ჟურნალისტი ტრაგედიის თვითმხილველი გახდა - "ყველა ხელისუფლება დამნაშავეა, მათ შორის, მეც"
"რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ძმას, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა და იქ ტყვიას გადაურჩა, ვეფხვი იმსხვერპლებდა?!"
სპეცოპერაციამ ოთხ საათს გასტანა. ალბინოსი ვეფხვი ლიკვიდირებულია
თბილისი ჯერ კიდევ სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობდა, როცა დედაქალაქში ახალი ტრაგედია დატრიალდა.
"ვეფხვმა ჩვენი მეგობარი დაგლიჯა. თავზე აზის, ვერ შევდივართ, ვერ ვუშველეთ, სად არის სამაშველო სამსახური, სად?" - ეს განწირული ხმა ჯერაც ყურში ჩამესმის... ამის შემდეგ "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა, ანა მარშანიამ 112-ში დარეკა...
თანდათან ვაცნობიერებ, როგორი ტრაგედია დაგვატყდა თავს. 17 ივნისს, როცა ვეფხვმა 43 წლის ოთარ ცუხიშვილი დაგლიჯა, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებთან ერთად იქ ვიყავი...
გმირთა მოედანზე თითქოს სიმშვიდე იყო, მოხალისეები განადგურებულ ზოოპარკს წმენდდნენ. იქვე, სახელდახელოდ გამართულ შტაბში შევდივარ. უწყების არც ერთი ოფიციალური პირი არ მხვდება - ყველა საგანგებო სხდომაზეა, აქ მოგვიანებით მოვლენ... შტაბში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე დახოცილი ცხოველები იპოვეს. საგანგებო სამსახურის ბრიგადა ადგილზე გადის, ჟურნალისტებიც მივყვებით. ადგილზე მისულები საშინელი ტრაგედიის მოწმენი ვხდებით... გონებიდან არ ამომდის მამაკაცის შეშლილი სახე, რომელიც წინ და უკან დარბის და ყვირის:
- სად არის სასწრაფო? ყველა ახლა მოცვივდა, აქამდე სად იყავით, როცა ვიხვეწებოდით, შეამოწმეთ-მეთქი?
ეს რა ვნახე, ვეფხვმა კაცი ქვეშ მოიქცია, ზედ აზის, რა გადაარჩენს?
მოვლენები სწრაფად ვითარდება... იარაღმომარჯვებული პატრულის თანამშრომლები პერიმეტრზე დგანან და შიგნით შესვლას ვერ ბედავენ. სასწრაფოც მოვიდა, თუმცა, ვერც მათ გაბედეს შესვლა. იოტისოდენა იმედი, რომ კაცი გადარჩება, ქრება.
ჯერ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ, შემდეგ - სპეცრაზმი. მათ ტერიტორია გადაკეტეს. ყოველწამს ველოდებით გასროლას, მაგრამ უცებ ვიგებთ, რომ ვეფხვი გაიქცა და სადღაც მიიმალა... უზარმაზარ ტერიტორიაზე ათეულობით სარდაფია, ვეფხვის ძებნა რთულდება. შენობას ბევრი გასასვლელი აქვს, შიშობენ, მხეცი გარეთ არ გავარდეს და კიდევ ვინმე არ იმსხვერპლოს... სპეცოპერაციამ ოთხ საათს გასტანა. ალბინოსი ვეფხვი ლიკვიდირებულია, თუმცა...
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ნანახ-გაგონილს, რადგან ამ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მტაცებელი ცხოველი დაჭერილია და საფრთხე არ არსებობს...
ჩნდება კითხვა: არსებობდა თუ არა ინფორმაცია დაკარგული მტაცებლის შესახებ და მიიღეს თუ არა შესაბამისმა უწყებებმა პრევენციის ზომები? სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, ისინი ზოოპარკის ადმინისტრაციის მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რომლის თანახმად, ყველა დაკარგული მტაცებელი დაჭერილი ან მკვდარი იყო. თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ წინადღეს, 16 ივნისს, რამდენიმე მედიასაშუალებას განუცხადა, რომ ვეფხვს, დათვსა და აფთარს ეძებდნენ. დაუჯერებელია, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა...
გაუგებარი იყო ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თავდაპირველი კომენტარი: "დღეს დილით გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა. გვეგონა, ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო".(?!)
პროკურატურამ ზოოპარკის დირექტორი დაჰკითხა. გურიელიძემ მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო... ამ ფაქტს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა კონკრეტულმა პირმა კი არა, მთელმა გუნდმა უნდა გაინაწილოს...
ლაგუნა ვერეს”ტერიტორიაზე განთავსებული საწყობების მფლობელები აღშფოთებას ვერ მალავდნენ:“
- ვიხვეწებოდით, აქაურობისთვის მოეხედათ. ამ ტერიტორიას ყველა მხრიდან გასასვლელი აქვს, ამიტომ ცხოველს აქ თავის შეფარება არ გაუჭირდებოდა.
მეტიც, ვეფხვიც ნახეს, ამის შესახებ გავაფრთხილეთ კიდეც. როგორც ჩანს, საწყობში იმალებოდა. პირველი ვინც შევიდა, იმას ეცა. სამი დღის მშიერი მხეცი აბა, რას იზამდა? ეს კაცი სხვების უპასუხისმგებლობას შეეწირა.
ლაგუნა ვერეს“თანამშრომლები დახოცილი ცხოველების გატანას მეორე დღესვე ითხოვდნენ, რადგან ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არსებობდა.
ამ ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე კი შევესწარი მერიის თანამშრომლის ტელეფონით საუბარს, რომელიც ჩემთვის უცნობ პირს სთხოვდა, ლაგუნადან დახოცილი ცხოველები გაეყვანათ:
- რამდენჯერ დარეკეს და გვთხოვეს, ცხოველები გაიტანეთ, შეიძლება ეპიდემია გავრცელდესო, ამბობდა მერიის თანამშრომელი. 112-ის ცნობით კი, ინფორმაცია, რომ ლაგუნას ტერიტორიაზე მუშებმა ვეფხვი ტრაგედიამდე შენიშნეს, მათთან არ შესულა.
საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ 16 ივნისს მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო უწყებების არაკოორდინირებული მუშაობის ბრალია. თავის დროზე შესაბამის სამსახურებს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია რომ შეემოწმებინათ, შესაძლოა, ეს უბედურება თავიდან აგვეცილებინა.
თამაზ ცუხიშვილი, დაღუპულის ძმა:
- რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ძმას, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა და იქ ტყვიას გადაურჩა, ვეფხვი იმსხვერპლებდა?! სტიქიის შემდეგ ტელეფონით ველაპარაკე. მითხრა, კარგად ვართო. რამდენიმე დღეში კი ეს საშინელება მოხდა... ჯერ მიცვალებული გავაპატიოსნო და შემდეგ აუცილებლად დავინტერესდები, რა მოხდა. არავის ვუჩივი, მაგრამ მაინტერესებს, რატომ მოხდა ეს უბედურება...
ოთარი ყოფილი სპეცრაზმელია. როცა ცხოვრება აირია, თბილისში წამოვიდა. ხან სად მუშაობდა, ხან - სად. ჰყავს მეუღლე. შვილები არ ჰყავდათ. ჩემს ძმას ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?
- სახელმწიფო დაგეხმარებათ?
- დაგვპირდნენ, რომ დაკრძალვის ხარჯებს გაიღებენ...
მომხდარის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სპეცრაზმი კიდევ ერთ ლომს, ვეფხვსა და აფთარს ეძებს. ბუნებრივია, ამ ინფორმაციამ ისედაც დამფრთხალი საზოგადოება კიდევ უფრო დააფრთხო, 112-ში უამრავი ზარი შედიოდა, მოსახლეობა ამბობდა, რომ დაინახეს ვეფხვი, აფთარი, მოესმათ ღრიალის ხმა. თუმცა, ადგილზე მისულებს ცხოველები არ ხვდებოდათ.
იმედია, ამ სტატიის გამოქვეყნების დღეს ყველა მტაცებელი დაჭერილი იქნება და 13 ივნისს დაწყებული ტრაგედიის ჯაჭვიც აღარ გაგრძელდება.
როგორ აღმოჩნდა ვეფხვი საწყობში?!
გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ვეფხვი სწორედ ის მტაცებელია, რომელმაც ცუხიშვილი დაგლიჯა. Aამ ვერსიის მიხედვით, ეს ვეფხვი მკვდარი ეგონათ, სინამდვილეში, გონებადაკარგული იყო, გონს მოვიდა და სარდაფში შეძვრა. თუმცა რამდენიმე თვითმხილველი აცხადებს, რომ ნამდვილად მკვდარი იყო და დამარხეს. მათივე ინფორმაციით, 17 ივნისამდე მაშველებმა საწყობის ტერიტორია დაათვალიერეს და იქ მტაცებელი ვერ ნახეს. Aამ ვერსიის მიხედვით, ვეფხვი იქ მოგვიანებით შეძვრა.
"ყველა ხელისუფლება დამნაშავეა, მათ შორის, მეც"
ნიკო ლეკიშვილი, თბილისის ყოფილი მერი: "ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ უბედურებისა, მაინც მეწყერია. ძალიან დიდი იყო. ასეთი არ ახსოვს მაგ ხეობას უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შესამოწმებელია იქ გამავალი გვირაბები. ფაქტია, რომ არ გაატარა და მოხდა ეს ტრაგედია.
მანდ ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკი უნდა ყოფილიყო და გააუქმეს. რა უფლება ჰქონდათ, რომ იქ მიწები გაყიდეს?! ზოგმა სახლი აიშენა და ზოგმა რა... მდინარე ვერეს უნდა ჰქონდეს საშუალება, გაიშალოს და გაიაროს. ამიტომაც იყო, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, მთაზე საბჭოთა კავშირის დროინდელი კორპუსები. იმის ქვემოთ არ აშენებდნენ... ჩემი აზრით, ის პროექტი, რომელსაც ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკი ერქვა, კარგად უნდა გადამუშავდეს და გაკეთდეს ისე, რომ საშიშროება გამოირიცხოს...
მაგისტრალიც სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. ფეხებზე უნდა დამდგარიყო და წყლის გასასვლელები ჰქონოდა. კონცეპტუალურად არასწორად განვითარდა ეგ ადგილი.
ახლა რომ ვამბობთ, იმ ადგილას ტყე-პარკი უნდა გავაშენოთო, იყო იქ ტყე-პარკი და დაშალეს.
მთავრობამ და მერიამ კარგად იმუშავეს. კალაძე, ნარმანია, ლექვინაძე, ქუმსიშვილი და სხვები წელამდე წყალში იდგნენ და მაშველებივით მუშაობდნენ.
ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოველს ყურზე დამაგრებული აქვს გადამცემი, რომლითაც აფიქსირებენ მის ადგილსამყოფელს. კარგი იქნებოდა, ჩვენს ზოოპარკშიც ეს სისტემა ყოფილიყო დანერგილი.
როცა მე მერი ვიყავი, მაშინაც იდგა ზოოპარკის გადატანის საკითხი...
იმ დღეს მაღლიდან ვუყურებდი და უცბად წარმოვიდგინე, ეს ტრაგედია რომ დღისით მომხდარიყო, წარმოგიდგენიათ?!.. ყველა ხელისუფლება დამნაშავეა, მათ შორის, მეც. ზოოპარკი თავის დროზე უნდა გადაგვეტანა.
ძალიან ბევრი რაღაც გაფუჭდა თბილისში. აღარ მინდა გავლა არც ვერაზე და არც მთაწმინდაზე. ქალაქი თავისი სიმბოლოებით ფასდება. როგორი სიმბოლოც პარიზისთვის ეიფელის კოშკია, ისევეა მთაწმინდა ჩვენთვის. ეიფელს ვინმე 100-სართულიან შენობას ჩამოაფარებს?! ვერ ააშენებენ ფრანგები თუ რა? მაგრამ არ შეიძლება".
სალომე გოგოხია