"პუტინს ღარიბაშვილის ჟესტი არ დაავიწყდება"
"შეიძლება ბიუჯეტის ცვლილებას მართლაც გადააყოლონ ხადური, თუმცა, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ვინ წავა და ვინ მოვა, არამედ ის, რა შედეგი მოჰყვება ამას"
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" და აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს სხვადასხვა დონის სახელმწიფო სამსახურში ბოლო წლების განმავლობაში გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების მონაცემები. როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიღებული სახელფასო დანამატები, პრემიები თუ სხვა სახის ხარჯები საკმაოდ შთამბეჭდავია.“"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, 2012-2014 წლებში თვითმმართველობის ორგანოებში, მათ შორის - თბილისშიც, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ამავე წლებში მხოლოდ თბილისის მერიასა და საკრებულოში გაიცა 40 მილიონ ლარზე მეტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად კი ფინანსთა სამინისტროში 2012-2013 წლებში ბიუჯეტი არასათანადოდ დაიგეგმა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, 2011-2013 წლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ საჩუქრებისთვის 3 765 600 ლარი დახარჯა; შესყიდულია: ალკოჰოლური სასმელები, კომპიუტერული ტექნიკა, ტელეფონები, ოქროს სამკაულები და ა.შ.
ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბარი სწორედ ამ ანგარიშების შეფასებით დავიწყეთ.
- დღეს ამ ინფორმაციების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება. წარმოგიდგენიათ, წინა ხელისუფლებების დროს ასეთი რამ გამოქვეყნებულიყო? ვგულისხმობ არა მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომლის დროსაც ზოგიერთ სახელმწიფო ხარჯს საიდუმლო გრიფსაც კი ადებდნენ, არამედ იმის წინა ხელისუფლებასაც. ეს ამ ამბის ნათელი მხარეა. ახლა ვილაპარაკოთ მეორე - ბნელ მხარეზე. რასაკვირველია, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას შეადგენს, ეს ინფორმაცია წითელი ნაჭერია. რასაკვირველია, კარგ სპეციალისტს, პროფესიონალ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, სახელმწიფო დანამატიც და პრემიაც, რაც, ერთი მხრივ, მისი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი იქნება, მეორე მხრივ კი უარს ათქმევინებს ქრთამის აღებაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჯარო სამსახურებში შტატები უაღრესად გაბერილია, თანაც, ისმის ლოგიკური კითხვა: მათი უმრავლესობა, ვინც ამხელა დანამატებსა და პრემიებს იღებს, იმსახურებს კი ასეთ ანაზღაურებას?! რთულია დიფერენცირება, ვინ არის ამის ღირსი და ვინ - არა,M მაგრამ თუ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, უნდა გავიზიაროთ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება და ზუსტად განვსაზღვროთ, ვინ, როგორ და რატომ უნდა მიიღოს სახელფასო დანამატი თუ პრემია. გარდა ამისა, გადასახედია სხვა ტიპის ხარჯებიც: საწვავის, სატელეფონო და ა.შ. მაგალითად, აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მინისტრის მოადგილეს სატელეფონო ხარჯისთვის თვეში 1.000 ლარი ჰქონია გამოყოფილი! ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა სად და ვისთან უნდა ილაპარაკოს თვეში 1.000 ლარის?!
ამიტომ კეთილი ინებონ და როდესაც ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკობენ, სწორედ ამგვარი ხარჯები შეამცირონ. ამას საზოგადოება ნორმალურად აღიქვამდა, რომ ჩანდეს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაყოფიერი მუშაობა, რომ ვითარდებოდეს ეკონომიკა... ეს რომ არ ჩანს, სწორედ ამიტომ ღიზიანდება საზოგადოება. სააკაშვილის ადმინისტრაციის ხარჯები სულაც არ მიკვირს, ვიცოდით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს საკუთარ ჯიბედ რომ მიიჩნევდნენ; ისინი ამომრჩეველმა ამიტომაც გაუშვა ხელისუფლებიდან; მაგრამ რა გამოვიდა? ხარჯები ახალ ხელისუფლებაშიც იგივე დარჩა...
- ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებას, რომელიც სწორედ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს შეეხებოდა: "ხდება საჯარო სამსახურიდან კადრების გადინება, რადგან იქ, სადაც ხელფასი 2.000 ლარია, მცოდნე ადამიანები არ ჩერდებიან." მისივე თქმით, თუ კვალიფიციური სპეციალისტი ხარ, უმუშევარი არ დარჩები... ამის პარალელურად, ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა, თუმცა, ეს განცხადებები აღიზიანებს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომლის უმთავრესი პრობლემა სწორედ უმუშევრობაა...
- რაც შეეხება ბოლო დროის სტატისტიკას, დასაქმებულთა რიცხვი მცირედ შეიძლება მართლაც გაიზარდა, მაგრამ მათი დასაქმება არ ნიშნავს, რომ ისინი ოჯახს ინახავენ.
არადა, დასაქმებული ადამიანი ღირსეულად ცხოვრებას უნდა ახერხებდეს. როდესაც ზემოთ საჯარო სამსახურებში გაბერილი შტატები ვახსენე, ვიგულისხმე, რომ შტატები დაყვეს და 200-300-ლარიანი სამუშაო ადგილები გააჩინეს. ეს, ძირითადად, რეგიონებში მოხდა. ვიცი ისეთი მუნიციპალიტეტებიც, სადაც შტატგარეშე 145-მდე თანამშრომელი ჰყავთ, რომლებიც 200 ლარს იღებენ. არა მგონია, ასეთ მიზერულ შემოსავალს დასაქმება ერქვას. თანაც გაითვალისწინეთ, ეს ხალხი არ ქმნის არანაირ პროდუქტს. ამ თვალსაზრისით, იქნებ გაიზარდა კიდეც დასაქმებულთა რაოდენობა, მაგრამ სამუშაო ადგილებს ადმინისტრაციული სექტორი კი არ უნდა ქმნიდეს, არამედ - წარმოება. საქართველოს არაფერი უშველის - არც ტურიზმი, არც სოფლის მეურნეობა, თუ არ განვითარდა ინდუსტრია, განსაკუთრებით - მანქანათმშენებლობა. მიაქცევდით ყურადღებას, ბოლო ხანს აბრეშუმის გზის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა, ჩინეთიდან ჩამოვიდა პირველი ტვირთიც. ჩინეთს დღეს სჭირდება ევროპისკენ რუსეთის ალტერნატიული გზის გაჭრა ევროპის ბაზარზე უფრო აქტიურად გასასვლელად. მოგეხსენებათ, ევროპული ქვეყნების უამრავი პროდუქცია დღეს ჩინეთში მზადდება, ევროპაში ტრანსპორტირება კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩინელებს უნდათ, აზერბაიჯანსა და საქართველოში შექმნან საწარმოთა ქვეკომპანიები, სასაწყობო მეურნეობები სწორედ მძიმე მრეწველობისთვის, მაგრამ ვერ პოულობენ ხალხს, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა.…
- რატომ?
- იმიტომ, რომ, როგორც წესი, ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან, ან პასუხისმგებლობის აღება აშინებთ. ლაპარაკია ასეულობით მილიონიან ინვესტიციებზე... ჩინელებს ერთ-ერთი პროექტით სურთ, რომ აქ მანქანათმშენებლობის სისტემა შექმნან, ვიმეორებ, საქართველოში ამის პოტენციალი არსებობს...
- პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ მთავრობაში მოსალოდნელია ცვლილებები, დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოითქმის ვარაუდები, რომ მას მერე, რაც დასრულდება ბიუჯეტის კორექტირება, თანამდებობის დატოვება მოუწევს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, სახელდება მისი სავარაუდო შემცვლელიც - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე.
- არაერთხელ გვილაპარაკია, რომ ჩვენში სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის დღის წესრიგშია, რაც ნამდვილად არ არის კარგი და მიუთითებს ქვეყნის არასტაბილურობაზე. ეს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის განვითარებას აფერხებს და ქაოსის განწყობას ქმნის.
ბევრი რამ ვიცი ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე და ვადასტურებ, რომ ცვლილებებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ისევ და ისევ იმაზე, შემოდგომამდე რის გაკეთებას შეძლებს და რამდენად ეფექტიან გადაწყვეტილებებს მიიღებს მთავრობა.
რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, არ ვიცი, შეიძლება ბიუჯეტის ცვლილებას მართლაც გადააყოლონ ხადური, თუმცა, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ვინ წავა და ვინ მოვა, არამედ ის, რა შედეგი მოჰყვება ამას. ირაკლი მანაგაძე წლების განმავლობაში იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თუმცა, კარგა ხანია, წასულია ქვეყნიდან და მოწყვეტილია აქაურ რეალობას. არ ვიცი, როგორ შეძლებს ამ ვითარებაში სამინისტროს მართვას.
- ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობით ბრალდების მტკიცებულების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუშვებლად მიიჩნია. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თან ისე, რომ განჩინება ჯერ გაასაიდუმლოა, ორ დღეში კი - გრიფი "საიდუმლო" მოხსნა. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
- მეტად სამარცხვინო პროცესია. იმდენი ქნეს, რომ რიგითი მოქალაქეებიც კი საქმის პოლიტიკურ მოტივებში დაარწმუნეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა მხარე რაღაცაშია დამნაშავე და რაღაცას მალავს, ან ყველა მართალია და სიტუაციიდან გამოძრომას ვეღარ ახერხებენ. რაც შეეხება პროკურატურას, მეჩვენება, რომ პროკურატურა ამ საქმის სასამართლო განხილვისთვის სრულიად მოუმზადებელი იყო...
- როგორ შეაფასებთ იუსტიციის ექსმინისტრ ზურაბ ადეიშვილის ერთ-ერთ ქართულ ტელეკომპანიასთან ალაპარაკებას და მის მიერ შეცდომების აღიარებას?
- ვფიქრობ, რომ ადეიშვილის ინტერვიუ გარკვეული გეგმის ნაწილია.
რაც შეეხება შეცდომების აღიარებას, ეს შეიძლება მისაღები იყოს "ნაციონალური მოძრობის" იმ წევრისგან, ვინც პირადად არ მონაწილეობდა დანაშაულებში, ადეიშვილისგან კი, რომელიც მონაწილეობდა ადამიანებისთვის ქონების წართმევაში, მათ უკანონო დასჯაში, ასეთი ლაპარაკი მიუღებელია.
მას მონანიებაც არ უშველის, არაერთი საქმეა აღძრული და პასუხი უნდა აგოს. ეს იყო ვიღაცის დავალებით კეკლუცობა კამერის წინაშე. ისე, აქ ვერ გამოიყვანა სააკაშვილმა ადეიშვილი კამერების წინ და იქ როგორ აიძულა, არ ვიცი. როგორც ჩანს, ეს რაღაც სამომავლო აუცილებლობისთვის დასჭირდათ. რაც შეეხება სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნას... ის მე მაგონებს ჯარისკაცს, რომელმაც ნაღმს დააბიჯა ფეხი და თუ აიღო, აფეთქდება. იქ ურთულესი სიტუაციაა. მიუხედავად სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულებისა, უნდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ავანტიურისტული, მაგრამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო.
პოროშენკო წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუ მარიუპოლთან ერთად ოდესაც დაიკარგება, ეს სააკაშვილს დაბრალდება, თუ გამოიჩინა თავი, მაშინ მის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრს დაუპირისპირებს და ასე მოიშორებს იაცენიუკს.
სააკაშვილი რისკავს. ოდესაში სააკაშვილს უპირისპირდება: რუსეთი, ოლიგარქი კოლომეისკი, კრიმინალური ჯგუფები - არა მხოლოდ უკრაინული, არამედ ქართულიც - და ჩინოვნიკური აპარატი, რომელიც პირველივე დღეებში გადაიმტერა. მოკლედ, ბატონი სააკაშვილი კრაზანების ბუდეში მოხვდა...
- გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ბაქოში, ევროპული თამაშების გახსნაზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. როგორც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, ღარიბაშვილი სუფრასთან თითქმის პუტინის მეზობლად ზის, თუმცა აშკარაა, რომ მას საერთოდ არ იმჩნევს, არათუ არ ეკონტაქტება, მისკენ არც იხედება...
- გამიჭირდება ამ ფაქტის კომენტირება, რადგან რთულია რაღაც მცირე ქრონომეტრაჟის ჩანაწერით რაიმე დასკვნების გაკეთება, თუმცა ვნახეთ პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაც, რომ ღარიბაშვილს და პუტინს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, გამარჯობას ალბათ, ეტყოდნენ ერთმანეთს, სხვანაირად რაზე უნდა ელაპარაკათ, არ ვიცი, რადგან შეხვედრა წინასწარ მომზადებული არ ყოფილა. შესაძლოა, ვიღაცას ამგვარი შემთხვევა გამოეყენებინა თუნდაც მცირე კომუნიკაციისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ეს საჭიროდ არ მიიჩნია. ზოგადად, პუტინს არ უყვარს, როდესაც იგნორირებას უკეთებენ და სავარაუდოდ, ღარიბაშვილის ეს ჟესტი არ დაავიწყდება.
- მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ განახლდა საომარი მოქმედებები...
- ახლა უკრაინაში ხდება ის, რაც აფხაზეთის ომის დროს ხდებოდა საქართველოში - უკრაინის ნაწილი იბრძვის, მეორე ნაწილს ფეხებზე ჰკიდა ეს ბრძოლა და ამით ფულის კეთებას ცდილობს. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთზე გამარჯვებისთვის ლოცულობენ. თუ რუსეთმა დაინახა, რომ მდგომარეობა გართულდა, მაგალითად, თუ მას ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს, კრემლი უფრო გაამწვავებს ვითარებას უკრაინაში და ალბათ, მარიუპოლს დაარტყამს. მოკლედ, მცირე დაძაბულობა და, სეპარატისტები ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ქალაქს შეუტევენ. თუ მარიუპოლი დაიკავეს, მერე ოდესას მიადგებიან. გავითვალისწინოთ ისიც, რა ხდება დნესტრისპირეთში.¸იქ რუსებმა უკვე დაიწყეს სამხედრო ფორმირებების მანევრები, ანუ ცდილობენ სამხედრო ძალის დემონსტრირებას. რუსეთს, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი აქვს, გაჭრას გზა დნესტრისპირეთისკენ და ამას, ალბათ, გააკეთებს კიდეც, თუ უკრაინას კულუარულად არ მოელაპარაკა. თუ ოდესა ფრონტის ხაზად იქცა, საკითხავია, რას იზამს მისი გუბერნატორი?! სააკაშვილის გორში მოქმედებიდან გამომდინარე, შეძლებს კი ის, გახდეს მებრძოლი ქალაქის კომენდანტი?!
ნათია დოლიძე