"ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს!" - რა დროს ჩნდება წყალდიდობის შემდეგ დაავადებების საფრთხე და როგორ დავიცვათ თავი?! - კვირის პალიტრა

"ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს!" - რა დროს ჩნდება წყალდიდობის შემდეგ დაავადებების საფრთხე და როგორ დავიცვათ თავი?!

"არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში. საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით: მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს."

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველადი შეფასებით ზარალმა შეიძელაბ 100 მილიონ ლარს მიაღწიოს, თუმცა ყველაზე დიდი დანაკარგი ის ადამაინებია, რომელიც სტიქიამ იმსხვერპლა. წყალდიდობის მეორე დღესვე გავრცელდა აზრი, არსებობდა გარკვეული დაავადებების გაჩენისა ეპიდემიის გარცელების საფრთხე. რამდენად რეალურია ეს საფრთხე? - ამაზე კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს პაატა იმნაძეს ვთხოვეთ:

- ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობით გამოწვეული გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეული რისკების. ვერ გეტყვით რატომ გავრცელდა აზრი, რომ შესაძლოა დაიწყოს ეპიდემია. ჩვენი ცენტრი მუდმივად აკონტოროლებს სიტუაციას და დაბეჯითებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არსებოს.

- დახოცილი ცხოველებისგან, თუ არსებობს რაიმე დაავადების გავრცელების საფრთხე?

- არც ამ კუთხით არსებობს რაიმე საფრთხე, რადგან ყველა მკვდარი ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, თანაც დახოცილები სპეციალური წესის დაცვით დამარხეს, შესაბამისად, ყოველგვარი საფრთხე გამორიცხულია.

- ზოგადად რა ტიპის დაავადებების საფრთხე ჩნდება წყალდიდობის შემდეგ?

- ძირითადად წყალთან და საკვებთან დაკავშირებული საფრთხეებია, არის შანსი ნაწლავური ინფექციების გავრცელების, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა იშლება ცენტრალური წყალმომარაგება და ხდება მოვარდნილი წყლის სასმელ წყალში შერევა, საბედნიეროდ მსგავსი არაფერი მომხდარა. უშუალოდ იმ ადგილასაც კი, სადაც წყალდიდობა მოხდა, იქაც არაა არანაირი საფრთხე, რადგან იქ ხალხი, ფაქტობრივად, აღარ ცხოვრობს.

- ასეთი ტიპის დაავადებებისგან თავდასაცავად რა სახის პრევენციული ზომები უნდა დავიცვათ?

- როგორც უკვე გითხარით, ეპიდემიის არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა თუ პრევენციულ ზომებზე ვლაპარაკობთ: გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი რისკის შემცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები, ამიტომ წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში. საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით: მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს. მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მზა კერძი მოთავსეთ მაცივარში. მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები - თავდახურულ ჭურჭელში. გაითვალისწინეთ, რომ მაცივარი არა არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გარანტი ელექტროენერეგიის გათიშვის შემთხვევაში. თუ ელექტროენერგია ხანგრძლივად არ მოგეწოდებათ, შესაძლოა თქვენი კერძების კეთილსაიმედობა საეჭვო გახდეს. რაც შეეხება უშუალოდ დაზარალების ეპიცენტრში ყოფნისას, გაითვალისწინეთ, რომ არ გამოიყენოთ საკვებად წყალში ჩაძირული პროდუქტები. თუ გაქვთ ჭა, მისი წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულად ამოტუმბვის და დეზინფექციის (ქლორი) შემდეგ, სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენეთ გადადუღებული ან ბოთლში დაფასოებული წყალი. გარეცხეთ (გამოხარშეთ) დაბინძრებული ჭურჭელი, ან გარეცხვისთვით გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ე.წ. მათეთრებელი. ეს ყველაფერი არის პრევენციული ზომები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამ ეტაზე ეპიდემიის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)