გარემო შეიცვალოს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენი თანაგუნდელი მამუკა კუდავა უკრაინაში კუბლაშვილს შეხვდა და "ნაციონალური მოძრაობიდან" ლიდერების წასვლის გეგმაც თქვენი ინიციატივით, სწორედ იქ შეთანხმდა...

- ეს გამოგონილი ინფორმაციაა. დამიჯერეთ, პავლე კუბლაშვილთან თუ ნებისმიერ სხვა ადამიანთან სასაუბროდ შეხვედრა თბილისში ბევრად მარტივია. პოლიტიკური ინსპირაციების მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, თუ ვინმემ პარტიის შეცვლა გადაწყვიტა, ამის უკან შეთქმულების თეორიები არ უნდა ვეძებოთ.

- და "ოთხეულთან" თანამშრომლობას არ აპირებთ?

- არ ვიცი... "ივერიის" კარები ყველა კონსტრუქციული ადამიანისთვის ღიაა, თუმცა მოსაწვევები ამ ეტაპზე, არავისთვის გაგვიგზავნია.

- გოგა ხაჩიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტში ფრაქციას აუცილებლად შექმნიან, რისთვისაც კიდევ ორი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. კიდევ რომელი ნაციონალი აპირებს პარტიის დატოვებას, თქვენთვის ცნობილი არ არის?

- ჩემი აზრით, ჯერჯერობით, პარტიიდან არავინ წავა, რადგან დარწმუნებული ვარ, "ოთხეულის" გადაწყვეტილება პარტიაში გარკვეულ შიდა დებატებს გამოიწვევდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისეთი გაკვეთილი მიიღო, რომ ახლა შეეცდება დარჩენილი გუნდის წევრები აღარ გაანაწყენოს. ზოგადად, ეს პროცესი ბევრს დააფიქრებს. ისე, ვერ ვიტყვი, რომ მათ შორის, შავმა კატამ საბოლოოდ გაირბინა. პოლიტიკაში თუ ფუნდამენტურ ღირებულებებს არ ეხება საქმე, არა მგონია, ერთმანეთთან მისასვლელი პირი ვინმეს არ ქონდეს. დრო გავა, ვნებები ჩაცხრება და ყველა პროევროპელი, პროდემოკრატი ძალა თემატურად მაინც ერთმანეთთან ითანამშრომლებს.

- ანუ ეს შეთანხმებული თამაშის ნაწილია?

- არა მგონია. ამ ვერსიას არსებობის საფუძველი არ აქვს.

- კონკრეტული პარტიებთან კონსულტაციები ჯერ არ დაგიწყიათ, არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და სავარაუდოდ, სამომავლო ტაქტიკა უკვე შემუშავებული უნდა გქონდეთ.

- ამ ეტაპზე, რეფორმაზე ვმუშაობთ, როგორც კი ამ პროცესს დავასრულებთ, საზოგადოებას გავაცნობთ. საერთოდ, დემოკრატია დარწმუნების ხელოვნებაა, სადაც ადამიანები ერთამენთს კი არ აშინებენ, არგუმენტებს ცვლიან და სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობენ. დღეს ქვეყანა რეალურად სტანგაციაშია და თითოეული ჩვენგანისგან მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკება არ დაგვიწყია, მაგრამ არა მგონია საზოგადოებამ ჩვენგან რამე მოულოდნელი სიახლე შეიტყოს.

ჩათვალეთ, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალები ბუნებრივი მოკავშირეები ვართ. ამისთვის კონსულტაციებიც კი არ არის საჭირო.

- ისე, ახლა უფრო რეალური გახდა პროგნოზები თქვენი, ირაკლი ალასანიასა და დავით ბაქრაძის პოლიტიკური ალიანსის შესახებ...

- ამ ეტაპზე, მსგავსი არაფერი დაწყებულა. რეალურად თუ პროცესები ამ სცენარით განვითარდება, ამაში დასამალი არაფერია. უბრალოდ, წინასწარ რატომ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, როცა ჯერ არაფერი მომხდარა?

- ცოტა ხნის წინ უკრაინაში თქვენც იმყოფებოდით, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური კონსულტაციები არ გაგივლიათ?

- მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ნამდვილად შევხვდი. გია ყანჩელის იუბილეზე ერთად ვიყავით და ბუნებრივია, საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრეთ. ამაშიც დასამალი არაფერია. გამიხარდა მისი ნახვა, რადგან საქართველოს თანამედროვე სახელმწიფობრიობის შექმნისთვის ერთად საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ. კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე კი, არ შევთანხმებულვართ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)