მთავრობამ "კვირის პალიტრის" გახმიანებული რჩევა ყურად იღო - მტაცებლების ძებნაში მონადირეები ერთვებიან
გუშინ "კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ნადირობის და თევზაობის ფედერაციის პრეზიდენტ თემურ ტყემალაძესთან, რომელიც თბილისში ჯერ კიდევ თავისუფლად მყოფი მტაცებელი ცხოველების დაჭერის თაობაზე ამბობდა:
"უნდა შეიკრიბოს მონადირეების ხუთი ჯგუფი, ძაღლებით, შეიძლება აღმოსავლური ნაგაზებიც, პოლიციის მიერ გაწვრთნილი, მეძებარი ძაღლებიც. ეს ჯგუფები განაწილდება სავარაუდო ტერიტორიაზე და ძაღლი მყისიერად მოგცემს ნიშანს. ძაღლების გარეშე არცერთ სარდაფში და საწყობში არ უნდა შესულიყვნენ. ასე იქნება ტყის დათვალიერების შემთხვევაშიც, ძაღლი მყისიერად მიხვდება სად არის საფრთხე მტაცებლის სახით. ვიმეორებ, კრიზისების მართვის ცენტრმა უნდა შეკრას მონადირეთა ხუთი ჯგუფი, ძაღლების თანხლებით, მათთან ერთად უნდა იყვნენ სპეცრაზმლები, რომლებიც მონადირეებს დაიცავენ მტაცებლისგან აგრესიის შემთხვევაში. ჯგუფს უნდა ჰქონდეს როგორც ტრანკვილიზატორიანი სასროლი იარაღი, ასევე რენინგტონები, პომპიანი თოფები, ნახერად ავტომატი, რომელიც საფანტს ისვრის. ახლო მანძილზე დიდი სიმძიმე აქვს და იმ წამსვე აჩერებს ნადირს. აფრიკაში და ყველგან თავდაცვის მიზნით ხმარობენ ამ იარაღს. კალაშნიკოვი და სხვა მსგავსი ტიპის იარაღი არ შეიძლება, რადგან ჯერ ძნელი მოსარტყამია, მერე კიდევ შესაძლოა ასხლტეს ტყვია. ამიტომაც ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გლუვლულიანი სპეციალური თოფები გამოიყენება, რომელთაც მოკლე მანძილზე აქვს დიდი ეფექტი."
ბატონმა თემურმა კითხვაზე, შესთავაზა თუ არა დახმარება ხელსიუფლებას, განაცხადა:
"ვისაც ვინცობ, იმას შევთავაზე. მერს ნარმანიას დავურეკე, თუ გჭირდებით, მიხმეთ-მეთქი, მაგრამ არავის გავხსენებივარ. არადა, ეს საქმე იმ ხალხმა უნდა გააკეთოს, ვისაც ბუნებასთან აქვს საქმე და ნადირის ესმის. სნაიპერის და სპეცრაზმელის საქმე არ არის ვეფხვებზე და ლომებზე ნადირობა."
დღეს ირკვევა, რომ ხელისუფლებაში "კვირის პალიტრის" მიერ გახმიანებული რჩევა ყურად იღეს და ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც ზოოპარკის დასუფთავების, ასევე ცხოველების ძებნის მიმართულებით.
შეგახსნებთ, იძებნება უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისი და ზოლებიანი აფთარი.