ახლობლები სტიქიის დროს დაკარგულ 33 წლის ბექა ბუთურიშვილს ეძებენ - კვირის პალიტრა

ახლობლები სტიქიის დროს დაკარგულ 33 წლის ბექა ბუთურიშვილს ეძებენ

თბილისში 13 ივნისის სტიქიის დროს ერთ-ერთი დაკარგული 33 წლის ბექა ბუთურიშვილია.

Ambebi.ge-ს 33 წლის ბექა ბუთურიშვილის მეგობარი მაია კოროშინაძე დაუკავშირდა და მასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მაია კოროშინაძემ განაცხადა, ბექა ბუთურიშვილი შაბათს ღამით სტიქიის დროს ვერეს ახალ გზაზე მოძრაობდა და სწორედ იმ დროს გაიტაცა წყალმა.

"ბექა შაბათს ღამით, პირველის წუთებზე მოძრაობდა გზაზე. ვაჟადან თავისუფლების მოდნისკენ მიდიოდა. ბოლოს ორი ზარი განახორციელა. პირველის წუთებზე მეგობარს ელაპარაკა, თავისუფლებაზე უნდა მისულიყო იმ მეგობართან, მეორე ზარი, როგორც გამომძიებელმა გვითხრა, პირველის ნახევარზე იყო დაფიქსირებული ბექას ტელეფონიდან, მაგრამ ვის დაურეკა არ ვიცით, ამის მერე კავშირი გაწყდა. ვაჟადან ახალი გზის გავლით თავისუფლებაზე მიდიოდა. დღეს დილით სამი მანქანა იპოვეს და ერთ-ერთი ბექასი იყო. მანქანა დაჭეჭყილია, ღვედი გახსნილია, ვვარაუდობთ რომ გადმოსვლა მოასწრო, ტელეფონი და საბუთები მანქანაში იყო. ბექა იმ 24 ძებნილებს შორის ერთ-ერთი იყო, დღეს ცნობილი გახდა, რომ 14 ადამიანი იპოვეს, მაგრამ ბექას კვალს ჯერ ვერ მიაგნეს", - განაცხადა ბექა ბუთურიშვილის მეგობარმა.

33 წლის ბექა ბუთურიშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ამ ნომერზე: 593 54 44 48.

ბექა ბუთურიშვილის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში დაადასტურეს. მათი თქმით, მისი ძებნა მიმდინარეობს.

ყველა მოქალაქეს, ვინც დაკარგულ ახლობელს ეძებს, შეუძლია Ambebi.ge-ს მეილზე, sos@ambebi.ge შეტყობინება გაგზავნოს, მიაწოდოს მათი სახელები და გვარები, ფოტო და ეს გამოქვეყნდება საიტსა და სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"