"იდგნენ უკუნ სიბნელეში, შიშით და იმედით სავსენი" - ივლიტა ჯიბუტის ძებნა გრძელდება
"ივლიტა ჯიბუტი ჯერ კიდევ არ უპოვნიათ, ის განსაცდელშია. მას ჩვენი დახმარება სჭირდება...
ჩვენ გვჯერა სასწაულების, გვჯერა, რომ ის უნდა გამოჩნდეს!
ის სადღაც ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ჩვენს გამოჩენას ელოდება, ჩუმად გვეძახის... ჩვენ არ გვაქვს უფლება არ გავიგონოთ მისი... გამოვიდეთ სახლებიდან, დავუდგეთ გვერდით მამა გიორგის ოჯახს!" - ასე მოუწოდებენ დაკარგული, ფეხმძიმე გოგონას მეგობრები საზოგადოებას და სთხოვენ ივლიტა ჯიბუტის მოძებენაში დახმარებას.
იმ ავბედით ღამეს ივლიტა, მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. მდინარის ადიდების დროს ახალგაზრდები თავის გადასრჩენად სახლის სახურავზე ავიდნენ, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. ვაჟის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, ივლიტას მეგობარი გოგონას მარიამ ქუთელიას ცხედარი გუშინ იპოვეს. ივლიტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდანაა და ის მთაწმინდის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგის ქალიშვილია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ჩვენს დედაქალაქში შექმნილი ვითარების ტრაგიზმს სრულად ასახავს, ფოტოზე ივლიტას მამა ეძებს. სოციალრ ქსელშივე გამოქვეყნდა "ფესიბუქმომხმარებლის", ეკო მამალაძის ჩანაწერი:
,,გუშინ მდინარე ვერემ ახალგაზრდა გოგონა ქმარს ხელიდან გამოსტაცა..''
,,ივლიტა ჯიბუტს, რომელიც მდინარემ გაიტაცა, კვლავ ეძებენ.'' - არაერთი მსგავსი სათაურის მქონე სტატიას გადააწყდებით.
მე მინდა მოგიყვეთ ერთი ლამაზი გოგონას ისტორია...
ისტორია, რომელიც თითოეული დაკარგული ადამიანის უკან დგას.
ალბათ დედამიწაზე თუ არსებობენ ანგელოზები - ივლიტა ნამდვილად ასეთია.
21-ე საუკუნეში ვერ შეხვდებით მის მსგავსს (მე პირადად არ ვიცნობ) -- გულუბრყვილო, ბავშვური, ნაზი, მოკრძალებული, წმინდა და წრფელი გულით, სხვებზე ზრუნვით აღსავსე, თბილი და კეთილი.
სტიქიის ღამეს მეგობართან ერთად გამოცდისთვის მეცადინეობდა.
ორი უნიჭიერესი, უჭკვიანესი გოგო უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდნენ. პრეზიდენტის არაერთგზის სტიპენდიანტები ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ. ივლიტა გახარებული იყო, წარმატებით გაიარა გასაუბრება- სამსახურს იწყებდა, სრულდებოდა რემონტი ახალ სახლში, სადაც მის საყვარელ მეუღლესთან ერთად უნდა გადასულიყო - კარგ პალასაზე გადადიოდა.
თუმცა, უეცრად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მარტო აღმოჩნდნენ სტიქიის წინაშე.
ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან არსებულ კლდეზე აძვრნენ. დახმარების მოლოდინში სახლის სახურავს შეეფარნენ.
ამაოდ ელოდნენ დახმარებას 45 წუთის განმავლობაში.
იდგნენ უკუნ სიბნელეში, შიშით და იმედით სავსენი.
იმედით, რომ აღარ წვიმდა და წყალი დაიწევდა.
იმედით, რომ მაშველები მალე მოვიდოდნენ.
იმედით, რომ ღმერთი არ გაწირავდა.
ივლიტა საოცრად მშვიდი ყოფილა. არც გამკვირვებია.
თავისი ფორიაქით გარშემომყოფთ არ შეაწუხებდა.
იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა.
მამაოს შვილს ბავშვობიდან გაძლიერებული ჰქონდა რწმენა.
სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდა.
მშვიდად იყო კიდევ ერთი მიზეზის გამო, გვერდით დათო ჰყავდა.
მერე რა, რომ ცურვა არ იცოდა.
მთავარია, დათო გვერდით ჰყავდა.
დათო, რომელიც მის გამო მთებს გადადგამდა, არ დათმობდა, გამოსავალს იპოვიდა, შეუძლებელს შეძლებდა.
მერე კი ...
მერე უცბად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა.
დიდხანს ებრძოლეს სტიქიას. დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი....
ბიჭი გადარჩა.
მეგობარი გოგონას ცხედარი იპოვეს.
ივლიტა დაკარგულია.
ღმერთო, ხომ არსებობს სასწაულები ....
მოახდინე რა..."
ვისაც გსურთ გოგონას მოძებნაში მიიღოთ მონაწილეობა ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
514 78 78 77
595 03 43 94
577 18 70 66
597 87 00 87
იხილეთ ასევე: "ცასწავალა" - სტიქიისას დაკარგული მარიამ ქუთელია გარდაცვლილი იპოვეს