"ბავშვს ტყეში შესვლა სთხოვა და ისიც გაჰყვა" - რას ჰყვებიან მეზობლები 10 წლის გოგონას გაუპატიურების შესახებ - კვირის პალიტრა

"ბავშვს ტყეში შესვლა სთხოვა და ისიც გაჰყვა" - რას ჰყვებიან მეზობლები 10 წლის გოგონას გაუპატიურების შესახებ

"უფროსი გოგონა ყველაფერს მიხვდა და ამიტომაც ტიროდა. მისი უმცროსი დებიც ცუდად იყვნენ, მათ შორის პატარაც, მაგრამ ის ბოლომდე ვერ აცნობიერებდა მომხდარს. მისთვის ეს ამბავი სულიერზე მეტად, ფიზიკური ტკივილი იყო."

იმერეთის პატარა სოფელში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, - 42 წლის მამაკაცმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა. ამ ამაზრზენ დანაშაულში ეჭვმიტანლი პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტრესულია, სპეციალისტთა თქმით, გოგონას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდება. ამ ათი წლის წინ პატარა იმერულ სოფელში, ერთ-ერთ ოჯახში, ორი უფროსი დის შემდეგ ისევ გოგონა დაიბადა. რადგან სამშვილიან ოჯახს არც თუ ისე ულხინდა, აქაც "ქართული" არჩევანი გაკეთდა, - დედამ გადაწყვიტა, სამივე შვილი მამისა და ბებიასათვის დაეტოვებინა და თავად ეტვირთა მათი მატერიალური უზრუნველყოფა, ისიც როგორც უამრავი ქალი საქართველოში, უცხოეთის გზას დაადგა. გოგონების გაზრდა კი მამამ და ბებიამ იკისრეს.

ა.წ. 31 მაისს, როცა სამივე გოგონა (უფროსი მეცხრეკლასელია, შაუთანა, - მეშვიდე, დანაშაულის მსხვერპლი კი მხოლოდ მეხუთე კლასშია) შინ მარტო იყო, მათი სახლის კარი მეზობელმა, 42 წლის მამაკაცმა შეაღო. კაცს წლები ციხეში ჰქონდა გატარებული, თუმცა ოჯახთან ახლობლობდა - მათი კარის მეზობელი იყო. ბავშვების მამასთან მეგობრობდა, გოგონებს კი ტკბილეულით ხშირად უმასპინძლდებოდა. შესაბამისად, გოგონებს სტუმარი არ გაჰკვირვებიათ. მით უფრო, რომ მამა შინიდან ცოტა ხნით იყო გასული. ბავშვების ბებიის მონაყოლით, შემთხვევა კვირას ღამით მოხდა. "მეზობლის მამაკაცი გადმოვიდა და ჩემს 10 წლის შვილიშვილს მაღაზიაში გაყოლა სთხოვა, მერე როგორც ბავშვი ამბობს, გზად აფთიაქში შევიდა და რაღაც წამლები იყიდა. შემდეგ კი ბავშვს ტყეში შესვლა სთხოვა და ისიც გაჰყვა. გვიან დაბრუნდა ბავშვი სახლში და სრულიად გაფითრებული იყო. არაფერს ამბობდა. მეორე დღეს კი სკოლაში წასვლის დროს უფროსი დისთვის მოუყოლია ყველაფერი. ამის შემდეგ პოლიციას მივმართეთ." - განაცხადა გოგონას ბებიამ.

სკოლაში, სადაც გოგონა სწავლობს, ამბობენ, რომ კაცმა ბავშვს ტკბილეულის ყიდვა შესთავაზა და სწორედ ამ მოტივით გაიყვანა სახლიდან. მეორე დღეს სამივე მოზარდი სკოლაში თითქოს ჩვეულბერივ წავიდა, მაგრამ ყოველასთვის მოულოდნელად და უცნაურად უფროსი გოგონა გაკვეთილების მიმდინარეობისას განუწყვეტლივ ტიროდა.

ლ. მ;

- როგორც ჩანს, უფროსი გოგონა ყველაფერს მიხვდა და ამიტომაც ტიროდა. მისი უმცროსი დებიც ცუდად იყვნენ, მათ შორის პატარაც, მაგრამ ის ბოლომდე ვერ აცნობიერებდა მომხდარს. მისთვის ეს ამბავი სულიერზე მეტად, ფიზიკური ტკივილი იყო. ბოლოს უფროსმა დამ მომხდარი მეგობარს გაანდო, იმან კი - მასწავლებლებს. ახლა სკოლაში და მთელ ჩვენს სოფელში ისეთი ამბავი ტრიალებს, მტერსაც არ ვუსურვებთ. მტერიც ცოდვაა პატარა ბავშვის ასეთ უბედურებას უყუროს.…ყველას გვყავს საკუთარი ან ახლობლების პატარები, რომლებიც თავს გვირჩევნია.

- იმ დღეს რა ხდებოდა, როცა ტრაგედია დატრიალდა, რატომ არ იყვნენ შინ ბავშვების მამა ან ბებია?

- ბებიამ თვალზე ოპერაცია გაიკეთა და შინ ამიტომ არ იყო. მამა შემთხვევით, ცოტა ხნით იყო გასული. ამ ბავშვებიდან არც ერთი იმ ასაკის არ არის, რომ მათი მარტო დატოვების შეშინებოდა. ის ცუდი მამა არ არის, შრომობს, შვილებს უვლის, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ გაიაზრებდა! მით უფრო, რომ ასეთ რამეს ადამიანი კოშმარშიც ვერ წარმოიდგენს...

- გოგონას დედამ თუ შეიტყო ეს ამბავი?

- არ ვიცი. 9 წელიწადია, რაც ბავშვების დედა საზღვარგარეთაა წასული და ვითომ თავისი შვილებისთვის შრომობს. რა შედეგი აქვს ამ შრომას? ნუთუ შვილებთან ერთად შიმშილი არ ერჩივნა იმას, რაც მოხდა? საბოლოოდ ყველაფერი კი ჩვენი სიდუხჭირის ბრალია, ბავშვები მშოლების გარეშე იზრდებიან, ქალები საშოვარზე გადეგნენ და შვილებისთვის არ სცალიათ... ეს ყველაფერი როდესმე ხომ უნდა დასრულდეს.

- გოგონა ამჟამად სად არის?

- მასწავლებლებმა სხვა სოფელში წაიყვანეს, მამიდასთან.…ახლა იქ არის დებთან ერთად. ხანდახან, ვფიქრობ, სულ ტყუილად გაუქმდა ჩვენს ქვეყანაში სიკვდილით დასჯა, განა ამისთანა ნადირის სიცოცხლეს რაიმე აზრი აქვს?! სოფელი მაგ არაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს, არამია მაგისთვის სიცოცხლე...

ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის!)

პ.ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია, 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პეტრე ფ. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მაისს ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი გოგონა გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს.

სოფლის დეპუტატის, ამირან ბახტიძის თქით: "ეჭვმიტანილი ადგილობრივი მაცხოვრებელია. რამდენჯერმეა ნასამართლევი. მეზობლები როგორც ყვებიან, ბოლოს ნარკოტიკებზე იყო დაკავებული და 3 თვის წინ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება."

იხილეთ ასევე