"ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სხვისი გასაკეთებელია, ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება" - ბიჭი, რომელმაც უფასო ტაქსით ქვეყანა აალაპარაკა
"როცა ამგვარი ტრაგედია ხდება, ეს უნდა მივიღოთ არა როგორც სხვისი გასაჭირი, არამედ როგორც ჩვენი გასაჭირი, - ასე უფრო წინ წავა ჩვენი საზოგადოება."
"უფასო ტაქსი" - ამ ტრაფარეტით თბილისის ცენტრში გამოჩენილმა მანქანამ მოქალაქეები გვარიანად გააკვირვა. მოხალისეები, რომელთაც მომსახურებას მათივე კბილა ბიჭი უფასოდ სთავაზობდა, ჯერ დააბნია, თუმცა მალევე გიორგი ყველას მეგობარი და დამხმარე გახდა.
გიორგი ლომიძე საზოგადოებამ მისი გულისხმიერებისა და მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულის წყალობით გაიცნო. 24 წლის ბიჭმა, რომელსაც ჯანმრთელობის პირობები ხელს არ უწყობდა მოხალისეთა ფერხულში ჩაბმულიყო და სტიქიისაგნ დაზარალებული ქალაქის გაწმენდა - დასუფთავებაში მიეღო მონაწილეობა, გადაწყვიტა მისი თანატოლი გოგო-ბიჭების ტრანსპორტირებაზე ეზრუნა, იმათზე, რომლებიც საკმაოდ მძიმე შრომისგან დაღლილები, ლაფში ამოვლებულები, ხშირად ამაოდ ცდილობდნენ შინ დასაბრუნებლად ტრანსპორტის გაჩერებას...
"24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ეს გამორჩეული კაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ ასეთი კაცი და ბატონო დავით კარგი სამსახური უნდა მოვუძებნოთ." - ეს უკვე მოგვიანებით იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქის მერს დავით ნარმანიას მოუწოდა გიორგისთვის სამსახური გამოეძებნა. ჩვენ გიორგისთან უკვე ჩაწერილი გვქონდა ინტერვიუ, როდესაც ამ ინიციატივის შესახებ შევიტყვეთ, თუმცა პრემიერის ინიციატივის გახმაურების შემდეგაც დავურეკეთ, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ჩვენ შევატყობინეთ პრემიერის ნათქვამი...
- გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ მოხალისეებს ამ ფორმით დახმარებოდით?
- არ ვიცი, რამდენად ქვია სამსახური ტაქსის მძღოლობას, მაგრამ ამჟამად, ამით ვცხოვრობ. ამ დღეებში ჩავთვალე, რომ სხვას უფრო სჭირდებოდა ჩემი დამხმარება ვიდრე, ასე ვთქვათ, რიგით მგზავრებს. სხვანაირად ვერ დავეხმარებოდი ჩემს ქალაქს და მოხალისეებს, ფიზიკურად მუშაობა ჯანმრთელობის გამო არ შემიძლია, არადა, ძალიან მინდოდა, რაღაც წვლილი მეც შემეტანა. ამიტომ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ასე გადავწყვიტე მათი დახმარება.
- სხვა დროს თუ მიგიღიათ მსგავს აქციებში მონაწილეობა ან უფასოდ თუ წაგიყვანიათ მგზავრები?
- როგორ არა, სხვა დროსაც გადამიყვანია უფასოდ ადამიანები, მაგრამ აქციის სახე არ მიმიცია ამისთვის.
- როცა ხალხს არ ეხმარებით და არ მუშაობთ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- სიმართლე რომ გითხრათ, გასართობი დრო არ მაქვს, ძირითდად სულ ვმუშაობ. დედისერთა ვარ, მე დედა და მამა ვცხოვრობთ ერთად, მეტი არავინ. იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ გართობაზე ვიფიქრო. გართობას, თან სახსრები სჭირდება და ა.შ. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაო. ისე ყველაზე მეტად ბილიარდის, პულის თამაში მიყვარს.
- გამოდის თქვენი შემოსავლის ერთადერთ წყაროზე უარი თქვით ამ დღეების განმავლობაში მოხალისეების დახმარების სანაცვლოდ?
- როცა ამგვარი ტრაგედია ხდება, ეს უნდა მივიღოთ არა როგორც სხვისი გასაჭირი, არამედ როგორც ჩვენი გასაჭირი, - ასე უფრო წინ წავა ჩვენი საზოგადეობა.
- ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ, რომ ტაქსით მგზავრობა გაძვირდა, რას ეტყოდი ტაქსის მძღოლებსა და ზოგადად, მოსახლეობას?
- მინდა, ზოგადად, ხალხს ვუთხრა, რომ მთავარია ერთსულოვნება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ, მოდი, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სხვისი გასაკეთებელია. გავითავისოთ, რომ ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის ჩვენი გასაჭირი. ასე უფრო მეტს მივაღწევთ ცხოვრებაში. ისედაც ხანმოკლეა ეს ცხოვრება...
როგორც კი პრემიერის ინციატივის ამბავი გავიგე, გიორგის მაშინვე დავურეკე, ვერ მიხვდა რაზე ველაპარაკებოდი, რადან ინფორმაცია მოსმენილი ჯერ არ ჰქონდა:"მთელი დღე ვმუშაობდი, ისეთი დაღლილი ვარ, არაფერი მომისმენია. როგორც კი შინ მივალ, გავეცნობი პრემიერის ნათქვამს. სამსახურს თუ შემოთავაზებენ, ალბათ დავთანხმდები, მადლობის მეტი რა მეთქმის, იმდენი კარგი ითქვა ამ ბოლო დღეებში ჩემზე, არადა, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია."
ბესო გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)