ვისი ან რისი სახელობის უნდა იყოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი?!
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვენი ქვეყნის სახეა, რადგან ჩამოსული სტუმარი, სწორედ აეროპორტიდან იწყებს, ქვეყანაზე შთაბეჭდილების შექმნას. ვისი სახელობის უნდა იყოს აეროპორტი, ამაზე დავა დღემდე გრძლედება.
ცოტა ხნის წინ გაჩნდა მოსაზრება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი დარქმეოდა. ამ ორიოდე დღის წინ კი პრემიერმა ღარიბაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, - აეროპორტი შოთა რუსთაველის სახელობის იყოსო. გადავწყვიტეთ, პრემიერს აეროპორტის სახელის რამდენიმე ვარიანტი კიდევ შევთვაზოთ:
ჭრელი პეპელას სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - სიმღერა, "ჭრელო პეპელა", ზუსტადაა ქართულ ხასიათს მორგებული (ნურც გაფრინდები-ნურც მოფრინდები) თანაც სიმღერაში არის ფრენის ელემენტები, რაც აეროპორტთან მიმართებაში ლოგიკურია.
მიხეილს სააკაშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - აეროპორტი სწორედ მისი პრეზიდენტობისას გაახლდა, გარდა ამისა, რასაც მიშა დაფრინავდა და დაფრინავს... საოცადაობა იქნება, მისი სახელი სადმე რომ არ მოვიხსენიოთ.
"ჩიტო-გვრიტოს" ანაც სულაც "მიმინოს" სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. მგონი, დიდი ახსნა-განმარტება არ არის საჭრო, თუ რატომ...
"გუდა-გუდას" სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - მოგეხსენებათ, ცნობილ მულტფილმში პერსონაჟი "თოვლის გუნდა" ყველგან მიდის, სადაც გოგონას უნდა, სწორედ ეს ქვეტექსტი იქნება ჩადებული ამ დასახელებაშიც, თანაც თუ მშენებლობის ხარისხს და ამ ტერიტორიაზე მქროლავი ქარის სიჩქარეს გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული ერთ დღეს აეროპორტიც "გუდა-გუდასავით" წვიმად გადაიქცეს... არ უწვიმია ჯერ აეროპორტში, თუ - რა...
ქრისტეფორე მგალობლიშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - მთავარი "შერეკილის" სახელი ძალიან ევროპულად ჟღერს, თანაც მასზე ადრე არცერთ ქართველს არ გასჩენია ცათამფრენის აგების სურვილი. ერთაოზი რომ არ დაიჩაგროს, მისი სახელი ქუთაისის ან ბათუმის აეროპორტს მივანიჭოთ
"გაფრინდი შავო მერცხალოს" სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - ამ სახელით აუცილებლად გავახარებთ ყველა კომუნისტს და სტალინის მოყვარულთ, რომელთაც ღრმად სწამთ, რომ სტალინი, მოცალეობის ჟამს, ამ სიმღერას შემოსძახებდა ხოლმე...
გორის ციხიდან ფრენის მოყვარულთა სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - ეს სახელი იქნება კარგი მარკეტინგული სვლა, ვინაიდან სტუმარს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვა, თუ სადაა ეს ციხე და წავა მის სანახავდ, რაც გორის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის, სტალინთან ერთად, რა თქმა უნდა...
ანგელოზების სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - ყველა ქართველს თავი მინიმუმ უფრთო ანგელოზი გვგონია და ვფიქრობ, მართებული იქნება, თუ ჩამოსულებს თავიდანვე ეცოდინებათ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ეს რჩევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, მაგრამ, ბატონო პრემიერო, მარტო ჩემს ნააზრევს ნუ ენდობით, მცოდნე ხალხსაც ჰკითხეთ, თორემ მწერლების სახელების დარქმევა ძალიან საბჭოური მგონია და თუ გინდათ, გილიოტინაზე მომჭერით თავი.