საფლავი ავტოფარხეში - საზარელი მკლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

საფლავი ავტოფარხეში - საზარელი მკლელობის დეტალები

"რა გითხრათ, აბა, თითქოს მკვლელს არ ჰგავდა, მაგას როგორ ვიფიქრებდი, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და ავტოფარეხში დასაფლავებული..."

"მეზობლებს გვაქვს ეჭვი, რომ მან ეს ადამიანი სადღაც სხვაგან მოკლა და შემდეგ აქ მოიტანა დასამარხად."

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზარელი დანაშაული გახსნა - განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1961 წელს დაბადებული მალხაზ ჯ. რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, ზესტაფონიდან არის და თბილისში ბინაც და ავტოფარხეიც დაქირავებული ჰქონდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 2015 წლის 1 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, ნაქირავებ ავტოფარეხში, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 45 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული 9 ივნისს თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – "ნაგანი"-ს სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა დასახელების იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

იმ კორპუსიის მცხოვრებნი, რომლის სიახლოვესაც დანაშაული მოხდა, გაოგნებულები არიან.

ო. კ;

- ამ კოპრუსში გაგიჭირდებათ მოძებნოთ ადამიანი, რომელსაც იმ კაცის საქციელში, რომელიც მკვლელი აღმოჩნდა, რაიმეს საეჭვოს გაიხსენებს. ავტოფარეხი, რომელშიც ეს საშინელება დატრიალდა, იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც უკვე აღარ ცხოვრობს ჩვენს ეზოში, მან ბინა გაყიდა და სხვაგან გადავიდა, ავტოფარეხი კი გასაქირავებლად დაიტოვა. ასე, რომ ავტოფარეხი დროდადრო ქირავდებოდა. ხან ვინ მოდიოდა, ხან - ვინ. ამ პიროვნებას, რომელმაც აქ "მინისასაფლაო" მოგვიწყო, ფარეხი ახალი დაქირავებული ჰქონდა და როგორც მეზობელები იხსენებენ, გვიან ღამით მიდიოდა.

- ავტოფარეხი ხომ თქვენც აქვე გაქვთ, არც თქვენ გინახავთ?

- ამ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით ვნახე, როცა მეც გვიან დავბრუნდი. ავტოფარეხები ერთად დავკეტეთ და თავად გამომელაპარაკა. რა გითხრათ, აბა, თითქოს მკვლელს არ ჰგავდა, მაგას როგორ ვიფიქრებდი, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და ავტოფარეხში დასაფლავებული...

მეზობლებს გვაქვს ეჭვი, რომ მან ეს ადამიანი სადღაც სხვაგან მოკლა და შემდეგ აქ მოიტანა დასამარხად. ავტოფარეხში რომ ეჩხუბათ, ხმაურს ვიღაც მაინც გაიგებდა, მით უფრო სროლის ხმას. არადა, გასროლის ხმა არავის გაუგია, ეს მაშინ, როდესაც ჩვენს კორპუსთან ავტოფარეხი ძალიან ახლოსაა.

- თქვით, ამ რამდენიმე დღის წინ გამომელაპარაკაო, რა გითხრათ?

-მომესალმა, მერე მე ვკითხე, ჩვენს კორპუსში ხომ არ იყიდეთ ბინა, ჩვენი ეზოს "გარაჟში" რომ აჩერებთ მანქანას-მეთქი? მითხრა, "გარაჟი" ვიქირავე და ცოტა ზემოთ ბინაც ნაქირავები მაქვსო, სადაც ცოლ-შვილით ვცხოვრობო. ისიც მითხრა, ზესტაფონიდან ვარო. რამდენად მართალია ვერ გეტყვით...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)