დავით უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს?!
ბოლო ხანს ისევ გააქტიურდა ლაპარაკი მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქით, გამორიცხული არაფერია.
"კვირის პალიტრასთნ" ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აი, რა განაცხადა: "კოალიციაში სერიოზული ცვლილების წინა პირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალიციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები გავუცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ."
კითხვაზე, - სამთავრობო ცვლილებები სამი მინისტრის შეცვლით არ ამოწურულა? - უსუფაშვილი პასუხობს: "ჩვეულებრივ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ვსაუბრობ, რაც დიდ კოალიციურ ცვლილებებზე არ მიანიშნებს..." ანუ ცხადად ჩანს, რომ სამთავრობო ცვლილებების მოლოდინი ხელისუფლებაშიც არის. მაისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობას ტოვებდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, თუმცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენელის თქმით, მინისტრმა შვებულება აიღო და განმარტოებისთვის მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. მიუხედავად განმარტებებისა, პრესაში მის შეცვლას ყველაზე რეალურად მიიჩნევენ. ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, არ არის გამორიცხული მთავრობაში 1-2 "რესპუბლიკელი" მინისტრი კიდევ ვიხილოთ. გარდა ამისა, პრესა ბოლო ხანს ბევრს წერს ნოდარ ჯავახიშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობაზე.