ვინ დაურეკა ბლატერს?! - კვირის პალიტრა

ვინ დაურეკა ბლატერს?!

"ჩემს ადგილას, ყველა ასე მოიქცეოდა, რადგან პირადად დამირეკა ქვეყნის პრეზიდენტმა და მთხოვა... ქვეყანაში მშვიდობა რომ შევინარჩუნოთ, ძალიან გთხოვ, ხელახალი ყრილობა გამოაცხადეო... "ლამაზად" მითხრა, მაგრამ "გადადექის" არ ნიშნავდა? სხვა ფაქტორებიც იყო, დეტალებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მივიღე და ვუპასუხე - არ არის პრობლემა, ფეხბურთის გამო ქვეყანაში დაპირისპირებას ხომ არ დავიწყებთ-მეთქი?!" - ასე გაიხსენა საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის 2007 წლის 13 მაისის სკანდალურ არჩევნები, როდესაც ამ პოსტზე სულ რაღაც ერთი საათი დაჰყო, მერე კი "ლამაზად", მაგრამ მაინც აიძულეს პოსტი დაეტოვებინა... მაშინ უამრავი ვერსია ვრცელდებოდა თუ ვინ დაურეკა ნემსაძეს და მოსთხოვა გადადგომა, ახლა მისგან უკვე ზუსტად ვიცით, რომ ეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.

ახლა რამ გამახსენა ეს ამბავი, მოკლედ, გუშინ, დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, რომელიც ახლახან ხელახალა აირჩიეს ამ თანამდებობაზე, გადადგა. ბლატერი ფიფა-ს პრეზიდენტი მეხუთედ გასული კვირის პარასკევს გახდა.

ამ არჩევენებს კი წინ უსწრებდა დიდი სკანდალი ფიფა-ში, იმდენად დიდი, რომ ბალტერს პირდაპირ სთხოვდნენ პერზიდენტობის კანდიდატობაზე უარი ეთქვა და შინ წასულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად...

27 მაისს შვეიცარიის პოლიციამ ფიფა-ს ჩინოსნები დაკავა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები: ვიცე პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო. ამას გარდა, დააკავეს კოსტა-რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი.

აშშ-ს საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გარდა ამისა, საქმე ასევე შეეხება მსოფლიოს 2018 (რუსეთი) და 2022 (ყატარი) წლების ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხზე მიღებლ გადაწყვეტილებებსაც.

თუმცა როგორც უკვე ვთქვით, ეს არ გახდა მიზეზი იმისა, რომ ორ დღეში ჩასატარებელ არჩევნებში ბლატერს მონაწილოება არ მოეღო. გადადგომა მეხუთე ვადით არჩეულმა ბლატერმა, მხოლოდ არჩევნებიდან მე-5 დღეს გადაწყვიტა.

თავის განცხადებაში შვეიცარიელი საგანგებო კონგრესის მოწვევის წინადადებით გამოვიდა, რომელზეც ფიფას ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. კონგრესი 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტის პერიოდში უნდა გაიმართოს, მანამდე კი ბლატერი გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

ამბობენ, ფიფა-ს პრეზდენტობის ყველაზე დიდი შანსი უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის აქვსო, მაგრამ ეს იქით იყოს... ამჟამად საინტერესო უფრო ისაა, თუ დამტკიცდა, რომ რუსეთში და ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილებები კანონის დარღვევით იყო მიღებული, გაუქმდება თუ არა ეს გადაწყვეტილებები, გადადგამს კი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ ამ ნაბიჯს?!

თუმცა ამ ყველაფერში დიდად საინტერესო და მცირედ სახუმარო კიდევ ერთი კითხვაა: ვინ დაურეკა ბლატერს?!

არა მგონია, ისევ ჩვენი ექსმაღალი ყოფილიყო, სად სცალია ამისთვის, ოდესის გუბერნატორობას სულ ახალახან შეუდგა...

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: გიორგი ნემსაძე: სააკაშვილმა პირადად დამირეკა და მთხოვა, გადადექიო...