შსს გვაფრთხილებს, რომ თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ! - კვირის პალიტრა

შსს გვაფრთხილებს, რომ თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ!

დაკარგული და ლიკვიდირებულია 20 მგელი, 8 ლომი, თეთრი ვეფხვები, ვეფხვები, აფთრები და იაგუარები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერები დააზიანა, შედეგად ცხოველები გარეთ გამოვიდნენ. შსს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და მაქსიმალურად აკონტროლებს შექმნილ ვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მობილიზებულია იმისათვის, რომ აღნიშნული ცხოველების დაძინება და ზოოპარკში დაბრუნება დროულად მოხდეს. ამ დროისათვის რამდენიმე ცხოველის დაძინება უკვე მოხდა, ხოლო რამდენიმეს - ლიკვიდაცია გახდა საჭირო.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამინისტრო ურჩევს, მოსახლეობას თავი შეიკავოს ქუჩებში გადაადგილებისგან და თუ კი ვინმე შეამჩნევს რომელიმე ცხოველს, დაუყონებლივ დარეკოს 112-ზე და შეატყობინოს სამართალდამცველებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას პერიოდულად მიაწვდის.

ზოოპარკში მტაცებლების დიდი ნაწილი პრაქტიკულად აღარ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დაკარგული და ლიკვიდირებულია 20 მგელი, 8 ლომი, თეთრი ვეფხვები, ვეფხვები, აფთრები და იაგუარები. ასევე 17-დან მხოლოდ სამი პინგვინია გადარჩენილი.

მათი ინფორმაციით, ცხოველთა ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი - დაკარგული.

საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გადარჩნენ ზოოპარკის ბინადრები, რომლებიც ზოოპარკის ზედა მხარეს არიან მოთავსებულები, მათ შორის - გველები, სპილოები, ზებრები, ირმები, ლამურები, ცხენები, პონები, აზავერები და თხები.

"ინტერპრესნიუსი"

კადრები, რომელიც შეგძრავთ (ფოტოგალერეა)