"ღვინიაშვილი და ნადირაშვილი - სააკაშვილის სახლის მცველები" - რატომ აპირებს ბიზნესმენი ექსპრეზიდენტის სახლში შეჭრას
"2010 წელს ჩემი ფირმა შპს "ენკა ჰაუსი" (რომელიც ჭურჭლის იმპორ-ექსპორტს ეწეოდა) მთლიანად გადაიფორმა დავით კირკიტაძის ძმამ, ირაკლი კირკიტაძემ. 2011 წელს ირაკლი კირკიტაძემ ეს ფირმა დაგვიბრუნა უკან და ზუსტად სამ თვეში უკვე ნაღდი ფულის სახით წაიღო გარკვეული თანხა. ასე ვთქვათ, ჯერ კომპანია წამართვეს და მერე ისევ მე მაყიდინეს."
გუშინ ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან დიდი ხმაური იყო, სადაც ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი და მისი ოჯახი, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლის დაკავებას გეგმავს. შოშიაშვილი ამ ქმედებით "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების იგნორირების გაპროტესტებას აპირებს. ჩვენ დავუკავშირდით ბიზმესმენ ვალერი შოშიაშვილს და ინტერვიუ ჩავწერეთ:
- მიშა სააკაშვილს უნდოდა საკუთარი ჯიბისთვის და ოჯახისათვის ფული, ამიტომ იძულებითი წესით მაყიდინეს გრემის კულტურის სახლის შენობა, რომელიც იყო ქვების გროვა, ექვემდებარებოდა სასწრაფო დემონტაჟს და გამორიცხულია მისი რამეში გამოყენება. მისი ფასი იყო კაპიკები და გადამახდევინეს 700 000 ლარი. ეს ნანგრევები არის სააკაშვილის სახლიდან ორასიოდე მეტრში. ვინაიდან მე ჩემი ფული ვერ დავიბრუნე, ამიტომ სააკაშვილს ამ სახლს ვუცვლი, იმ ფულში. სწორედ ამიტომ მივედი მის რეზიდენციაში, მაგრამ სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" "ზონდერბრიგადა" დამხვდა და არ შემიშვეს შიგნით. ამ სახლს არ მოვეშვები, ვიდრე ხელისუფლებისაგან არ მექნება კონკრეტული პასუხი, თუ რა ვადაში გამოიძიებენ ჩემს საქმეს. ჯერჯერობით ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია ამ საქმისადმი, თუ ეს ისევ ასე გაგრძელდა (ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები აუცილებლად დაინტერესდებიან ამ ფაქტით), ძალით დავიკავებ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სახლს. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, დღესვე თუ არ შემხვდება პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი ან ამერიკის ელჩი, პარასკევს დავბრუნდები ექსპრეზიდენტის სახლთან იმ 250 კაცთან ერთად, რომლებიც ჩემს კომპანიაში მუშაობდნენ და ვინც ულუკმაპუროდ დატოვეს და აუცილებლად დავიკავებ ამ სახლს. გუშინ ზონდერებთან ერთად მოსული იყვნენ პარტიის ლიდერები: გიორგი ღვინიაშვილი და ირმა ნადირაშვილი - სააკაშვილის სახლის მცველები, მოვითხოვე მათთან შეხვედრა, შევთვაზე რომ 200 მეტრში არსებული, მათ მიერ ძალით შემოტენილი ქვების გროვა ენახათ, მაგრამ ისინი სახლის უკან კარიდან გაიპარნენ.
- ვინ დაგავალათ ამ კულტურის სახლის ყიდვა?
- შემხვდა პროკურატურის გამომძიებელი ბექა ბასიალია, რომელიც ახლა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ადვოკატია, რომელმაც მითხრა, რომ ეს ნანგრევები უნდა მეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, მაჩვენეს ჩემი შვილების და ოჯახის სხვა წევრების ვიდეოკადრები, რითაც ხაზი გაუსვეს, არა მხოლოდ მე, ჩემს ახლობლებსაც უთვალთვალებდნენ... ბუნებრივია, ასეთი მუქარის მერე იძულებული გავხდი ის თნახა რასაც მეუბნებოდნენ, გადამეხადა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ საქმის გამოძიების და სამართლის პოვნის იმედიც კი არ მქონია და ამდენ ხანს იმიტომაც ვიყავი გაჩერებული.
მანამდე, ვიდრე ამ ქვების გროვას მაყიდინებდნენ, დაახლოებით მილიონი წამგლიჯეს ნაღდი ფულის სახით ( ეს დოკუმენტები წარდგენელი მაქვს პროკურატურაში), მერე მაყიდინეს ის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, ამის მერე 300 000 ლარი ნაღდი ფულის სახით კიდევ წამართვეს. მთლიანობაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაახლოებით 2 000 000 ლარის ზარალი მომაყენა. აქამდე იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლება რაიმეს მოიმოქმედებდა ად ამ ყაჩაღების მიერ წართმეულის ანწილს მაინც დავიბრუნებდი, მაგრამ ყველაფერი ძველებურად რჩება...
აქვე გეტყვით, რომ 2010 წელს ჩემი ფირმა შპს "ენკა ჰაუსი" (რომელიც ჭურჭლის იმპორ-ექსპორტს ეწეოდა) მთლიანად გადაიფორმა დავით კირკიტაძის ძმამ, ირაკლი კირკიტაძემ. 2011 წელს ირაკლი კირკიტაძემ ეს ფირმა დაგვიბრუნა უკან და ზუსტად სამ თვეში უკვე ნაღდი ფულის სახით წაიღო გარკვეული თანხა. ასე ვთქვათ, ჯერ კომპანია წამართვეს და მერე ისევ მე მაყიდინეს.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)