"ტრიპოლსკი და ხუნდაძე იმან გააღიზიანა, რომ საკითხი გუნდში არ განიხილეს და პრესის ფურცლებიდან გახმაურდა" - კვირის პალიტრა

"ტრიპოლსკი და ხუნდაძე იმან გააღიზიანა, რომ საკითხი გუნდში არ განიხილეს და პრესის ფურცლებიდან გახმაურდა"

"კობა არაბულს დიდი ხანია ვიცნობ, მისგან ტყუილი არასდროს მომისმენია"

რამდენიმე დღეა, "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის ინტერვიუს გარშემო ინტერესი არ წყდება. არსებულ ინტერვიუში გუბერნატორის მოადგილე დუშეთის მუნიციპალიტეტში ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე - კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტები არაკვალიფიციურად მზადდება, ხოლო მინისტრები და დეპუტატები ტენდერების საკითხებში ერევიან.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის პარლამენტარებმა, დუშეთის რაიონის მაჟორიტარმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და მცხეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის, კობა არაბულის განცხადებას ცილისწამება უწოდეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

მთელ საქართველოს მასშტაბით მსგავსი ფაქტების სიმრავლეზე ლაპარაკობს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- მართალია, კობა არაბულს ხუნდაძისა და ტრიპოლსკის გვარები არ უხსენებია, მაგრამ ისედაც გასაგები იყო ვის გულისხმობდა... მათ გაღიზიანებაზე ლაპარაკს ვერ დავიწყებ. საქმე ის არის, რომ კობა არაბული და ირაკლი ტრიპოლსკი მთიანი რეგიონების განვითარების სფეროში, დიდი ხნის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ. მათ ახლაც აქვთ ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ, კობა არაბულის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ირაკლის რეკომენდაციაც იყო. ირაკლი ტრიპოლსკი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ნუგზარ ყიფიანი ჯგუფელები და ზოგადად, დიდი ხნის მეგობრები არიან. ეტყობა, ტრიპოლსკიმ ეს თემა გუნდში განსახილველ თემად მიიჩნია და ამიტომაც ჰქონდა ასეთი მწვავე რეაქცია.

- ორივე მათგანი გადაჭრით ამბობს, რომ არაბული იტყუება...

- რა გითხრათ, აბა, საქმე ის არის, რომ მე კობა არაბულს დიდი ხანია ვიცნობ, მისგან ტყუილი არასდროს მომისმენია. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრიპოლსკის და ხუნდაძეს არ გულისხმობდა, უბრალოდ საერთო სურათი აღწერა... ტრიპოლსკი და ხუნდაძე იმან გააღიზიანა, რომ საკითხი გუნდში არ განიხილეს და პრესის ფურცლებიდან გახმაურდა.

- ისინი მის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ...

- მაინც მგონია და ჩემი რჩევაცაა, მათ ეს საკითხი ერთმანეთში, გუნდში გაარკვიონ. მე კარგად ვიცნობ ორივეს, ტრიპოლსკისაც და არაბულსაც და მიმაჩნია, რომ მათ ერთ გუნდში მუშაობა შეუძლიათ.

- ამ მაგალითების ფონზე ალბათ ადვილი მისახვედრია, რა ხდება ამ მხრივ დანარჩენ რეგიონებში...

- დიახ, რბილად რომ ვთქვათ, არაერთი ნეპოტიზმის ფაქტისა და კანონდარღვევის შესახებ მსმენია. მხოლოდ მცხეთა-მთიანეთზე კი არა, მთელ საქართველოზე ვლაპარაკობ, მაგრამ ამაზე ვრცლად ლაპარაკი არ მინდა. ამ ტენდერების მთავარი სენი ის არის, რომ მუდმივად ერთი და იგივე კომპანია იმარჯვებს. ეჭვიც კი არ არსებობს, რომ ადამიანები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ტენდერები მხოლოდ ფორმალურად ტარდება. არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ "ატკატები" არსებობს და ვიღაც წილში გაჰყავთ. ზუსტად იგივე ხდება ქვემო ქართლში...

- კონკრეტულად?

- ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად, ჩინოვნიკები ასეთი პრინციპით მუშაობენ, - ან არაფრის გაკეთება არ უნდათ, ან "შეძახილი" თუ გაისმა კანცელარიიდან, უცებ მოინდომებენ რაღაცების აშენებას და ყველაფერი ფართხა-ფურთხით კეთდება... ერთ რამეს უნდა მიხვდეს ხელისუფლება, - უპირატესობა იმას კი არ უნდა მიანიჭოს, ვინც დაბალ ფასს შესთავაზებს. ეს არის მახინჯი ფორმა. ამიტომაც სრულდება დაბალ დონეზე ყველა დავალება, რადგან ყველაფერი უხარისხოა. კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გაკეთებული საქმის ხარისხით დაინტერესდებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ "საინტერესო" ფაქტს აღმოაჩენთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: სკანდალი: ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო - გუბერნატორის მოადგილე კორუმპირებულ ჩინოსნებს ამხელს