"კლინიკური ნიშნებით კარალეთისა და 139-ე სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტები ერთმანეთს წააგავს" - კვირის პალიტრა

"კლინიკური ნიშნებით კარალეთისა და 139-ე სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტები ერთმანეთს წააგავს"

საბედნიეროდ, ორივე შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა, ზედიზედ ორ თვეში სკოლებში მომხდარი ანალოგიური ფაქტების არსებობა ბევრ შეკითხვას აჩენს. ორივე შემთხვევაში ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომები და ჩივილები ჰქონდათ. თბილისისა და კარალეთის სკოლის მოსწავლეები თავბრუსხვევას, უჰაერობას, ღებინებასა და მუცლის არეში ტკივილს უჩიოდნენ. თუმცა, სისხლის და სხვა ანალიზებში ბავშვებს ყველაფერი ნორმის ფარგლებში აღმოაჩნდათ.

"შენობაში რაიმე ნივთიერებით ინტოქსიკაციას გამოვრიცხავ, ასეთ შემთხვევაში უკლებლივ ყველა სკოლაში მყოფი მოიწამლებოდა"

ამჯერად, მოსწავლეების მოწამვლის ფაქტი თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, რის გამოც დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ჩაიშლა. 10-მდე უმცროსკლასელი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა. თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ ბავშვები საკვებით ან წყლით მოიწამლნენ. თუმცა, ჩატარებულმა ლაბორატორიულამ კვლევებმა ეს არ დაადასტურა. ბავშვები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხოლო სკოლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

წელს სკოლის მოსწავლეების მოწამვლის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ კარალეთის პირველ საჯარო სკოლაში მე-7 და მე-8 კლასელ გოგონებს მოულოდნელად გული წაუვიდათ. ათივე მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთით, ბავშვები საკვებით ან წყლით მოიწამლნენ. თუმცა, ეს ვერსია ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი წამალი მიიღეს. თუმცა, მედიკოსებმა ეს ვერსია კატეგორიულად გამორიცხეს, არგუმენტად კი გამოკვლევების პასუხი მოჰყავთ.

საბედნიეროდ, ორივე შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა, ზედიზედ ორ თვეში სკოლებში მომხდარი მოწამვლის ფაქტები ბევრ შეკითხვას აჩენს. ორივე შემთხვევაში ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომები და ჩივილები ჰქონდათ. თბილისისა და კარალეთის სკოლის მოსწავლეები თავბრუსხვევას, უჰაერობას, ღებინებასა და მუცლის არეში ტკივილს უჩიოდნენ. თუმცა, სისხლის და სხვა ანალიზებში ბავშვებს ყველაფერი ნორმის ფარგლებში აღმოაჩნდათ.

139-ე სკოლაში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ შენობაში მყოფთა ევაკუაცია განხორციელდა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა შენობაში მომწამვლელი ნივთიერება იყო, სპეციალისტებმა შეამოწმეს ქიმიის კაბინეტი, თუმცა რაიმე საეჭვო ნივთიერება სკოლის შენობაში ვერ ნახეს.

ოთარ რუსაძე, ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ტოქსიკოლოგის მთავარი სპეციალისტი, იაშვილის სახელობის კლინიკის ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- 139-ე სკოლიდან ჩვენს კლინიკაში სულ 7 მოსწავლე შემოიყვანეს. ძირითადად ათი წლის ბავშვები იყვნენ. შვიდივეს ერთი და იგივე ჩივილები ჰქონდა - მუცლის ტკივილი, უჰაერობა, ღებინების შეგრძნება. მე-5 კლასელებს სკოლის მე-4 სართულზე  გაკვეთილი უტარდებოდათ, რა დროსაც ერთ-ერთმა ბავშვმა მასწავლებელს შესჩივლა, ჰაერი არ მყოფნისო. ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა, კლასში პანიკა ატყდა. ბავშვებს გამოკვლევები ჩავუტარეთ და ყველაფერი წესრიგში აქვთ. მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა შაქრის დაბალი კონცენტრაცია სისხლში. ბაშვები უკვე გავწერეთ. ინტოქსიკაციის ნიშნები არ ყოფილა. გამოვრიცხავ სკოლაში რაიმე მომწამვლელი ნივთიერების არსებობას, ასეთ შემთხვევაში მასიურ მოწამვლასთან გვექნებოდა საქმე. ხშირად ბიჭები მაიმუნობენ და გაკვეთილის ჩაშლის მიზნით, ოთახში პლასტმასს ან წიწაკას წვავენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. არც სუნი დამდგარა და სასუნთქი გზების წვაც არ ჰქოდნათ.

- კარალეთის სკოლის მაგალითს გაგახსენებთ, სადაც თითქმის ანალოგიური ჩივილები ჰქოდნათ ბავშვებს..ამ შემთხვევაში ინტოქსიკაცია არ დადასტურდა. უცნაურად არ გეჩვენებათ ასეთი დამთხვევები?

- დიახ, ამასთან დაკავშირებით გორში ჩასულიც გახლდით, პაციენტები ვნახე, შემდეგ კლასშიც ვიყავი, იქუარობა დავათვალიერე და დავაზუსტე სად, რომელი ბავშვი იჯდა. დიახ, ეს ორივე შემთხვევა ანალოგიურია. თუმცა, უცნაური არაფერია. სხვათა შორის, შარშან ზუსტად ასეთი შემთხვევა მოხდა ქობულეთში, როცა 46 ბავშვი მოიწამლა. კარალეთის სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ არანაირი ნივითიერებით გამოწვეული ინტოქსიკაცია არ იყო. ამიტომ, დასკვნაში დავწერე, რომ უცნობი აირის ინტოქსიკაცია იყო. ასევე, გამოვრიცხავ რაიმე აბების მიღებასაც. კარალეთში სკოლაში მოწამლული მოსწავლეებიდან ყველა გოგონა იყო. ამან დამაეჭვა და დავინტერესდი იმ დღეს გამოცდა ხომ არ ჰქონდათ. ასეთ დროს ემოციური ფონი საკამოდ მაღალია...

- თქვენი ვარაუდით, თბილისის სკოლის შემთხვევაში რას ჰქონდა ადგილი? ვინაიდან, კვებით და წყლით მოწამვლა არ დადასტურდა?

- იცით, ეს დღეებია სულ წვიმს, შემდეგ ცხება, ამ დროს წყალი ორთქლდება და მაღალი ტენიანობა სუნთქვის გაძნელებას იწვევს. 139-ე სკოლის შემთხვევაში ჩემი ვარაუდით უჟანგბადობის მომენტი იყო. კლასში 30 მოსწავლე იჯდა, ოთახში უჟანგბადობა იყო, მოგვიანებით ფანჯარა კი გააღეს, მაგრამ ამასობაში პანიკა ატყდა და...

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)