"ჩემი ძმა თავს არ მოიკლავდა, ხალხო, ეს ტყუილია. ჩემი ძმა მოკლულია..." - რა ვითარებაში გარადაიცვალა 22 წლის რიგითი?!
"ჭკვიანი ბიჭი იყო და ყველაფერს გეგმავდა. შეყვარებული ჰყავდა, მალე ცოლის მოყვანას აპირებდა."
"გივის არაფერი სჭირდა თავის მოსაკლავი... ძალიან მხიარული და სიცოცხლით სავეს ბიჭი იყო... გონზე ვერ მოვდივარ, რა შეიძლება მომხდარიყო. ცხოვრებით ტკბებოდა, ოჯახის შექმნას აპირებდა, ასევე სამხდრო კარიერის გაგრძელებაზეც ფიქრობდა." - ამბობს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, გივი კირკიტაძის მეგობარი.
ოფიციალური ინფორმაციით, გივი კირკიტაძე პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე იყო და სასწავლო კურსზე კრწანისის სასწავლო ცენტრში იყო მივლინებული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 10 ივნისს რიგითი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან ერთი დღით დაითხოვეს, თუმცა მეორე დღეს ის სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით სამხედრო მოსამსახურეებმა ბიჭი სამხედრო სასწავლო ცენტრთან სიახლოვეს მდებარე, ნახევრად დანგრეულ შენობაში, გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველი ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო, სისხლის სამართლის საქმეც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ადამიანები, ვინც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, აცხადებენ, რომ შენობაში არ მოიძებნება ერთი ისეთი ადგილიც კი, სადაც ჯარისკაცი თოკის ჩამობმას შეძლებდა. შესაბამისად, ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ 22 წლის გივი კირკიტაძე სხვაგან მოკლეს და შემდეგ მისი ცხედარი მიტოვებულ შენობაში მიიტანეს. "რუსთავი 2"-თან გარდაცვლილის დამ განაცხადა: "ჩემი ძმა თავს არ მოიკლავდა, ხალხო, ეს ტყუილი და აბსურდია. ჩემი ძმა მოკლულია და მიყვანილია იმ ადგილზე." რიგითი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ზემო გურგენიანიდან იყო, სადაც უკვე გადაასვენეს ცხედარი. ახლობლები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
ბახვა კირკიტაძე, გარდაცვლილის მამა:
- ჩემს შვილს თავის მოკვლისთვის არანაიარი მიზეზი არ ჰქონდა. ეგ არის მოკლული. სისხლი აქეთაა დაქცეული, ბიჭი კიდევ სადღაც მოშორებით იყო ვითომ ჩამოკიდებული, ეგ როგორ, მკვდარი გადავიდა და თავი ჩამოიკიდა?!
აი, რას მოგვიყვა გარდაცვლილის მეგობარი:
- არ იყოს ისეთი ტიპი, რამე შარში გაეყო თავი, ჭკვიანი ბიჭი იყო და ყველაფერს გეგმავდა. შეყვარებული ჰყავდა, მალე ცოლის მოყვანას აპირებდა. ძალიან ბედნიერი იყო. არ ვიცი, განა ისე რადგიკალურად რას უნდა შეეცვალა მისი ცხოვრება, თავი რომ მოიკლა?! გაოცებული ვართ ყველანი. რაღაც ხომ უნდა გქონდეს ეჭვად, რის გამოც თავს მოიკლავდა, ჩვენ არაფერი გვაქვს და ეს უფრო გვტანჯავს... ძალაუნებურად ვფიქრობთ, რომ გივი მოკლეს...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე სისხლის გუბე იდგა...
- დიახ, ითქვა, რომ ვითომ ჯერ ვენები გადაიჭრა და შემდეგ ჩამოიხრჩო თავი. ცხედარი არ მინახავს და ვერ ვიტყვი, მართლა გადაჭრილი აქვს თუ არა ვენები, მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებლად მეჩვენება. ამ დღეებში ვნახე და ვხუმრობდით, - როდის ვიქეიფოთო. რადგან ცოლის მოყვანას აპირებდა, ვუთხარი, - ბარემ მოიყვანე და მაშინ შევიკრიბოთ გურგენიანში-მეთქი. ამ ყველაფრის შემდეგ ვერასდროს დავიჯერებ, რომ გივიმ თავი მოიკლა. 22 წლის იყო, უყვარდა სამხედრო სამსახური და კარიერის გაგრძელებაზეც ფიქრობდა...
- რა შეიძლება მომხდარიყო?
- არ ვიცი, როგორც გითხარით, არც ის ბიჭი იყო, რომ ვინმეს ხელი ადვილად წამოეკრა... თავი მოიკლა თუ მოკლესო, გამოძიებამ დასაბუთებულად უნდა გვითხრას.
საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)