"საწყალ ქალს 25-ჯერ აქვს დანა დარტყმული" - სასტიკი მკვლელობა თემქაზე
"მხეცი უნდა იყო, ადამიანს დანა 25-ჯერ რომ დაარტყა, სახეზეც აქვს ჭრილობები, ყელშიც... ერთი დარტყმა არ ეყოფოდა ამ უბედურს? ისეთი გამხდარი იყო, იფიქრებდი, ქარი წააქცევსო"
ა.წ. 3 ივნისს, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის მე-14 სართულზე, 65 წლის ზუზანა საროევა გარდაცვლილი იპოვეს. ქალს შინ ნათესავებმა მოიკითხეს და ვინაიდან კარს არ აღებდა, მაშველები გამოიძახეს. ისინი ზუზანას ბინაში კორპუსის სახურავიდან ჩავიდნენ, ფანჯარა შეამტვრიეს და... ბინაში შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ - ქალი საწოლთან, იატაკზე სისხლის გუბეში იწვა და მთელი ტანსაცმელიც სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი.
თინა შ. გარდაცვლილის ნათესავი:
- საწყალი ქალი 20 წელიწადი საბერძნეთში მუშაობდა. 3 წელიწადია, რაც ჩამოვიდა. აქ მარტო ცხოვრობდა, ხშირად ამბობდა, დავიღალე, ჩემს შვილს ყველაფერი გავუკეთე და ახლა უნდა დავისვენოო. მაგის შვილიც და ძმებიც ყველანი რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ. მე ოჯახის ნათესავი ვარ, მეც მარტო ვცხოვრობ, ხშირად ვიყავით ერთად, თითქმის მთელ დღეს ერთად ვატარებდით, ვილაპარაკებდით, შვილებს გავიხსენებდით და მერე ღამე მიდიდა სახლში. ასე იყო ყოველ დღე. იმ დღეს რომ არა და არ გამოჩნდა, გამიკვირდა და დავურეკე, ტელეფონზე არ მიპასუხა, თუმცა ცუდი არაფერი მიფიქრია, საღამო იყო უკვე და ვიფიქრე, ალბათ ადრე დაიძინა-მეთქი. მეორე დილით ავდექი თუ არა, მაშინვე დავურეკე და ისევ არ მიპასუხა. ერთი ცხრაჯერ მაინც დავრეკე. მაგის კარის მეზობლის ტელეფონი ვიცოდი და მერე იმ გოგოს გადავურეკე, - აბა, ზუზანას დაუკაკუნე, კარი, იქნებ, გაგიღოს-მეთქი. მითხრა, არ მიღებსო და, - მაშინ პოლიცია გამოვიძახეთ. პოლიციამ კიდევ, ეს საშინელება ნახა. საწყალ ქალს 25-ჯერ აქვს დანა დარტყმული. კიდევ კარგი, ეგ ჭრილობები მე არ მინახავს, თორემ მოვკვდებოდი. ძალიან ცუდად ვარ, - მხეცი უნდა იყო, ადამიანს დანა 25-ჯერ რომ დაარტყა. სახეზეც აქვს ჭრილობები, ყელშიც... ერთი დარტყმა არ ეყოფოდა ამ უბედურს? ისეთი გამხდარი იყო, იფიქრებდი, ქარი წააქცევსო?
- თქვენ მისი უახლოესი ადამიანი იყავით, როგორ გგონიათ, ქალი იმის გამო ხომ არ მოკლეს, რომ მის სახლში უცხოეთში მუშაობით ნაშოვნი ფული ეგულებოდათ?
- რომელი გიჟი ინახავს ფულს სახლში?! მას მერე, რაც ეგ საბერძნეთიდან ჩამოვიდა, 3 წელიწადი გავიდა. ახლა ვაჟი ინახავდა უკვე… შეიძლება მაგის სახლში ეს ფული ეგულებოდათ. მაგრამ მაგისთვის ასე ცხოველივით უნდა მოეკლათ?!..
- ვინმე ხომ არ ემუქრებოდა, არაფერი უთქვამს თქვენთვის?
- 65 წლის ქალს ვინ დაემუქრებოდა, ვის რა უნდა ნდომებოდა?! პოლიციამაც ეგ გვკითხა, ვუთხარი, - ჩვენ არაფერი ვიცით, ეგ თქვენ გამოიძიეთ-მეთქი! ტყუილი ვუთხარი? ზუზანას მოსაკლავად საზღვარგარეთიდან ხომ არ მოვიდოდა ვინმე, იმათ რა იციან, სახლში რა ჰქონდა! ეგ იმან იცის, ვინც ახლოს გყავს…
- გავრცელდა ინფორმაცია რომ ამ მკვლელობაში ეჭვიმატილი უკვე დაიჭირეს…
- დიახ, დაიჭირეს. მაგის ნასამართლევი მეზობელი. ეგ ახალი მეზობელია, ზუსტად მაშინ გადმოვიდა ზუზანას მეზობლად, როცა ზუზანა საბერძნეთიდან დაბრუნდა. როგორც პოლიციაში გვითხრეს, მაგ კაცს ბინა ქუთაისშიც ჰქონია გაძარცული.
გარდაცვლილის ნათესავის აზრს არ იზაირებენ სხვა მეზობლები და მკვლელობაში ეჭვმიტანილ 31 წლის ი.გ-ს დადებითად ახასიათებენ:
- რა სისულელეს, მაგ კაცს რანაირად უნდა მოეკლა ზუზანა, როცა მკვდარივით ეძინა, როცა ქალი ბინაში დაჩეხილი ნახეს!
- მერე რა თქვა რომ გაიღვიძა?
- რას იტყოდა?! პოლიციას ძაღლი ჰყავდა მოყვანილი. ის ძაღლი მაგის ბინისაკენ წამოვიდა, მაგ კაცს გვერდი აუარა და პირდაპირ სამზარეულოში წავიდა. აი, ამიტომ აიყვანეს.
- გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნასამართლევია…
- დიახ. "პლანის" მოხმარებაზე იჯდა ციხეში, მაგრამ შეიძლება კაცს მკვლელობა მარტო იმიტომ დააბარალო, ციხეში რომ იჯდა?! მაშინ გასაღებიც უნდა ეპოვა იმ ძაღლს სამზარეულოში, - მკვლელმა მკვლელობის იარაღი - დანაც და ზუზანას სახლის გასაღებიც თან წაიღო. საწყალი ქალი მოკლა, მერე გამოკეტა და წავიდა...
შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა შურისძიების მიზნით ჩაიდინა მკვლელობა, თუმცა რა გახდა ამ შურისძიების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)