"ჩემი სიძე ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა 2000-ლარიან სამსახურში რომ მუშაობს"
გუგული მაღრაძის პირველი კომენტარი მის სკანადალდ ქცეულ განცხადებასა და სიძის სამსახურზე
"აი, ამ წამს, ვიცი, ერთი კარგი სამსახური, სადაც 2000 ლარია ხელფასი - ამწეს მემანქანე სჭირდებათ. გყავთ ვინმე ამ სპეციალობის? - ახლავე დასაქმდება."
ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებას. "ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს იმის ცდუნება და გასაჭირი, როგორ იშოვოს ხვალ-ზეგ ფული... მას უნდა ჰქონდეს ნორმალური შემოსავალი. ხდება საჯარო სამსახურიდან კადრების გადინება, რადგან იქ სადაც ხელფასი 2000 ლარია, მცოდნე ადამიანიები არ ჩერდებიან." - განაცხადა ქალბატონმა გუგულიმ. პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგული მაღრაძის სიძე - ქალიშვილის ქმარი, ირაკლი ღურჯუმელია თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. როგორც ირაკლი ღლონტმა განაცხადა, ის თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორია. გთავაზობთ ქალბატონი გუგულის პირველ კომენტარს მის სკანადალდ ქცეულ განცახდებასა და სიძის სახელმწიფო სამსახურზე:
- საერთოდ ვინაა ეს ირაკლი ღლონტი და რა საქმე აქვს ჩემთან?! რაც შეეხება ჩემს სიძეს, ის მერიაში არ მუშაობს, ის არის სულ სხვა დაწესებულებაშია, რომელიც ემსახურება მერიას. ჩემი სიძე არ არის მაღალჩინოსანი და აქვს 2000-ლარიანი ხელფასი. ის ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა ასეთ სამსახურში რომ მუშაობს. თუ ვინმეს ჩემი სიძის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება, შეუძლია დაინტერესდეს და მისი CV გამოითხოვოს. ესაა საჯარო ინფორმაცია. ძალიან მაინტერესებს თვითონ ირაკლი ღლონტს რა კვალიფიკაცია აქვს?!
- ღლონტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თქვენმა სიძემ მუშაობა დაიწყო მას მერე, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა...
- სულ არ იყო ჩემი სიძე, როცა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გიმეორებთ, ის მაღალი რანგის ფინანსისტია და სამსახურის მოსაძებნად ჩემი ჩარევა არასოდეს დასჭირვებია. არც სიძე, არც შვილს და არც ჩემს სხვა ნათესავებს ჩემი დახმარება არ სჭირდებათ.
- ქალბატონო გუგული, თქვენ განცხადებას, სადაც თქვით - მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდებაო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
- მე ვთქვი, რომ მაღალკვალიფიციურ ადამიანს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, რათა კარგად იმუშაოს, რადგან არსებობს კერძო სტრუქტურა, რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზოს და ამის გამო საჯარო სამსახურიდან არ უნდა მოხდეს კვალიფიციური კადრების გადინება. ეს თემა სპეციალურადაა შემოგდებული, იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში არ იყოს კარგი სპეციალისტი და ქვეყანაში სიტუაცია აირიოს. ვიღაც-ვიღაცეებს ეს აწყობთ, 1992 წლიდან პოლიტიკაში ვარ და კარგად ვიცი ქვედა დინებები. როცა ადამიანი არის მაღალი დონის სპეციალისტი და აქვს 2000-ლარიანი ხელფასი, უცებ რომელიმე კერძო უწყებამ იგივე თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია ,უფრო მაღალი ხელფასით, რატომ არ წავა ამ სამსახურში საჯარო მოხელე?! ასევე სხვაობა უნდა იყოს მაღალი რანგის სპეციალისტის ანაზღაურებას და კურიერის ხელფასს შორის. საბჭოთა კავშირის დროს არ იყო ერთნაირი ხელფასები და ახლა უნდა იყოს?!
- თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ ვისაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს, თუ მოინდომებს ყველას შეუძლია სამსახურის შოვნაო, ანუ ვინც არ მუშაობს, არ ინდომებს?
- არის ადამიანი, ვისაც აქვს მაღალი კვალიფიკაცია და მასზე არის დიდი მოთხოვნა. არის მეორე ადამიანი, ვინც დაამთავარა უმაღლესი, მაგრამ არაა ძლიერი სპეციალისტი, - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცაღა არის ისეთი პროფესიებიც, რომელზეც მოთხოვნა ძალიან ცოტაა, ბუნებრივია, ასეთ ადამიანს გაუჭირდება სამსახურის პოვნა. ამიტომაა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი - პერეკვალიფიცირება. სახელმწიფოს ერთადერთი შეუძლია, რომ ჩაატაროს სერიოზული კვლევა, თუ რა პროფესიაა მოთხოვნადი და შემდეგ შეძლოს და გააკეთოს გადამზადების კურსები. აი, ამ წამს, ვიცი, ერთი კარგი სამსახური, სადაც 2000 ლარია ხელფასი - ამწეს მემანქანე სჭირდებათ. გყავთ ვინმე ამ სპეციალობის? - ახლავე დასაქმდება.
- ქალბატონო გუგული, ამ სტატიას თუ ამწეს მემანქანე წაიკითხავს, მოგაკითხოთ თქვენ და დაასაქმებთ?
- არ ვიცი, რომელი სამშნებლო კომპანია აცხადებს ამ ვაკანსიას, შეგიძლიათ შეხვიდეთ განცხადებების საიტზე და ნახოთ. მე რომ ვნახე ეს განცხადება და 2000-ლარიანი ხელფასი, მეგონა, შეცდომა იყო, დავრეკე და მითხრეს, რომ ძალიან გვჭირდება ასეთი ადამიანი და ნამდვილად მივცემთ 2000 ლარსო.
- საზოგადოებამ ცუდად რატომ მიიღო თქვენი განცხადება?
- ადამიანს ძალიან უჭირს, თავის თავს გამოუტყდეს - რა შეუძლია და რა - არა. კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტზე, თუ არ მოვიდა სტუდენტი და კურსი დაიხურა, მერე მეც მომიწევს სამსახურს ძებნა და შეიძლება გავხსნა საბავშვო ბაღი, რადგან, ვიცი, რა უნდა ბავშვს. ერთ ჩემ ნაცნობს, რომელიც უმუშევარია შესთავაზეს სამსახური, რომელიც მისი სახლიდან ძალიან შორს იყო და ხელფასიდან ალბათ 100-200 ლარი, თუ დარჩებდა, ამიტომ უარი თქვა და არ წავიდა. მე, მაგალითად, წავოდოდო. 200 ლარი არ სჯობს უმუშევრობას?! ბოლო-ბოლო გავიწაფებოდი და გამოცდილებას შევიძენდი
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)