"თუ სიკეთეს აკეთებ, ჯობია დაფარულად გააკეთო" - მეეზოვე, რომელიც სხვის შვილებზე ზრუნავს
"ბავშვები ძალიან მიყვარს, ჩემი გაზრდილები არიან, ბევრის ნათლიაც ვარ. როცა დრო მაქვს კინოში და გასართობ ცენტრში დამყავს ხოლმე. იქ უკვე გვცნობენ და შეღავათებს გვიწევენ."
38 წლის ილია ჩოხელი, მეეზოვეა, "თბილსერვის ჯგუფის" სამგორის რაიონის სპეც თანამშრომელია. მას საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გავლილი. ილია 16 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 16 წლის როგორც კი შესრულდა, ქუჩაში აღმოჩნდა. 2 წელი ქუჩა-ქუჩა სამსახურს და თავშესაფარს ეძებდა. ამ პერიოდში ილია მოინათლა და ცხოვრება სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში განაგრძო, სადაც ხელობას დაეუფლა. წლების შემდეგ თბილისში ბინა იქირავა და 12 მზრუნველობა მოკლებულ ბავშვზე პატრონობა იკისრა. ბავშვები მასთან ნაქირავებ ბინაში ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ მეუღლე არ ყავდა და არც სათანადო პირობები ჰქონდა, ბავშვები ჩამოართვეს. 2012 წლიდან ილია თბილსერვის ჯგუფში მუშაობს, თბილისში 10 კვ.მ ბინაში ცხოვრობს და სახლთან ახლოს რიყის სკვერს ასუფთავებს. მისი ჰონორარი 13 ბავშვს ხმარდება, რომელიც საბურთალოს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა თავშესაფრში ცხოვრობენ. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ ილიას და ინტერვიუ ვთხოვეთ:
- ბავშვობაში ინტერნატში ვიზრდებოდი, ძალიან მძიმე პერიოდი იყო. მე და ჩემს მეგობრებს ყველაფერი გვენატრებოდა. არავინ არ გვაქცევდა ყურადღებას, ურთულეს პირობებში ვიზრდებოდით და ჩვენ თვითონ გაგვქონდა თავი. ინტერნატის მონასტერში წავედი და იქ ვცხოვრობდი. იქ შემიფარეს, ყურადღებას მაქცევდნენ და მეც, რაც შემეძლო ვეხმარებოდი. ხელობაც ვისწავლე. ვმუშაობ ხეზე და ქვაზე. მერე მონასტერში კანკელიც გავაკეთე.
- დიდი ხნის განმავლობაში იყავით უმუშევარი, როგორ მოხვდით "თბილისერვის ჯგუფში" ?
- დიახ, დიდი ხანი ვიყავი უმუშევარი, მერე ჩემი მოძღვარი დეკანოზი მამა მიქაელი (გვარამაძე) დამეხმარა. მამა მიქაელმა შემიფარა და დღემდე, როგორც ოჯახის წევრს ისე მთვლის. დასუფთავების სამსახურშიც ეკლესიის დახმარებით მოვხვდი. რეკომენდაცია გამიწია ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც იმავე ტაძრის მრევლია, სადაც მე დავდიოდი. მისი რეკომენდაციის საფუძველზე დავიწყე აქ მუშაობა.
- ბატონო ილია, თქვენ 12 ბავშვს აცხოვრებდით თქვენთან. ვინ არიან ეს ბავშვები და რატომ გადაწყვიტეთ მათზე მზურნველობა?
- ამ ბავშვების უმეტესობა უკანონოდაა გაჩენილი, როგორც საზოგადოებაში ამბობენ, ისე კი, ადამიანის დაბადება არ შეიძლება უკანონო იყოს. მათი მშობლების ოჯახებმა არ მიიღეს, რადგან ახლობლებმა ამ ბავშვების დედებს აბორტის გაკეთება მოსთხოვეს. მე კი მგონია, რომ აბორტის გაკეთებაზე საშინელი ცოდვა არ არსებობს, რომ ნახოთ რა ლამაზები და კარგები არიან, როგორ შეიძლება ასეთ ბავშვებზე უარის თქმა და მოშორება?! მადლობა ღმერთს, რომ მე მაქვს მათზე ზრუნვის საშუალება. ამ ბავშვების ვერც სახელს ვიტყვი და ვერ სურათებს გავავრცელებ, რადგან შეიძლება რომელიმე ოჯახს ამით პრობლემა შეექმნას. სახელმწიფომ გადაწყვიტა თვითომ ეზრუნა მათზე, მე ჩამომართვეს და დღეს ცხოვრობენ საბურთალოზე, "ავერსის" კლინიკის გვერდით; 1-2 ბავშვზე სასულიერო პირებს ვთხოვე და დიდ სამებაში ცხოვრობენ, მშობლებთან ერთად. ამ ყველაფერს მე მოძღვრის კურთხევით ვაკეთებდი და მოძღვარიც დიდ ყურადღებასაც გვაქცევდა. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახისგან უარყოფილმა, ფეხმძიმე ქალებმა, თავის მოკვლა სცადეს, მაგრამ ჩემი მეგობარი ბერის დახმარებით მათი გადარჩენა შევძელით.
- ასე ძალიან გიყვართ პატარები და საკუთარი ოჯახის შექმნას არ აპირებთ?
- ამ ბავშვებზე ზრუნვაში არც მიფიქრია საკუთარ ოჯახზე. ძალიან მძიმე ცხოვრება გამოვიარე და ვიცი, ეს ბავშვები რასაც განიცდიან. მინდა, რამით მაინც შევუმსუბუქო ცხოვრება. ჩვენ, მე და ეს ბავშვები ერთმანეთს ვუწყობთ ხელს. ზოგს, ვისაც შესაბამისი ასაკი აქვს, ჩემი მეგობრების დახმარებით სამსახურსაც ვაწყებინებ.
- მეეზოვის ხელფასი არაა იმხელა, რომ ამდენს გაწვდეთ. როგორ ახერხებთ ამას?
- ჩემი შემოსავლიდანაც ვაძლევ ცოტას, მაგრამ მეგობრები მეხმარებიან. ზოგი ტანსაცმელს მაძლევს ზოგიც კიდევ - რას. ამ პატარების გამო არ ვერიდები ვინმესთან სათხოვნელად მისვლას და ვისაც საშუალება აქვს, ფინანსურადაც მეხმარება.
ბავშვები ძალიან მიყვარს, ჩემი გაზრდილები არიან, ბევრის ნათლიაც ვარ. როცა დრო მაქვს კინოში და გასართობ ცენტრში დამყავს ხოლმე. იქ უკვე გვცნობენ და შეღავათებს გვიწევენ. სიმართლე გითხრათ, არც მინდოდა ამის გახმაურება, რადგან თუ სიკეთეს აკეთებ, ჯობია დაფარულად გააკეთო. ასე უფრო მადლია და საქმისთვისაც უკეთესია.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)