ბეჰემოთები ქალაქში
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლი იმ უბედურებას, რაც დედაქალაქში მოხდა... შესაძლოა, საერთოდ უხერხულიც იყოს ამ დღეებში "პროვოკაციის" წერა, რადგან რაც უნდა მძიმე იყოს რეალობა, ერთი-ორი სასაცილო ფრაზა მაინც ხომ უნდა გამოერიოს ნაწერში, "ჟანრის კანონების" მიხედვით...
ახლა კი, რა დროს ჟანრი და რა დროს სიცილია...
...მაგრამ ჩვენ ვცოცხლობთ და ვხედავთ, ვხედავთ ადამიანების გულადობასა და სიქველეს, მავანთა მხრიდან კი სრულიად საწინააღმდეგოს და ასეთ დროს, "ცოტას დაშავება", შესაძლოა, უფრო დიდი ბოროტება იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში "ოფიციალური დანაშაულის" ჩადენა. მეც, ბოდიშს ვიხდი და, როგორც ვთქვი, "პროვოკატორის" ამპლუაში ვრჩები - გმირობასა და სიკეთეზე სხვამ დაწეროს, მე იმ "ცოტათი დამნაშავეებზე" ვიტყვი.
მართლაც აქვს მნიშვნელობა სიტუაციას, დროს, გარემოებას, ზოგადად - კონტექსტს. აბა წარმოიდგინეთ: მე რომ წინა "პროვოკაციაში" დამეწერა: ბაზრობებზე სამუშაო იარაღი გაძვირდა, ხოლო ტაქსის ტარიფმა ქალაქში მოიმატა-მეთქი, ხომ იტყოდით: ამას საქმე გამოლევია, ფასები ყოველ დღე იზრდება და რა ნახა აქ საოცარიო?!
მაგრამ რაც ამ უბედურების დღეებში თბილისში მოხდა, ჩემთვის (არ ვაჭარბებ) მოროდიორობის ტოლფასია: ბაზრობებსა და სამეურნეო საქონლის მაღაზიებში მხოლოდ ნიჩბების ფასი გაორმაგდა! არც თოხის, არც ბარის და არც ფოცხის - მხოლოდ ნიჩბების!
ქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერიის გადაკეტვით პარალიზებულ ქალაქში კი, უტრანსპორტობის გამო მომრავლებულ კლიენტებს, საბაზრო კანონების საწინააღმდეგოდ ("გასაღების" მატება რომ ფასის კლებას უნდა იწვევდეს), თბილისელი (პირობითი ცნებაა, რადგან ძირითადად არათბილისელები არიან და საბურთალოდან რუსთაველამდე გზა თუ არ ასწავლე, ვერ მიგიყვანენ) ტაქსისტები გაორმაგებული ტარიფებით "გაუმასპინძლდნენ".
ყვითელი ავტობუსის ერთ კონტროლიორზე წერდა ვიღაც ყმაწვილი "ფეისბუკში": ნიჩბით და დასვრილი ჩექმებით რომ ავედი, ბილეთი არ ამაღებინა, თქვენთვის დღეს მგზავრობა უფასოაო. მაგრამ როგორც ვთქვი, ასეთ კარგ ხალხზე სხვებმა წერონ. თანაც, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონტროლიორისმაგვარი ხალხი იყო სწორედ გამონაკლისი და არა ის ტაქსისტ-ნიჩბისგამყიდველები.
ამიტომ ისევ მათზე ვიტყვი. მათზე ვიტყვი კი არა, მათ ვეტყვი (გადაეცით, ვისაც ხმა მიგიწვდებათ): თქვენ ხართ ყველა მათხოვარზე უარესი მათხოვრები, უღირსი მათხოვრები! ისეთი მათხოვრები, რომელსაც მუშაობა შეუძლია და არ მუშაობს, რადგან მათხოვრობა ურჩევნია! ისეთი მათხოვრები, რომელსაც არ სჭირდება და მაინც მათხოვრობს!
თქვენ მოროდიორები ხართ! თქვენისთანები ნანახი მყავს 2008-ის აგვისტოში, ჩემს ყოფილ სამეზობლოში, სარდაფებიდან და გარაჟებიდან გამოტანილი ბოცებითა და კუპატებით რომ დარბოდნენ - რუსები იგოეთთან არიან, მალე აქ იქნებიან და დავხვდეთ, თავს ხომ არ დავახოცინებთო!
აქ იმ სიტყვების გამეორება არ შეიძლება, მაგრამ რაც მე მაშინ იმათ ვაგინე, არც თქვენ აგცდეთ არც ერთი!
სულ მეცოდებოდნენ, სულ მხარს ვუჭერდი, სულ ვდაობდი - ჯობს, გაუმართავი მანქანების გამონაბოლქვი ვისუნთქოთ და კიბო დაგვემართოს, რა დროს "ტექდათვალიერებაა", უამრავ ხალხს ულუკმაპუროდ დარჩენა დაემუქრება, იყოს ეს ტაქსები რეგულაციის გარეშე, ცოდვა არიან-მეთქი...
რეგულაციის გარეშე კი არა: ყველას "ტეხასმოტრი" ყოველ ექვს თვეში! ტაქსომეტრი, მკაცრად განსაზღვრული ტარიფი! დრეს-კოდი და ფეის-კონტროლი! წესიერი სიტყვა-პასუხის ტესტის ჩაბარება და ა.შ.
ძალიან გაცოფებული ვარ, შეასაძლოა, სტიქიაზე გაბრაზებული და მასთან უძლური ამათზე ვიყრი ჯავრს, მაგრამ არ შეიძლება ასე... იმ ნიჩბების გამყიდველებსაც თავიანთ "ლაფატკებს" "ჯანში" გავუკეთებდი, რომ შემეძლოს. ბოიშმამითხოვია და, დამპლები!
თქვენ ათიათასჯერ გჯობიათ ის ჰიპოპოტამი, გმირთა მოედანზე რომ ჭადრის ფოთლებს შეექცეოდა და ფეხებზე ეკიდა ყველაფერი. არაფერს აშავებდა მაინც...
პ.ს. ძალიან გთხოვთ, ნუ იტყვით, ამ ტრაგედიაში "საპროვოკაციოს" მეტი რა იყო, რა დროს ტაქსისტები და ბაზრობის გამყიდველებია, რეალურ დამნაშავეებზე - მეგზევეებზე, არქიტექტორებსა თუ ყოფილ და ახლანდელ პოლიტიკოსებზე ეთქვაო.
ნუ იტყვით, რადგან პირობას გაძლევთ, აუცილებლად ბევრს და არგუმენტირებულად ვიტყვი მას შემდეგ, რაც რაღაც დასკვნა იქნება ექსპერტებისგან.
მეც ვიცი ძველი და არც ისე ძველი ამბები, ცუდი ამბები, ფულების აქეთ-იქით უშნოდ მოძრაობის ამბები. თავისი საბუთებით, მოწმეებით.
ასე რომ, იმედი მაქვს, დამნაშავე(ები) მოიძებნება და დაისჯება.
სიამოვნებით შევუწყობ ხელს.