თბილისში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზი იყიდებოდა - კვირის პალიტრა

თბილისში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზი იყიდებოდა

თბილისში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საშიში თევზი იყიდებოდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს "დონატოს" ფაქტობრივი მმართველი, თენგიზ წიქარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შპს "დონატოს" კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით სისტემატურად ამზადებდა და შემდგომ რეალიზაციას უწევდა დიდი ოდენობით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ შებოლილ თევზს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით და 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"