"უფასო ტაქსის" მძღოლს, გიორგი ლომიძეს ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დაასაქმებენ - კვირის პალიტრა

"უფასო ტაქსის" მძღოლს, გიორგი ლომიძეს ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დაასაქმებენ

"როცა ამგვარი ტრაგედია ხდება, ეს უნდა მივიღოთ არა როგორც სხვისი გასაჭირი, არამედ როგორც ჩვენი გასაჭირი, - ასე უფრო წინ წავა ჩვენი საზოგადოება." - ეს სიტყვები 24 წლის გიორგი ლომიძეს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა მოხალისეებს თავისი ტაქსით უფასოდ მომსახურებოდა და ასე შეეტანა თბილისში დატრიალებული სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში წვლილი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას სთხოვა გიორგისთვის სამსახური გემოეძებნა, ირკვევა, რომ "უფასო ტაქსის" მძღოლი გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდება. ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე, დავით ნარმანიამ მიაწოდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ლომიძე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და კარგად იცნობს რაიონს, მონიტორინგის სამსახურში იმუშავებს.

"ახალგაზრდას დღეს უკვე შეხვდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და იგი მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება", - ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში. გიორგის დიდ წარმატებას ვუსურვებთ, დარწმუნებული ვართ, სადაც არ უნდა იყოს, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით და ღირსეულად გაუძღვება!

წაიკითხეთ ასევე: "ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სხვისი გასაკეთებელია, ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება" - ბიჭი, რომელმაც უფასო ტაქსით ქვეყანა აალაპარაკა