რას ამბობს ადეიშვილი გირგვლიანისა და ჟვანიას საქმეებზე და რატომ ჩუქნიდა ივანიშვილი სახლს მასა და მერაბიშვილს?! - კვირის პალიტრა

რას ამბობს ადეიშვილი გირგვლიანისა და ჟვანიას საქმეებზე და რატომ ჩუქნიდა ივანიშვილი სახლს მასა და მერაბიშვილს?!

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მას და ვანო მერაბიშვილს სახლის ჩუქებას დაჰპირდა. როგორც ადეიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამაზე განცხადებაც იყო გაკეთებული. მისივე თქმით, ის ასეთ შეთავაზებაზე არავისთან წასულა.  "ნამდვილად არ მაქვს სახლი და მით უმეტეს არავის ნაჩუქარი, რადგან მინისტრისთვის, თუ ვინმე ჩუქნის სახლს, ეს არის მინისტრის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის კლასიკური კორუფცია და ასეთ გარიგებაზე მე არავისთან არ წავედი." - განაცხადა ადეიშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბერის თაობაზე კი განაცხდა, რომ რიგ შემთხვევებში ძალის გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი. "მიტინგის დაშლისას არალეგიტიმურობას ადგილი ცალსახად არ ჰქონია, რადგან ამის საფუძველი ნამდვილად იყო, იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე ემუქრებოდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამ დროს სახელმწიფო პირიქით, ვალდებულია იმოქმედოს. რაც შეეხება ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას, რიგ შემთხვევაში იყო და ამ რიგ შემთხვევებთან დაკავშირებით მაშინაც და შემდეგაც იყო რეაგირებები." - განაცხადა ადეიშვილმა.

მისივე თქმით, ნოემბრის აქციებზე ოლიგარქი ხელისუფლების გადაფორმებას ცდილობდა და სახელმწიფო ვალდებული იყო გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა. "საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში მიდიოდა ერთი სერიოზული პროცესი, რასაც ჰქვია ოლიგარქის მიერ ხელისუფლების გადაფორმება და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებული იყო გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონსტიტუციურ წყობილებას როდესაც ემუქრება საფრთხე, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ზომები და გაატაროს ყველა ის ნაბიჯი რაც აუცილებელია დემოკრატიული წყობილების შესანარჩუნებლად." - აღნიშნა ადეიშვილმა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია "იმედში" შესვლის ლეგიტიმურობა ასევე იყო, თუმცა გარკვეული შეცდომები ამ შემთხვევაშიც იქნა დაშვებული.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ადეიშვილმა განაცხადა: "ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი და ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რაც ჩვენი ხელისუფლების მიმართ გაჩნდა." მისი თქმით, გირგვლიანის საქმეზე ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა და საზოგადოებას ვერ აუხსნა სათანადოდ საქმის მსვლელობა. ზურაბ ჟვანიას საქმეზე კი ადეიშვილის კომენტარი ასეთი იყო: - "სისხლის სამართლის საქმეში ყველაფერი ისეა აღწერილი როგორც მოხდა, იყო გარკვეული დელიკატური, პერსონალური ინფორმაციები, რაც არ იყო ასახული საქმის მასალებში, თუმცა ოჯახის წევრები ამის თაობაზე იყვნენ საქმის კურსში."

ადეიშვილმა ციხის კადრებზეც ილაპარაკა. "ციხის კადრები იყო მძიმე, მათ შორის ჩვენთვისაც. ამ კადრებმა დაადასტურა, რომ ციხეში იყო სერიოზული პრობლემები. ეს პრობლემები იყო სისტემური. ამ სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით მე არ გავაკეთებ კომენტარს, რომ შეიძლება ამ კადრების ნაწილი ყოფილიყო დადგმული. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ კადრების დადგმა იყო შესაძლებელი, ადასტურებს, რომ იყო სერიოზული პრობლემა და ასეთი რამის გაკეთება დაუსჯელად, მით უმეტეს ამ მასშტაბებით, იყო ძალიან ცუდი...

თუ რამეს შეიძლება დაერქვას ფაბრიკაცია, ეს შეიძლება დაერქვას იმ საქმეს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აღძრული. ციხის კადრებთან დაკავშირებით, დავიწყეთ გამოძიება, 17 ადამიანი იქნა დაკავებული, მაგრამ რა მოხდა შემდეგ - შემდეგ ამ 17 ადამიანიდან ნაწილი იქნა საერთოდ გათავისუფლებული, ერთი მათგანი საერთოდ პასუხისმგებლობისგან იქნა გათავისუფლებული, მცირე ნაწილს მიუსაჯეს მცირე სანქციები და საბოლოო ჯამში საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი, რა დონის სისტემურ პრობლემას ჰქონდა ადგილი ციხეში. აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური მანიპულაციის ერთ-ერთი იარაღი. რაც შეეხება ამ საქმის ფაბრიკაციას, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ წამებაში და არაჰუმანურ მოპყრობაში ბრალდებულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება სამ ქვეყანაში იყოს მთავრობის კონსულტანტი, მას ჰქონდეს საშუალება შეხვდეს ძალიან ბევრ სამთავრობო დონის წარმომადგენელს, მათთან ერთად და საერთაშორისო არენაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადოს ძალიან ბევრი პროექტი, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში. ასევე ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი ძებნიდან მოხსნის შესახებ. ამიტომ ყველასთვის ცალსახაა, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური მანიპულაცია და არა რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული." - განაცხადა ადეიშვილმა.