ხევისბერი გოჩა და მარიხუანა, ანუ "დამგინებელ მსაჯულთა სასამართლო"
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებული პირველივე გახმაურებული პროცესი უცნაურად დასრულდა. უფრო ზუსტი ასე იქნებოდა: "მეტი რომ არ ვთქვათ, უცნაურად დასრულდა..."
სწორედ "მეტის თქმას" ვაპირებ - იმის თქმას, რასაც ვამბობდი სულ თავიდან - როდესაც ეს იდეა გაჩნდა და გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული: არ გამოვა ჩვენთან ეგ ამბავი. არ გამოვა და მორჩა!
აჰა, ვისაც არ გჯეროდათ: ვერ მიიღეს გადაწყვეტილება - ერთი! ნაფიცმა მსაჯულებმა ერთმანეთს დასცხეს, ხელით შეეხნენ - ორი! ერთ-ერთმა მათგანმა ემოციები, სინდისი თუ შინაგანი ხმა ვერ მოთოკა, მოკლულის დედას შინ ესტუმრა, დეტალებში მოუყვა ყველაფერს და ფაქტობრივად, ბოდიში მოუხადა - სამი! ხელისუფლების ლიდერებმა, პრემიერით დაწყებული, საჯაროდ განაცხადეს, ვერ ივარგა ამ ინსტიტუტმაო - ეს ოთხი! და რაც ყველაზე ცუდია: იმ საღამოსვე ატყდა გნიასი ტელევიზიებში და ზემოთ ჩამოთვლილი პირველი-მეოთხეც ყველას განსახილველი გახდა, ვისაც არ ეზარება - ესეც ხუთი!
ისე, ჯერ ის უნდა გაირკვეს, "ნაფიცი მსაჯული" რას ნიშნავს - ვის წინაშე და რა უნდა დაიფიცოს. ალბათ იგულისხმება, რომ მავანი მოქალაქე ღვთისა და ერის წინაშე (ანუ "ბიბლიასა" და კონსტიტუციაზე ერთად) იფიცებს (დედას), რომ მიიღებს ყოველგვარი ზეწოლისაგან და ქვენა (ან პირიქით - "ზენა") გრძნობებისაგან თავისუფალ გადაწყვეტილებას.
ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს: უნდა მოიძებნოს საქართველოში 15 ადამიანი, რომელიც შეძლებს და ენას კბილს დააჭერს და არ გააბაზრებს, რომ ნაფიც მსაჯულად დაუძახეს; ბრალდებულის ადვოკატი, ნათესავები და ძმაკაცებიც ვერ გამოიტანენ ინფორმაციას მსაჯულთა შესახებ (ტელეფონებს, მისამართებს, მათ კავშირებს თუ ფინანსურ მდგომარეობას); ვერ დაუკავშირდებიან მათ და ვერ გამონახავან მინიმუმ ხუთ საერთო ნათესავს და მინიმუმ ათ საერთო მეგობარს; ეს ადამიანები იმ საღამოსვე არ დაურეკავენ და არ ეტყვიან, რომ "დაკარგავს ახლა თუ არ დაეხმარება" და ეს ბიჭი (ან კაცი, ან ქალი) დამნაშავე არ არის, გაუგებრობაში მოყვა; ეს ახალგამომცხვარი მსაჯულიც ცდუნებას თუ ხათრს გაუძლებს (თუ მხოლოდ ხათრი იქნება, კიდევ კარგია) და შეუვალი, ობიექტური და მშვიდი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას...
არადა, ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დაგინება უფრო ჭრის, ვიდრე დაფიცება და ამაზე ხომ არ გვეფიქრა? აი, "დამგინებელ მსაჯულთა სასამართლო" რომ შევქმნათ!
- მე, ესა და ეს, ბოზიშვილი (უფრო მძაფრადაც შეიძლება) ვიყო (ან, ვიყვე), თუ "სპრავედლივად" არ გადავწყვიტო და არ დავიკიდო ძმაკაცის, უბნელისა თუ ნათესავის თხოვნა...
ვაჰ - "უფრო მძაფრ დაგინებაზე" ერთი მაგარი რამე გამახსენდა: რომ აღშფოთდებიან ხოლმე ახლანდელი ახალგაზრდების ასეთ დაფიცებაზე: ჩემი დედა ასე და ისეო, რომ ამბობენ, რა მოხდა მერე? დიდ ამბავი! ქართული კლასიკა გაიხსენეთ: "ხევისბერი გოჩა", როდესაც ბრძოლისათვის ემზადებიან მოხევეები, რა ტექსტით აფიცებს მათ ხევისბერი?! როგორ და, აი, ასე: "დედა შეერთოს ცოლად, ვინც მოძმეს უღალატოს" (ახლა, ვინმე არ მითხრას, ამ "ცოლად შერთვაში" სარეცხის დარეცხვა და ლობიოს მოხარშვა იგულისხმებოდაო, მაინც არ დავიჯერებ)!
ახლა მითხარით, ეს ფიცია, თუ უფრო დაგინებაა?! ხომ ვყოფილვარ მართალი?!
ისიც გაიხსენეთ, როგორ ჭრიდა ეს დაფიცება-დაგინება - "ბიჭები ბდღვნიდნენ ყველაფერს"!
ამიტომ გადავწყვიტოთ და დავასრულოთ: "დამგინებელ მსაჯულთა სასამართლო" ქართული იუსტიციის მომავალია!
P.S. მარიხუანის დეკრიმინალიზაციაც აქტუალური თემა იყო გასულ დღეებში და მაჟორიტარების არსებობა-არარსებობის საკითხიც...
არა მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე სტრიქონის საშუალებაღა დამრჩა აქ, არამედ სინამდვილეშიც, მართლა მქონია, რომ ერთმანეთთან კავშირშია და ერთად მინდა ამ ორივე ამბავზე ვთქვა: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და არჩევნების დროს გაიხსენეთ - რამდენი პოლიტიკოსი იტყვის, მე მივაღწიე დეკრიმინალიზაციასო (თუ მოხდა ასე), ან ძალიან ვცდილობდი დეკრიმინალიზაციასო (თუ არ მოხდა) და როგორ "ჩეჩქივით" მიუვათ თბილისელი პლანაქეშების ხმები.
ჩემდათავად კი, ცხადია, წინააღმდეგი ვარ ერთი ნაფაზისთვის კაცის დაჭერისა, მაგრამ რაც მე "პლანისგან" სამუდამოდ გადებილებული ხალხი მინახავს, იმდენი სიკეთე მე და თქვენ...