"სამი დღე ვიხვეწებოდით, აქაურობისთვის მოეხედათ, "ლაგუნას" ტერიტორიაზე ნახეს ვეფხვიც, რაზეც გავაფრთხილეთ კიდეც..." - კვირის პალიტრა

"სამი დღე ვიხვეწებოდით, აქაურობისთვის მოეხედათ, "ლაგუნას" ტერიტორიაზე ნახეს ვეფხვიც, რაზეც გავაფრთხილეთ კიდეც..."

იმ საწყობების თანამშრომლები, სადაც დღეს მტაცებელმა ცხოველმა ადამიანი იმსხვერპლა, აცხადებენ, რომ სტიქიის დღიდან ცდილობდნენ ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ყურადღების მიქცევას და "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიის შემოწმებას.

"სამი დღე ვიხვეწებოდით, რომ აქაურობისთვის მოეხედათ. კაციშვილი არაა პატრონი, ყველა მხოლოდ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა. თქვენც ხედავთ, ეს უზარმაზარი ტერიტორიაა, სადაც სხვადასხვა კომპანიებს ჩვენ-ჩვენი საწყობები გვაქვს. როცა წყალი მოვარდა, სარდაფები დატბორა. 13 ივნისის მერე მერიას ვეხვეწებით, რომ მოვიდნენ და ეს წყალი ამოტუმბონ. ამ ტერიტორიას ყველა მხრიდან გასასვლელი აქვს. ამიტომ, გაქცეულ ცხოველს აქ შემოსვლა და თავის შეფარება არ გაუჭირდებოდა. ვამბობდით, რომ აქ შეიძლება ცხოველები ყოფილიყვნენ, მეტიც, ამ ტერიტორიაზე ნახეს ვეფხვიც, ამის შესახებ გავაფრთხილეთ კიდეც. როგორც ჩანს, ვეფხვი საწყობში იმალებოდა. დღეს კი მუშები რომ შევიდნენ, პირველი ვინც შევიდა იმას ეცა. წარმოიდგინეთ, სამი დღის მშიერი, აგრესიული ვეფხვი რას უზამდა? ეს ადამიანი სხვების უპასუხისმგებლობას შეეწირა. ყველა ახლა მოცვივდა, როცა კაცი ცოცხალი აღარ არის. მანამდე რომ ვიხვეწებოდით სად იყვნენ? ხომ იცოდნენ, რომ მტაცებელი ცხოველი გარეთ იყო, სხვა თუ არაფერი ეს ადგილი ზედაპირულად მაინც ხომ უნდა შეემოწმებინათ?! სად არის პრემიერი, რომ იძახის სიტუაციას ვაკონტროლებთო? ესაა სიტუაციის კონტოლი? ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს," - ამბობს ერთ-ერთი იმ კომპანიის მფლობელი, რომლის საწყობებიც "ლაგუნას ვერეს" მიმდებარედ მდებარეობს, მან ვინაობის დასახელებაზე უარი გვითხრა.

თუმცა, 112-ში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლაგუნას" მიმდებარე ტერიტორიაზე მუშებმა ვეფხვი შენიშნეს, მათთან არ შესულა: "ეს ინფორმაცია ჩვენთან არ შემოსულა. არ ვადასტურებთ," - გვითხრეს 112-ში.

წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე: "თვალებიდან არ ამომდის, როგორ ეჯდა ადამიანს ვეფხვი ზედ... ვინ გასცემს დაღუპულის ცოლ-შვილს პასუხს?!"