"უკვე ვიხრჩობოდით, წყალი ელვისუსწრაფესად მატულობდა..." - ტრაგედიის თვითმხილველთა მონაყოლი - კვირის პალიტრა

"უკვე ვიხრჩობოდით, წყალი ელვისუსწრაფესად მატულობდა..." - ტრაგედიის თვითმხილველთა მონაყოლი

"ვხედავდი როგორ კოლოფებივით მოჰქონდა წყალს მანქანები, სახლის ნაწილები, როგორ მოგლიჯა მეზობლის სახლი და წაიღო."

"ჩემმა ძმამ რაღაც არადამიანური ძალა და ნებისყოფა გამოჩინა და როგორღაც გაანგრია გისოსები, გამოვედით აივანზე, მაგრამ ისევ წყალში და იმ დროს უკვე გამოჩნდნენ მაშველებიც..."

პეკინზე, იმ სასტუმროს ვეწვიეთ, სადაც ჩიქოვანის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანები დააბინავეს. მათ რეალურად სიკვდილს ჩახედეს თვალებში და ლამის საკუთარი თავებიც გამოიტირეს, ბევრ მათგანს აღარც კი ეგონათ, თუ ცოცხალი გადარჩებოდა, მაგრამ მათ ღმერთმა სიცოცხლე აჩუქა, თუმცა ქონება და სახლ-კარი უეცრად მოვარდნილ წყალს გაატანეს.

გიორგი არჩუაშვილი 5 წელია ჩიქოვანის ქუჩის 36 ნომერში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მართალია მრავალსართულიანი კორპუსია, მაგრამ მათი ბინა ამ შენობის პირველ სართულზეა და ინდივიდუალური შესასვლელი აქვს:

- დედა აივანზე იყო გასული, თითქოს ჩვეულებრივად წვიმდა, ორი წამის შემოსული იყო, რომ მეზობელმა დარეკა, მდინარე კალაპოტიდან არის გადმოსულიო. გარეთ გასვლა რომ დავაპირეთ, უკვე კარზე იყო წყალი მომდგარი. ფანჯრიდან ვხედავდით, მდინარე რა სისწრაფით მოდიოდა. მოკლედ, კარი რომ გაგვეღო, წყალი შემოვარდებოდა და იქიდან ვერაფრით გამოვაღწევდით. მოკლედ, კარი კარგად დავკეტეთ, წყალი რომ არ შემოსულიყო, ფანჯრებიდან კი გისოსების გამო ვერ გადავიდოდით. სამაშველოში დავრეკეთ ბევრი გამოძახება ჰქონდათ და გვითხრეს, როცა მოვახერხებთ, მოვალთო. სახლში წყალი ნელ-ნელა აღწევდა შიგნით და იქაურობა ივსებოდა.

- შინ რამდენი იყავით?

- ოთხნი - დედა, ჩემი და და რძალი. ჩემი ძმა შინ არ იყო. წყალი უკვე ფანჯრებამდე იყო მოსული, მეზობლის კედელს ეჯახებოდა და მერე ჩვენთან ბრუნდებოდა და ფანჯრებს ურტყამდა. ჩემს ძმას დავურეკეთ და ვუთხარით, რომ არ მოსულიყო, რადგანაც აზრი აღარ ჰქონდა, ჩვენი ხმაც უკვე არავის ესმოდა, წყლის ხმაური ყველაფერს ახშობდა. ვიბრძოდით ბოლომდე, ყველანარი რესურსით, რაც გაგვაჩნდა და შეგვეძლო. კარს ვამაგრებდით ნივთებს ვაწყობდით. ბოლოს ფანჯრებამდე რომ ამოვიდა, უკვე ღრიჭოებიდან დაიწყო შემოსვლა და მისი შეკავება გაძნელდა. მიუხედავად ჩვენი ხვეწნა-მუდარისა არ მოსულიყო და თავისთვის ეშველა, ჩემმა ძმამ არ დაგვიჯერა, რომ არა მისი სიჯიუტე, ალბათ ახლა მკვდრები ვიქნებოდით.

აივანს თუნუქის ფურცლები ჰქონდა გადაგაფარებული, მან ეს თუნუქის ფურცლები ახადა, იქიდან ჩამოძვრა და აივნის მოაჯირზე დადგა, ამასობაში ლამითა და წყლით ივსებოდა გარშემო ყველაფერი. ცდილობდა, ლომით დაენგრია გისოსები, რომ იქიდან გამოვეყვანეთ. ამ დროს ვხედავდით, წყალს ჩვენს ფანჯრებთან მანქანები და ხეები როგორ მოჰქონდა...

- საბოლოოდ როგორ გამოღწიეთ?

- ბოლო წამები იყო და უკვე წყალი ნიკაპამდე გვწვდებოდა. ჩემ ძმას ვეხვეწებოდით, წასულიყო... იმ დროს ის ლომიც, რითაც გისოსებს ანგრევდა დაუვარდა, მაგრამ მაინც შეუპოვრად ცდილობდა შემოეღწია, რადგანაც ძლიერი ბიჭია, მორაგბე... უკვე ვიხრჩობოდით. წყალი ელვისუსწრაფესად მატულობდა, ჩვენც თანდათან ზევით ვიწევდით. ბოლოს წყალმა ფანჯრებიც გადმოანგრია. ჩემმა ძმამ რაღაც არადამიანური ძალა და ნებისყოფა გამოჩინა და როგორღაც გაანგრია გისოსები, გამოვედით აივანზე, მაგრამ ისევ წყალში და იმ დროს უკვე გამოჩნდნენ მაშველებიც...

ყველანი შეგუებულები ვიყავით, რომ ვუღუპებოდით, დედაჩემი ჩემ ძმას მხოლოდ იმას ეხვეწებოდა წადი, შენ მაინც უშველე თავსო! 3-4 წუთიც რომ დაგვიანებულიყო, დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.

- ფეხი თაბაშირში გაქვთ. რა გაქვთ დაზიანებული?

- სხეულის სხვადასხვა ადგილზე მყესები და ვენები დამიზიანდა, ფატობრივად, სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, აბსოლუტურად, ჩაქნეული გვქოდა ხელი...

- ახლა რა ხდება თქვენს სახლში?

- წყალი დაიწრიტა, მაგრამ მუხლებამდე ლამია. სრულიად ყველაფერი დაიკარგა. კედლებიც განადგურებიულია. ამბობენ, შლამისგან გავათავისუფლებთო, მაგრამ მეეჭვება იქ ცხოვრება შევძლოთ, ფსიქოლოგიურად საშინელი განცდები გვაქვს ყველას.

ნანი კრიჭაშვილი, ჩიქოვანის ქუჩის #89 წლის მობინადრე.

- 15 წელია აქ ვცხოვრობ, რაღა ვცხოვრობ, ჩემი სახლი აღარ არსებობს... კერძო სახლი მქონდა. ბოლო წლების განმავლობაში სულ დიდებოდა ეს მდინარე და სულ გვეშინოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა. დაბლა ბაღი გვქონდა და ეს გზა რომ გაკეთდა, `ვერა რეჩკას~ მიმართულება შეუცვალეს, ჩვენ მხარეს იყო გადმოტანილი, რომ დიდებოდა, იქიდან აქეთ გადმოდიოდა, ჩვენსკენ, ჰოდა, ის ბაღი მოგვტაცა. არა უშავსო, - გვეუბნებოდნენ, ცოტა ხანში თქვენც გაგიშვებენ აქედან, რადგან ბევრი გადაიყვანეს უკვეო.

სახლის მარტო საძირკველიღა ჩანს. ყველაფერი წყალმა წაიღო. სახლი კი არა, მე როგორ გადავრჩი, არ ვიცი.

- შეგიძლიათ აღიდგინოთ და გაიხსენოთ სტიქიამდე სიტუაცია?

- წვიმა რომ წამოვიდა, 10 საათი იქნებოდა, არადა აღარ ჩერდებოდა წყლის ნაკადი, შემეშინდა, გავთიშე ტელევიზორი, მაცივარი, ავიღე ქოლგა, გარეთ გავედი, კიბეებზე ავედი და ამ ყველაფერს ზემოდან ვაკვირდებოდი, წყალი არ იკლებდა, პირიქით, მატულობდა. სულ გასაწური ვიყავი, შიშმა შემიპყრო, საფრთხეს ვხედავდი. მერე გული დამწყდა საბუთები და ფული რომ ვერ ავიღე, რადგან წყალმა ისეთი სისწრაფით დაიწყო მომატება შინ მიბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა. იმ დროს მეზობელი მეძახდა, ჩვენთან ჩამოდიო, მე ვეძახდი თქვენც ზემოთ წამოდით-მეთქი, საბოლოოდ, მათი სახლიც წაიღო წყალმა. საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ კოლოფებივით მოჰქონდა წყალს მანქანები, სახლის ნაწილები, როგორ მოგლიჯა მეზობლის სახლი და წაიღო.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ფოტოგალერეა