რატომ დუმდა კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი და რა თქვა ბოლოს ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ?!
უკრაინის მედიაში გავრცელდა ,,ოდესელი ებრაელების წერილი პოროშენკოსადმი", რომლის ავტორია ენაკვიმატობით ცნობილი უკრაინის რადის დეპუტატი ვასილი ვოლგინი:
,,Петр Алексеевич, и шо Вы делаете? Вы не понимаете, шо сегодня о Вас будут говорить на Привозе?
Зохен вэй! Шо делается под небесами? Это давно такое бывает, шобы грузин евреями командовал?!
Вы там шо, в своем Киеве, совсем почву под ногами потеряли? Или может Вы, как главный украинский еврей, чем обижен на нас?
Так за шо? Петя, и шо мы тебе сделали? В умах ли ты? Возьми себе это чудо, нам не надо. Шо мы с этой "читой-маргаритой" делать будем? Он же совсем больной и за ним Губ ЧК бегает. Его не сегодня-завтра грузины к стенке поставлят и шо тада?
Петя, какой раввин тебя обрезал? Побойся Бога.
Оставь народ свой в спокойствии и не мучай нас грузинами. Живи себе спокойно и нам проблемы не делай."
მკითხველს შევახსენებ, რომ პოროშენკოს მშობლები ებრაელები იყვნენ და მამამისი გვარად ვალცმანი იყო. სწორედ ამიტომ უწოდებენ პრეზიდენტ პოროშენკოს მთავარ ებრაელს უკრაინაში.
როგორ მოხდა, რომ ,,совсем больной" და საქართველოს სამართალდამცველების მიერ ძებნილი ,,ჩიტი-მარგალიტი" დაინიშნა ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ? რა მოჰყვება ამას? რა ბედი ელის მის მიერ აშკარად მიტოვებულ ნაცებს საქართველოში?
ადამიანები, რომლებიც პირადად კარგად იცნობენ სააკაშვილს, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დანიშნვნის ცერემონიის დროს და ,,იმედისათვის" ინტერვიუს მიცემისას სააკაშვილი აშკარად დათრგუნული იყო. ვიცნობ რა ახლოს სააკაშვილს და მის ფსიქიკას, დარწმუნებული ვარ, რომ პსიქოპათ-ლაჩარ სააკაშვილს აქვს ციხეში მოხვედრის აკვიატებული შიში. გაიხსენეთ, როგორ ლაპარაკობდა ინტერვიუში, რომ საქართველოში ,,მატროსოვის 6 კვმ-იან საკანში" მოუწევს ჯდომა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პერსპექტივა კოშმარულ სიზმრად იქცა მისთვის. ცხადია სააკაშვილი დღე და ღამე არწმუნებს თავის თავს, რომ ეს არასოდეს მოხდება, რომ პირიქით, გმირად დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ქვეცნობიერება ღრღნის და არ ასვენებს მას. ყველაზე კარგად მან იცის, თუ რამდენი და როგორი სიმძიმის დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოში; იცის, როგორ აწამებდნენ და კლავდნენ მისი დავალებით, ან მასთან შეთანხმებით უდანაშაულო ადამიანებს; იცის, ჩადენილის ნაწილიც რომ დაუმტკიცდეს, უვადო პატიმრობა არ ასცდება; ქვეცნობიერად ისიც იცის, რომ დააპატიმრებენ თუ არა, თვითონ დაფქვავს ყველაფერს ისტერიკული ტირილის თანხლებით. აი ამ ფონზე მას ჰგონია, რომ უკრაინის მოქალაქეობა მას საიმედოდ იცავს საქართველოში ექსტრადიციისაგან.
ვფიქრობ, სააკაშვილი იმასაც ხვდება, რომ ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოდან მან გაასწრო, მაგრამ უკრაინიდან გაქცევა შეიძლება ვეღარ შეძლოს და ოდესის ოლქის გუბერნატორობა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის.
,,იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი უტიფრად ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ ,,თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ..."
საქართველოს კონსტიტუციით და შესაბამისი ორგანული კანონით საქართველოს მოქალაქე მაშინათვე კარგავს თავის მოქალაქეობას, როდესაც მტკიცდება, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება. საქართველოს პრეზიდენტს აქ არავითარი არჩევანი არ აქვს. სხვა საქმეა, რომ ამის შემდეგ ყოფილმა მოქალაქემ შეიძლება დადგენილი წესით მიმართოს პრეზიდენტს და სთხოვოს ხელახლა მიანიჭოს მას საქართველოს მოქალაქეობა. ასე მოიქცა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მაგრამ მიუხედავად დასავლეთის დაჟინებული რჩევებისა და თხოვნისა, სააკაშვილმა აღარ მიანიჭა მოქალაქეობა საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედს და ამის ნაცვლად შეცვალა კანონმდებლობა ისე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და პრემიერის თანამდებობის დაკავებაც. ჯერჯერობით სააკაშვილს მარგველაშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით არ მიუმართავს. საქართველოს პრეზიდენტს აქვს აგრეთვე უფლება თვითონ მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა, ამ პიროვნების საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის. მსოფლიო პრაქტიკით, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეობის მინიჭებას წინასწარ უთანხმებენ მოქალაქეობის პოტენციურ მიმღებს. ვფიქრობ ბევრს ახსოვს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და მისი თნაშემწის ფილიპ გორდონის გაოგნებული სახეები, როდესაც სააკაშვილმა ქ-ნ ჰილარის საქართველოში 2012 წლის არჩევნების წინ, ქართული პასპორტი გადასცა. აშკარა იყო, რომ სააკაშვილმა მას სიურპრიზი მოუწყო. მაშინ ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი წერდა, რომ ქ-ნი ჰილარი დაჟინებით ურჩევდა სააკაშვილს ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭებას, სააკაშვილმა კი პასუხად ასეთი სიურპრიზი მოუწყო და ეს დაცინვისა და შეურაცხყოფის ტოლფასი იყო. (გაიხსენეთ ისევ სააკაშვილის კოშმარული სიზმრებიდან ამოფრქვეული ფრაზა: ,, ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა და ორი თვე იძახდით - ჰილარი კლინტონი ჩამოდის, რომ სააკაშვილი წაიყვანოს. გეგონება გუდიანი კაცია ან ქალია, რომელიც ჩამოვა, მოიკიდებს ზურგზე დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს და წაიყვანს სადღაც ვაშინგტონის რომელიღაც გარეუბანში და გადამალავს კონსპირაციულ ბინაში." - აი რა ეზმანებოდა მაშინ ,,совсем больной" პსიქოპათს. მინდა დავაზუსტო. სააკაშვილს ცხადია ესმოდა, რომ კლინტონი მას არსად არ წაიყვანდა, მაგრამ ქ-ნი ჰილარი და აშშ-ს სხვა წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ეუბნებოდნენ მას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცების ,,გამარჯვება" აშშ-ში და მთლიანად დასავლეთში ძალაუფლების საბოლოო უზურპაციად იქნება აღქმული და სააკაშვილს შესაბამისად მოექცევიან. სწორედ 2012 წლის 2 ოქტომბერს აშშ-ს სენატორებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა აღიარა დამარცხება...
საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოში მყოფი საკუთარი გუნდის (თანამზრახველების) იმედი აღარ აქვს. ჩვენს მედიაში ბევრჯერ დაიწერა, როგორ იძაბებოდა ურთიერთობა სააკაშვილსა და თბილისში მოქმედ ნაცისტებს შორის. როგორ ღიზიანდებოდა სააკაშვილი თანამზრახველების ,,უნიათობის" გამო, მათ კი სააკაშვილის სრულიად არაადექვატური ბრძანებები და მოთხოვნები აბრაზებდა. ნაცები არასოდეს ყოფილან შეკრული პოლიტიკური მრწამსით ან/და თუნდაც პირადი ურთიერთპატივისცემით და მეგობრობით. მათი ძალაუფლება ტყუილზე, სიძულვილზე და ძალადობაზე იყო დამყარებული და ასეთივე ატმოსფერო სუფევდა ხროვის შიგნითაც. თბილისში ბევრ ადამიანს ახსოვს, როგორ უწოდებდნენ სააკაშვილს გიჟს და იდიოტს სწორედ ისინი, ვინც შემდეგ ნაცების ცნობად სახეებად იქცნენ და დღესაც ინარჩუნებენ სააკაშვილისადმი ერთგული სამსახურით მოხვეჭილ დიდძალ ფულს, ქონებას და გარკვეულ პოლიტიკურ კაპიტალსაც. მერაბიშვილ-ადეიშვილის მეშვეობით გუნდი შეკრული იყო ერთად ჩადენილი დანაშაულით და ,,შოლტისა და ნუგბარის" მექანიზმის მოქმედებით. ბოლო დროს ორივე ფაქტორი მოდუნდა და სწორედ ამიტომ მიატოვა ,,შესანიშნავმა ოთხეულმა" ნაცების რიგები. მათ აღარ ეშინიათ შოლტისა და აღარ ღებულობენ საკმარის ნუგბარს, ნაცების რიგებში დარჩენის პერსპექტივა კი ბნელ ფერებში ესახებათ. საგულისხმოა, რომ კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან გაუსვლელად სსრკ-ს კგბ-ს სასაზღვრო ჯარებში ნამსახურები ეფრეიტორი სააკაშვილი დუმდა, არაფერს ამბობდა ,,თანაგუნდელების" დეზერტირობაზე. კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ცნობილ ინტერვიუში არ გალანძღა და არ შერაცხა წასულები; სხვა ნაცებისაგან განსხვავებით არ თქვა, რომ დეზერტირებმა ,,ოლიგარქის წნეხს ვერ გაუძლეს" (წარმოიდგინეთ, როგორ გააწბილა მან ამით ,,ოთხეულის" კრიტიკოსები) და იმით შემოიფარგლა, რომ გააკრიტიკა წასულების მხრიდან ,,ახალი სახეების" გამოჩენის მოთხოვნა. (ბევრ მკითხველს ემახსოვრება, რამდენჯერ ისაუბრა თავად სააკაშვილმა ,,ახალი სახეების" საჭიროებაზე და ამ მხრივ ნაცების დიდ რეზერვზე 2012 წლის დამარცხების შემდეგ).
დასავლეთში პოლიტოლოგები სააკაშვილს ხშირად პუტინის ,,სასარგებლო იდიოტს" უწოდებენ. ეს დამკვიდრებული ტერმინია - ასე უწოდებენ ,,გავლენის" ისეთ აგენტებს, რომლებიც თვითონ ვერ ხვდებიან, რომ სწორედ იმ ძალას ემსახურებიან, რომელსაც თავის ჭკუაში ებრძვიან. ცხადია, პუტინის სასარგებლო იდიოტმა სააკაშვილმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად ყოფნის პერიოდში შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ოდესის ოლქს და მთელ უკრაინასაც. მაშ რატომ დანიშნა პოროშენკომ სააკაშვილი და მის მიერ რეკომენდირებული ადამიანები მაღალ თანამდებობებზე? პოროშენკოს ბევრი აფრთხილებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, ჯორჯ სოროსმა საჯაროდ განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოში კორუფცია არ დაუმარცხებია, არამედ კორუფციის პრივატიზება მოახდინა. თავდაპირველად უკრაინაშიც ბევრს ეგონა, რომ პოროშენკომ ეს დასავლეთის და, პირველ რიგში, აშშ-ს გავლენიანი პირების რჩევით გააკეთა. მე ამას თვიდანვე გამოვრიცხავდი. გავიდა დრო და უკრაინელი კოლეგებისაგან გავიგე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და პოროშენკომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. პოროშენკო მართლაც მეგობრობს სააკაშვილთან მათი საერთო სტუდენტური წლებიდან მოყოლებული. ორივე მეგობრობს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იუშკენკოსთან, რომელმაც მონათლა პოროშენკის ორი ქალიშვილი და სააკაშვილის ვაჟი ნიკოლოზი. სააკაშვილის და მისი თანამებრძოლი-რეფორმატორების უკრაინაში მიწვევით მილიარდერი პოროშენკო ცდილობს უკრაინელებს და დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ თვითონ დისტანცირებულია სხვა ოლიგარქებისაგან და მართლა უნდა ბრძოლა კორუფციასთნ. აღსანიშნავია, რომ იანუკოვიჩის და მისი ყაჩაღი მთავრობის გაქცევის შემდეგ უკრაინაში კვლავ მოქმედებს ოლიგარქიული მმართველობის სისტემა და ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ოლიგარქები უკრაინის ძარცვით გამდიდრდნენ და არა წარმატებული მეწარმეობის შედეგად. ამავდროულად პოროშენკოს აქვს სერიოზული დაპირისპირება პრემიერ იაცენიუკთან და მისი ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია როგორც უკრაინის კანონმდებლობით, ასევე ძალთა ფაქტობრივი განაწილებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: განაცებულმა ქოცებმა ან, როგორც ახლა ხშირად უწოდებენ მათ, ქოციონალებმა, პრაქტიკულად არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დასავლეთს გაეგო, რა ჩაიდინეს სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა. ეს რომ დროულად, ეფექტიანად და სამართლიანად გაეკეთებინათ, მაშინ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მომენტისათვის მას უკვე ექნებოდა დასავლეთში სადისტური სისტემისა და უპასუხისმგებლო ავტორიტარული კლეპტოკრატიის შემქნელის სახელი. ასეთ შემთხვევაში მას საჯაროდ არავინ გაეკარებოდა, ისინიც კი, ვისთან მეგობრობისა და ვისი მხარდაჭერისათვის სააკაშვილმა ჩვენი ხაზინიდან მრავალი მილიონი დოლარი გადაიხადა. აი ასეთმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ სააკაშვილი ხან უმდიდრესი იახტით დაცურავს, ხან საერთაშორისო ფორუმებს ესწრება, ხან უკრაინაში რეფორმების ჩატარებისათვის იღწვის.
,,ჩიტი-მარგალიტის" ,,რეფორმატორობა" ოდესის ოლქში კრახით დასრულდება, სამაგიეროდ ოდესური ანეკდოტების საგანძურს შეიძლება არერთი შედევრი შეემატოს. ოდესაში უკვე ხუმრობენ, რომ ყველაზე ძლიერი ოდესური ანეკდოტი ის არის, რომ სააკაშვილი დაინიშნა მათ გუბერნატორად. ვიმედოვნოთ, რომ სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ უკრაინელ ხალხს და ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობას.
პეტრე მამრაძე, 4 ივნისი, 2015 წელი