მტკვრის მიერ გამორიყული მკლავი და პოლიციელების მოკლული ქალის ისტორია
"მივაკვლიეთ ქალბატონის თავს, რომელიც უნგიაძეს თავისი საცხოვრებელი ბინის ნესტიან სარდაფში ჩაემარხა. უნგიაძე შეცდა, როდესაც მერაბიშვილს გაუმხილა, თავი ისეთ ადგილას მაქვს დამალული, ჩემს გარეშე ვერ იპოვიანო. დამნაშავე ყოველთვის უშვებს შეცდომას. დღემდე არავინ იცის, სად არის სხეულის დანარჩენი ნაწილები."
2007 წლის თებერვალში, მტკვარმა რესტორან "წისქვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის მოკვეთილი მკლავი გამორიყა. შემთხვევის ადგილზე გასვლისას კრიმინალისტებს უჩვეულო სურათი დახვდათ - ნაპოვნ მკლავს ლავიწის ძვალი მოჰყვებოდა, თითის ფალანგები კი დაჭრილი ჰქონდა. გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა პროფესიონალის (სავარაუდოდ, პოლიციელის) ჩადენილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ამ ხერხს იმიტომ მიმართა, რომ სამართალდამცველებისთვის კვალი აერია და გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები ვერ დაედგინათ. "მკლავის პატრონის ვინაობა რომ არ დაგვედგინა, ეს საქმე არც გაიხსნებოდა. თუმცა ჩვენთვის საკმაოდ ძნელი იყო, როცა დადასტურდა, რომ სასტიკი დანაშაულის ჩამდენები მოქმედი და ყოფილი პოლიციელები იყვნენ", - შემზარავი დანაშაულის პერიპეტიებს თბილისის პროკურორის იმჟამინდელი მოადგილე მიხეილ აბულაძე იხსენებს, რომელიც ამ საქმის გამომძიებელი გახლდათ:
- შეტყობინების შემოსვლის შემდეგ, ადგილზე მე და აწ გარდაცვლილი ჩემი მეგობარი ალექსანდრე მგელაძე გავედით, რომელიც იმხანად ქალაქის კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო. აღმოჩენილი მკლავი ისე იყო დაჩეხილ-დასახიჩრებული, ძაღლის დაგლეჯილი გვეგონა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ხელს თითის ფალანგები ჰქონდა დაჭრილი. დავიწყეთ გამოძიება და ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს იყო არა მექანიკურად დაზიანებული, არამედ განზრახ მოკვეთილი ფალანგები და ვფიქრობდით, ხომ არ იყო პოლიციელის ნახელავი. დაახლოებით 2 კვირაში, ოპერატიულმა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ გვამი, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა 30 წლის ბათუმელ ნათია ჯიჯავაძეს. ქალბატონი, თავდაპირველად, დაკარგულთა ბაზაში შეამოწმეს, სადაც ის არ ირიცხებოდა. დავიწყეთ იმის მოძიება, ვინ იყო ეს ქალბატონი და ოჯახისგან გავარკვიეთ, რომ იგი უცხოეთში იყო წასული. შეიქმნა ქალაქის სამმართველოს, პროკურატურისა და შს სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საგამოძიებო ოპერატიული, საკმაოდ ძლიერი და დიდი ჯგუფი, რომელმაც აღნიშნული საკითხის ირგვლივ დაიწყო ინტენსიური მუშაობა. გაირკვა, რომ ქალბატონი გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა თურქეთში, იქ გაიცნო ვინმე დიმიტრი მერაბიშვილი -ყოფილი პოლიციელი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და რომელთანაც 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა.
ნათიას მერაბიშვილისთვის გაუმხელია, რომ ბებია-ბაბუისგან მემკვიდრეობით და განკარგვის უფლებით ბინა ერგო ბათუმში და შესთავაზა, გავყიდოთ, დავოჯახდეთ და ამ ფულით უცხოეთში წავიდეთ საცხოვრებლადო. მამაკაცი დათანხმდა მის წინადადებას და ისინი ბათუმში ჩამოვიდნენ. საქმეზე 2 თვე ვმუშაობდით და რასაც გიყვებით, ყველაფერი დოკუმენტალურად არის დადასტურებული -მოპოვებულია მტკიცებულებები იმ დღიდან, რაც მათ თურქეთიდან საზღვარი გადმოკვეთეს. წყვილმა ბათუმის ბინა მაკლერის მეშვეობით 29 000 დოლარად გაყიდეს, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდნენ. მერაბიშვილს, ბავშვობის მეგობარმა გიორგი უნგიაძემ, რომელიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო (ვაკე-საბურთალოს რაიონის განყოფილებაში მუშაობდა). უბინაო წყვილს გლდანულაში მისი ნათესავის სახლი შესთავაზა. ეს საქმე საკმაოდ კონფიდენციალური იყო სწორედ ამ ფიგურანტის გამოკვეთის გამო.
დიმიტრი მერაბიშვილის კვალზე მას შემდეგ გავედით, რაც ნათია ჯიჯავაძის ვინაობა დადგინდა, მერაბიშვილი საქმეში გამოიკვეთა, როგორც ნათიას საქმრო. როდესაც მოვიძიეთ, აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება იმხანად ახალი დაკავებული იყო და ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. მის დასაკითხად მე და ალექსანდრე მგელაძე შევედით (საქმის გამოძიებას მე - პროკურატურის ხაზით, ის კი პოლიციის ხაზით ხელმძღვანელობდა), ვკითხეთ, იცოდა თუ არა უგზო-უკვლოდ დაკარგული ნათიას ადგილსამყოფელი. პარალელურ რეჟიმში, ჩატარდა დნმ-ს ექსპერტიზა -ჯიჯავაძის დედას გავუმხილეთ ეს ამბავი, შედარდა დნმ-ები და მათი დედაშვილობა დადასტურდა. გარკვეული შეღავათების საფუძველზე (საპროცესო შეთანხმებით), მერაბიშვილი წამოვიდა თანამაშრომლობაზე, აღიარა დანაშაული და თქვა, რომ ნათია ქვეყნიდან არ გასულა, მოკლულია და მკვლელობაში ბავშვობის მეგობარი გიორგი უნგიაძე დამეხმარაო.
მერაბიშვილი და უნგიაძე ბავშვობის მეგობრები ყოფილან, გლდანში, ერთ კორპუსში გაიზარდნენ, ცოლს გაშორებულმა მერაბიშვილმა უნგიაძეს გაუმხილა, რომ ჰყავდა შეყვარებული და მასთან ერთად აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას. ისიც უთქვამს, რომ ბინის ფული ჰქონდათ. უნგიაძემ მირჩია, თუ არ გიყვარს, მოდი, თავიდან მოვიშოროთ და ფული ჩვენ დაგვრჩებაო. როგორც მერაბიშვილმა გვიამბო, მას ნათიას მიმართ რაღაც გრძნობა გააჩნდა და თვითონ ვერ შეძლო მისი მოკვლა. უნგიაძემ მისი ნათესავის ბინის აბაზანაში (სადაც წყვილი ცხოვრობდა) ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი გვამი ორივემ დაანაწევრა. სამხარაულის ბიუროდან მისულმა ექსპერტმა აბაზანაში კედელზე დარჩენილი სისხლის ლაქები აღმოაჩინა და დადასტურდა, რომ მართლაც იქ იყო მკვლელობა ჩადენილი. ამის შემდეგ, უნგიაძემ ქალის სხეულის ნაწილები (თავის გარდა) წაიღო და ქალაქგარეთ, სხვადასხვა ადგილას გადაყარა. მერაბიშვილმა მხოლოდ თავის ადგილსამყოფელი იცოდა და ეს გაგვიმხილა კიდეც: უნგიაძემ ჩემთან პირად საუბარში თქვა, თავი ჩემი ბინის სადარბაზოს სარდაფში მაქვს დამარხული და სანამ თავს არ იპოვიან, საქმეს ვერ გახსნიანო. სხეულის დანარჩენი ნაწილების არსებობის შესახებ მერაბიშვილმა არაფერი იცოდა. მართლაც მივაკვლიეთ ქალბატონის თავს, რომელიც უნგიაძეს თავისი საცხოვრებელი ბინის ნესტიან სარდაფში ჩაემარხა. უნგიაძე შეცდა, როდესაც მერაბიშვილს გაუმხილა, თავი ისეთ ადგილას მაქვს დამალული, ჩემს გარეშე ვერ იპოვიანო. დამნაშავე ყოველთვის უშვებს შეცდომას. დღემდე არავინ იცის, სად არის სხეულის დანარჩენი ნაწილები.
- ამის შემდეგ უნგიაძე დააკავეთ?
-უნგიაძე ძიებიდან სამ თვეში დავაკავეთ, ცოტა მოგვიანებით, ვინაიდან სანამ მყარი მტკიცებულებები არ გვექნებოდა, ხელს ვერ დავადებდით, მით უმეტეს, მოქმედ პოლიციელს. მან იცოდა, რომ ამ საქმეზე ძიება მიდიოდა, რომელსაც საკმაოდ ეფექტური ჯგუფი აწარმოებდა და ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიხსნებოდა. დაახლოებით თვეზე მეტხანს ვმუშაობდით და საამაყოდ გვაქვს, რომ ამასობაში ჯგუფიდან ინფორმაციას არ გაუჟონავს, არადა, როცა მოქმედ პოლიციელზე მუშაობ, ძალზე ძნელია კონფიდენციალობის დაცვა. იმის გამო, უნგიაძეს ეჭვი არ გასჩენოდა მის კვალზე რომ ვიდექით და ქვეყანა არ დაეტოვებინა, ის დავაწინაურეთ - ავტოტრანსპორტის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსად დავნიშნეთ. ამასობაში, მერაბიშვილი, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, ძალიან მძიმედ შეიქნა. ძიებიდან სამი თვის თავზე, უნგიაძე ქალაქის სამმართველოში დავაკავეთ, რასაც არ ელოდა. დაკავებისას გვითხრა, მხოლოდ იმაში ვარ დამნაშავე, ვიცოდი ამ საქმის შესახებ და აქამდე არ ვთქვი, დავფარეო. იკითხავთ ალბათ, თუ დამნაშავე იყო, რატომ არ წავიდა პოლიციიდანო. იცოდა, მისი წასვლა უფრო გამოიწვევდა ეჭვს, ამიტომაც დათანხმდა ჩვენს წინადადებას. უნგიაძის დაწინაურება ჩვენი გეგმის ნაწილი იყო.
სიკვდილის პირას მყოფმა მერაბიშვილმა აპელაციაში გადათქვა პირველი ჩვენება და თქვა, უნგიაძეს არ მიუღია მონაწილეობა, მკვლელობა მარტომ ჩავიდინეო. ჩვენთვისაც ძნელი იყო ჩვენს რიგებში მომუშავე პოლიციელის დადანაშაულება, მაგრამ ამ საქმეში იმდენად მყარი იყო მტკიცებულებები, რომ მერაბიშვილი ვერ ხსნიდა, რატომ უარყო ისინი. დიდხანს ვამოწმებდით მის ჩვენებას და ვინაიდან თავიდანვე გამოიკვეთა თანამონაწილის არსებობა (ყველა ქმედებას აქვს თავისი კვალი და ყველაფერი გადავამოწმეთ), დადასტურდა და აშკარა იყო, რომ ეს დანაშაული მას მარტო არ ჩაუდენია. მხოლოდ მერაბიშვილის ჩვენება კი არა, რიგი მტკიცებულებები ადასტურებდა იმას, რომ ეს იყო ერთობლივი ქმედება. როცა საქმის ძიების შესახებ შეიტყო, პირველი, რაც უნგიაძემ გააკეთა ის იყო, რომ მერაბიშვილს (მაშინ ჯერ არ იყო დაკავებული) მიაკითხა და ურჩია, ქვეყანას გარიდებოდნენ. თავის დროზე ნათია ჯიჯავაძის მთელი თანხა უნგიაძემ წაიღო, მერაბიშვილს ფული არ ჰქონდა და უთქვამს მისთვის, ფული მომეცი და წავალო. წართმეული ფულით მეგობრებმა ავტომანქანა იყიდეს, თუ არ ვცდები, ვერცხლიფერი "ფოლკსვაგენი". უნგიაძე მერაბიშვილს მანქანასაც არ აძლევდა. ისიც დადასტურდა, რომ უნგიაძემ ციხეში ჩვენამდე მიაკითხა მერაბიშვილს და უთქვამს მისთვის, მკლავი იპოვესო. დადასტურებულია ისიც, რომ ჩვენ სანამ მერაბიშვილს დავკითხავდით, უნგიაძე შემთხვევის ადგილას მისულა, მტკვრის სანაპიროზე. სასამართლომ უნგიაძე 109-ე მუხლით გაასამართლა და მას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლიციელ გიორგი უნგიაძეს დანაშაული არ უღიარებია, ის დღემდე აპროტესტებს განაჩენს და აცხადებს, რომ სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის იხდის.
ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)