"ზოგიერთი მოქალაქე სტიქიის ზონიდან ძალით გამოვიყვანეთ" - როგორ იხსენებენ მაშველები ავბედით ღამეს და გარდაცვლილ მეგობარს
"მოულოდნელად ზურას მორი დაეჯახა და გულაღმა დაეცა... ფიზიკურად ისეთი ძლიერი იყო, ახლაც არ მჯერა, რომ აღარ არის, სიკვდილამდე 6 ადამიანი გადაარჩინა"
"ზოგიერთი მოქალაქე სტიქიის ზონიდან ძალით გამოვიყავნეთ, სახლებს ცოცხალი თავით არ ტოვებდნენ, მთელი ცხოვრება აქ გავატარეთო. ამანაც წაიღო დრო. ხალხმა უნდა იცოდეს, როცა ასეთი ვითარება, მაშველს უნდა დაემორჩილოს, რადგან მან იცის როგორ უნდა მოიქცეს."
"საშინელი ღამე იყო, სტიქია მძვინვარებდა, სიკვდილს თვალებში ვუყურებდით. ირგვლი სიბნელე იდგა, წვიმამ ფარნები გაგვიფუჭა, აღარ ანათებდა. სიბნელეში, ხმების მიხედვით ვცდილობდით გაგვერკვია, ვის სჭირდებოდა შველა. ყველა მხრიდან განწირული ადამიანების ხმები გვესმოდა. თავიდან მუხლამდე წყალი იდგა, ვერავინ ვიფიქრებდით, რომ ასე ადიდდებოდა... წყალის ელვისუსწრაფესად მოდიოდა, თან ასწლოვანი, 10-15 მეტრიანი ხეები, ტალახი, ნაგავი მოჰქონდა, რომელიც ფეხებში გვედებოდა და მუშაობას კიდევ უფრო ართულებდა. ზურა ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ჩვენს თვალწინ 4 ადამიანი გადაარჩინა, ახლაც არ გვჯერა, რომ აღარ არის. ის-ის იყო კიდევ ერთი ადამიანი გამოიყვანა სამშვიდობოს, რომ მთელი სისწრაფით მომავალი ხე კოჭებში მოხვდა, წაიქცა, გულაღმა დაეცა და წყალმა წაიღო..." - ასე იხსენებენ "კვირის პალიტრასთან" საუბარში სტიქიის დროს დაღუპულ მაშველს, 37 წლის ზურაბ მუზაშვილს კოლეგები და მეგობრები...
ზურაბ მუზაშვილი მოჭიდავე იყო. ტრამვის შედეგად სპორტისთვის თავის დანებება მოუხდა. შემდეგ იყო სამაშველო სამსახური, სადაც 8 წელი იმუშავა. ის კასპის რაიონის სოფელ აღაიანიდან იყო, სადაც მისი დედ-მამა და და ცხოვრობენ. სტიქიის დროს დაღუპული მაშველი, ორი დღის შემდეგ, "მზიურის" ტერიტორიაზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოების დროს იპოვნეს.
"მართლა საოცარი ადამიანი იყო, კეთილი, ყურადღებიანი. სულ თვალებში გიყურებდა, ოღონდ რამე დაგევალებინა და იმ წუთას მზად იყო შესასრულებლად. არ იფიქროთ, ასე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ცოცხალი აღარ არის. არა, ის მართლაც კარგი ადამიანი იყო. სამსახურში მასზე ცუდის მთქმელს ერთ ადამიანსაც კი ვერ იპოვით." - გვითხრა ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ჰამრაზ ჟამერაშვილმა.
როგორც ზურას მეგობრებმა გვითხრეს, დაღუპვამდე ზურამ 6 ადამიანი - 4 მოქალაქე, ერთისაპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ერთიც მაშველი გადაარჩინა.
ჩვენთან საუბარში ზურას მეგობრები და კოლეგები: დავით ოგბაიძე და მიხეილ აბესაძე სტიქიის ღამეს იხსენებენ.
მიხეილ აბესაძე:
- იმ საღამოს ზურა მორიგე იყო, მე ვისვენებდი. როცა ეს ამბები დაიწყო, სამსახურში გამომიძახეს. წვიმის დაწყებიდან მალევე, პირველი გამოძახება ჩუღურეთიდან შემოვიდა, თუმცა, იქ სახლებში მხოლოდ წყალი შევარდა, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. შემდეგ იყო გამოძახება ვაკის პოლიციიდან, რომელიც ახალ გზასთან მდებარეობს. ამასობაში სტიქიის ზონაში უკვე კრიტიკული ვითარება იყო. როცა მივედით ხალხის გამოყვანა დავიწყეთ. თავსხმა წვიმა მოდიოდა, დენი გაითიშა, წვიმაში ფარნები გაგვიფუჭდა, ვეღარ ვანათებდით, ირგვლის სიბნელე იდგა, ხმების მიხედვით ვხდებოდით დახმარებას ვინ ითხოვდა. იცით, ზოგიერთი მოქალაქე სტიქიის ზონიდან ძალით გამოვიყავნეთ, სახლებს ცოცხალი თავით არ ტოვებდნენ, მთელი ცხოვრება აქ გავატარეთო. ამანაც წაიღო დრო. ხალხმა უნდა იცოდეს, როცა ასეთი ვითარება, მაშველს უნდა დაემორჩილოს, რადგან მან იცის როგორ უნდა მოიქცეს.
- ზურა თქვენს ჯგუფში იყო?
- არა, ზურა მეორე ჯგუფში იყო. ჩვენგან დაახლოებით ათ მეტრში იდგა, ვხედავთი როგორ ეხმარებოდა ადამიანებს. მან 4 მოქალაქე გადაარჩინა, გარდა ამისა ერთი ჩვენი და ერთიც პატრულის თანამშრომელი. ვიდრე ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, ზურამ კიდევ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. მამაკაცი ბორდიურზე აიყვანა, თვითონ ის-ის იყო ბორდიურზე ასვლას და თავის შემაგრებას აპირებდა, რომ უცებ წყალმა დიდი სიჩქარით უშველებელი ხე წამოიღო, რომელიც ზურას ფეხებში მოხვდა და გულაღმა გადავარდა. მიშველება ვერ მოვასწარით, წამებში მოხდა ყველაფერი. წყალს დიდი რაოდენობით ტალახი, ნაგავი, ქვები, 10-15 მეტრიანი ხეები მოჰქონდა, რომელიც ფეხებში გვედებოდა, მუშაობაში გვაბრკოლებდა. მორების და ხეების გადაზიდვა დავიწყეთ, წყალს გზა მივეცით. დამიჯერეთ, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.
- როგორც მითხრეს, ზურა იმ ადამიანის გადარჩენას შეეწირა, რომელიც ცოცხალი თავით მანქანას არ ტოვებდა და გაუძალიანდა. ასეთი შემთხვევებიც გქონდათ?
დავით ობგაიძე
- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. ეს ძირითადად ახალ გზაზე მოხდა. მამაკაცები მანქანას არ ტოვებდნენ, არ ეგონათ, რომ ასეთი დიდი რაოდენობის წყალი მოვარდებოდა. ჩვენც არ გვეგონა ასე თუ მოხდებოდა. წყალმა უცებ მოიმატა. ადამიანები სიკვდილს თვალებში უყურებდნენ და ვერ აცნობიერებდნენ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაში რა შეიძლება მოსვლოდათ. ერთი ქალბატონი ძლივს გამოვიყვანეთ, მანქანას არ ტოვებდა. ბოლოს, დაბრუნდა, კარები ჩაკეტა და ისე წამოვიდა. ზოგიერთი მანქანასთან მიდიოდა, რადგან შიგ საფულე ან მობილური ეგულებოდა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც იყო, რასაც დრო მიჰქონდა, რადგან მათი ძალით გამოყვანა გვიხდებოდა... ახლაც თვალწინ მიდგას ზურა წყალმა როგორ გაიტაცა. მან მამაკაცი გადაარჩინა, რომელიც მანქანას არ ტოვებდა, როგორღაც ბორდიურამდე მიიყვანა, თვითონაც ბორდიურზე ასვლას ცდილობდა, რომ თავინ შეემაგრებინა. ამ დროს წყალმა უზარმაზარი ხე წამოიღო, არიდება ვერ მოასწრო, ფეხებში მოხვდა და წაიქცა. ჩაიძირა, ერთხელაც არ ამოუყვინთავს, ვფიქრობთ, რომ გონება დაკარგა, თავი ასფალტს დაარტყა. თვითონ ფიზიკურად ძლიერი იყო. თუმცა, წყალი ისეთი სიჩქარით მოდიოდა, რომ კარგი მოცურავეც კი ვერაფერს გახდებოდა. არ მჯერა, რომ აღარ არის... ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მიშველებაც ვერ მოვასწაროთ...
- მოგვიყევით ზურაზე, როგორი ადამიანი იყო?
- ზურასთან 7-წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა. მოჭიდავე იყო, ნაკრებში ერთად ვიყავით. შემდეგ აქ დავიწყეთ მუშაობა. როგორ იყო იცით? ოღონდაც ვინმეს დახმარება ეთხოვა, იმ წუთში მასთან გაჩნდებოდა. ერთ ადგილზე გაჩერებულს ვერ ნახავდით.
მიხეილ აბესაძე:
- აქ ხომ მუშაობდა, მერე კასპში მიდიოდა, იქ მამას ეხმარებოდა. ხომ არის, რომ ბიჭები საქეიფოდ და დროის სატარებლად მიდიან, ის - არა. სულ შრომაში იყო. ეკლესიური ადამიანი იყო, არ ეწეოდა, არ სვამდა. სიკეთით სავსე ადამიანი იყო.
- საცოლე ხომ არ ჰყავდა?
- რამდენადაც ვიცი, არა. როგორი ბიჭი იყო იცით? ჩუმი, უთქმელი, თავის სათქმელს საქმით ამბობდა. შვილი მაინც ჰყოლოდა... დედ-მამა და და დარჩა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეგობარი მყავდა, რომელსაც ადამიანები უყვარდა, სულ მზად იყო ადამიანის გადარჩენისთვის. სტიქიის დროსაც, უკან არ დაუხევია, ადამიანები განსაცდელში არ მიატოვა, მათი სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა.
პ.ს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს სამსახურებივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი, ზურაბ მუზაშვილი მამაცობისთვის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის მედლით დააჯილდოვა.
სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)