"ბერიკა ამბობს, კახიმ გამათეთრაო, მე კი - გივიმ გამათეთრა" - კახი იუბილარია, გივი ულოცავს
დღეს დიდი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის დაბადების დღეა. ვულოცავთ ბატონ კახის იუბილეს და გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრის" საარქივო მასალებიდან, რომელიც ჩვენი დროის უდიდესი მსახიობების კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ურთიერთობას შეეხება.
"კახი თავის დაბადების დღეზე დაიმალა, "ქვეშიდან გამოდის" - კახი იუბილარია, გივი ულოცავს
გივი ბერიკაშვილი:
- მივულოცოთ და ვუსურვოთ დიდხანს სიცოცხლე! უზარმაზარი სიკეთე აქვს გაკეთებული ქართული კინოსა და თეატრისათვის. ხალხმაც დაუფასა, ძალიან უყვართ და ამაზე დიდი ბედნიერება არც არსებობს. სამეგობრო ძალიან გახარებული ვართ, ამდენ ხანს რომ ვიცოცხლეთ, ოთხმოც წელს გადავაბიჯეთ და კახიც კუდში მოგვდევს. გვამყოფოს ღმერთმა, ვიდრე ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეგვიძლია.
- ამ დღეს თავად როგორ ხვდება?
- ვერაფერს გავიხსენებ იმის გარდა, რომ სულ წივის და კივის... რა ჩემი დაბადების დღე, კიდევ რა მოგინდათო?! თავი დამანებე, თუ ძმა ხარო და ასე.. სულ ჩხუბში ვატარებთ ამ დღეს. რა ვქნათ, არ უყვარს. არც მე მიყვარს. როცა შვილები და შვილიშვილები მოევლინებიან ამ ქვეყანას, მერე ჩვენი თავისთვის აღარა გვცალიან... 15 მაისს იყო ჩემი დაბადების დღე, კახიმ დამირეკა და მითხრა, თუ მოვახერხებ, გამოგივლიო...
- ბატონი კახი თქვენზე ამბობს "ჩემი მახრჩობელა" არისო, თქვენთვის ვინ არის იგი?
- ტყუილს ამბობს, თქვენ რა დაუჯერეთ?! იქვე უნდა გეთქვათ კახისთვის რომ არ ხართ მართალი და გივი ამის თქმას არ იკადრებდაო... ჩემთვის კახი არის ძმაკაცი, ახლობელი, პარტნიორი და რა ვიცი, რა... ყველაფერს ერთად ვაკეთებთ – სიკეთეს, ცუდს არაფერს - ჩვენ ასე გვგონია და იმედია ხალხსაც!
კახი კავსაძე: არაფერი საერთო არ მაქვს ამ კაცთან!..
კახი კავსაძე:
- მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, ხომ გაგიგიათ? ვინ არის გივი ბერიკაშვილი? ჩემი მახრჩობელაა!.. ყველაფერში მედავება, ყველაფერს მისწორებს... რომ ვიტყვი რამეზე, ლამაზიაო, ამბობს, მახინჯიაო, ვუმტკიცებ ესა და ეს კოსტიუმი მე უფრო მიხდება-მეთქი, არა, მე მეტად ვიხდენო... არადა, არაფერი საერთო არ მაქვს ამ კაცთან!.. ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ერთად გადაგვიღეს ფილმებში, ესტრადაზე ერთად ვიყავით, დავმეგობრდით, მერე ჩვენი შვილები დამეგობრდნენ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს თავის დასასრული? - აღარ გათავდა ეს ჩვენი მეგობრობა... ბერიკა ამბობს, კახიმ გამათეთრაო, მე კი - გივიმ გამათეთრა-მეთქი. იცით, რა შავქოჩორა ბიჭი ვიყავი? - გადასარევი, მაგრამ დამამახინჯა ამ კაცმა... ერთხელ სცენიდან დარბაზს ჰკითხა, - მე უფრო ლამაზი ვარ, თუ კახიო... სავსე იყო დარბაზი და ამ უსვინდისო ხალხმა ერთხმად იკივლა, - შენო... ხალხო, კარგად შეხედეთ, მასზე მაღალი მაინც ხომ ვარ-მეთქი... არაფერი შეგეშალოს, შეიძლება ფიზიკურად შენ მაღალი იყო, მაგრამ გივი სულიერად უფრო მაღლა დგასო! ისე გამაბრაზეს, მოვშორდი და წამოვედი.
- ამ უნიკალურ ფოტოზე რას იტყოდით?
- ასე იცის: რომ ვდგავარ, მოვა და მომეყრდნობა, ხე ვარ, თუ კედელი?! აბა, ერთი, გავბედო და გავიწიო, წავა და ხალხს დაუძახებს, - კახის მივეყრდენი და წამაქცია, მაგან არც მეგობრობა იცის და არც არაფერიო... ხალხი კი ყოველთვის ბერიკას ემხრობა. მაგიჟებს, როგორ ახერხებს ხალხის მოსყიდვას... ამიტომაც ვერიდები, თქვენ კი იმიტომ გიყვებით, რომ ვიცი, გივის არ ეტყვით...
- ამბობთ, გივი ბერიკაშვილს თავში აუვარდაო...
- ახლა მეტყვის, ჯერ შენ აგივარდა, მე შენი მეგობარი ვარ და ხომ არ ჩამოგრჩებოდი, მეც ამივარდაო.
- საუბრის დასაწყისში გივი ბერიკაშვილზე სულ იუმორით საუბრობდით, ახლა სერიოზულად რომ ვისაუბროთ თქვენს მეგობრობაზე?
- მე და გივის ერთნაირად გვესმის მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი... მოყვასი კაცია და სიძულვილი არ იცის. მეც არ ვარ უკეთური. გივი რაღაცას რომ აიჩემებს, მერე ვეღარ შეაჩერებ. თუმცა კარგი კახელია. საოცარი სანახავია მაშინ, როცა კახურ ანეკდოტებს ჰყვება. მერე ქართლელებსა და იმერლებზე გადმოინაცვლებს, რადგან მამაჩემი ქართლელი იყო და დედაჩემი - იმერელი... გივი ისეთია, თავის გულს ამოიღებს და მოგცემს.
- ალბათ თქვენ და გივი ბერიკაშვილი სუფრაზე ერთად ხშირად ყოფილხართ?
- მილიონ თერთმეტჯერ ვიყავით ერთად, კი არა სამ მილიონ თორმეტჯერ... იქაც კარგად ვეწყობით. მე და გივის ხშირად გვთხოვს დახმარებას ისეთი ხალხი, რომლებსაც ბინის ან სამსახურის პრობლემები აქვთ, ჰოდა, ერთად მივდივართ სამათხოვროდ და ერთად მისვლით უფრო კეთდება საქმე... ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე, რამაზ ჩხიკვაძე - ყველა ასეთები იყვნენ. ეროსის განსაკუთრებულად უყვარდა გაჭირვებულების დახმარება. ერთხელ ბინის თაობაზე ვეხმარებოდით ერთს. ვიღაც ქალმა გვითხრა, - თქვენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხართ ამ ბინითო. ვუთხარი, - ხოში გვაქვს და ვეხმარებით-მეთქი.