სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, რამდენიმე ადამიანს მაშველები ეძებენ
წუხელ, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ უმძიმესი ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. (იხილეთ ფოტოგალერეა) არის მსხვერპლი. როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. რამდენიმე ადამიანი დაკარგულია და მაშველები ეძებენ. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები მტაცებლებებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და ცხოველების დასაბრუნებლად. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატობირილია საცხოვრებელი სახლები. მოკლე დროში მოსულმა უხვმა ნალექმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გამოიწვია მეწყერი.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. საგანგებო შტაბის თათბირზე გადაწყდა, რომ დღეს დედაქალაქში რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტება. შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში, განსაკუთრებით გმირთა მოედნის, ზოოპარკის, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან. ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპატრულო პოლიცია გაავრცელებს. საგანგებო შტაბის დავალებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია ყველა აუცილებელი რესურსი. მოქმედებს ცხელი ხაზი 112. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ვიდეო