"მივხვდი, საქართველოს ვერაფერი დააჩოქებს!"
იმ ადგილებში, სადაც მეწყერმა ავი კვალი დატოვა, მოხალისეების ტევა არ იყო. ლაფში ამოსვრილნი თაკარა მზეში თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ზოგი წყალს დაატარებდა, ზოგიც - საკვებს... "უფასო ტაქსი" - ამ ტრაფარეტით თბილისის ცენტრში გამოჩენილმა მანქანამ მოქალაქეები გააკვირვა. მალე 24 წლის გიორგი ლომიძე ყველას მეგობარი და დამხმარე გახდა. გიორგის ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, მოხალისეებს გვერდით დაუდგეს, ამიტომ გადაწყვიტა, მძიმე შრომით დაღლილი და ლაფში ამოსვრილი გოგო-ბიჭები სახლებში მიეყვანა...
"ამათ რომ ვუყურებ, ვხვდები, ასეთი ახალგაზრდების ხელში საქართველოს ვერაფერი დააჩოქებს", - ამბობდა აცრემლებული მოხუცებული კაცი.
"24 წლის ახალგაზრდა კაცი უფასოდ დაატარებს მგზავრებს. ის ორი წელია, ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ვფიქრობ, მას კარგი სამსახურიც უნდა მოვუძებნოთ," - მოუწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქის მერს.
"განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია"
გიორგი ლომიძე: - სამსახურს თუ შემომთავაზებენ, ალბათ, დავთანხმდები (19 ივნისს გაირკვა, რომ გიორგი ლომიძეს ნაძალადევის გამგეობაში დაასაქმებენ. - რედ.). მადლობის მეტი რა მეთქმის. ბოლო დღეებში იმდენი კარგი ითქვა ჩემზე, მრცხვენია კიდეც, არადა, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია... ჯანმრთელობის გამო ფიზიკური შრომა არ შემიძლია, მაგრამ ძალიან მინდოდა, რაღაც წვლილი მეც შემეტანა ამ საქმეში. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ასე გადავწყვიტე მათი დახმარება. დედისერთა ვარ. ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაო. ჩემი შემოსავლის წყარო ეს არის.
- ესე იგი, ახლა თქვენი შემოსავლის ერთადერთ წყაროზე უარი თქვით...
- არა უშავს, ასეთი ტრაგედია ყველას გასაჭირია...
- სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამ დღეებში ტაქსით მგზავრობა გაძვირდა. რას ეტყოდი ასეთ მძღოლებს?
- მინდა, ყველას ვუთხრა, რომ მთავარია ერთსულოვნება. მოდი, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს სხვისი გასაკეთებელია. ასე უფრო მეტს მივაღწევთ. ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება...
"ქართველი ვარ, ქართველი!"
იქენჩო ვაგუა: - აქ ბევრი მოხალისე ვართ ნიგერიიდან: სპორტსმენებიც, სტუდენტებიც. საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოვედი. ქართველი ვარ, ქართველი! ჩემი მეუღლე მცხეთელია - მაკა გაბრიელაშვილი. ორი შვილი გვყავს, ნახალოვკაში ვცხოვრობთ. აქ მანამ ვიმუშავებ, სანამ საქმე არ დაილევა.
"კათეტერიანად გამოვიქეცი"
ნუგზარ გოგუაძე: - პირველივე დღიდან აქ ვარ... ვხედავ, წყალში ბავშვის ფეხსაცმელი ტივტივებს. დაუფიქრებლად გადავეშვი ყელამდე ლაფში, ძლივს ამომიყვანეს, ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გამაქანეს. 5 საათს გავჩერდი, მერე კათეტერიანად გამოვიქეცი. აბა, რა გამაჩერებდა წამოკოტრიალებულს?!
"11 წლის ვარ"
ლურჯთვალება ნიკუშა კოპალეიშვილმა დანახვისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ის მუშაობაში უფრო მარდი აღმოჩნდა, ვიდრე საუბარში.
- 11 წლის ვარ. სკოლაში აღარ დავდივარ, ფეხბურთსაც აღარ ვთამაშობ... აქ ყოველდღე ჩამოვდივარ. მინდა, რაღაცით მაინც დავეხმარო დაზარალებულებს...
რამდენიმე წლის წინ ნიკუშას მამა მოუკლეს. ბავშვი საჯარო სკოლაში სწავლობდა, ერთხელ უჩხუბია და სამტრედიის ინტერნატში გადაუყვანიათ, თუმცა, გამოქცეულა და ახლა თბილისში ცხოვრობს. ტრაგედიის პირველივე დღიდან თავს არ ზოგავს. სულ გვეხმარება, კაცივით მუშაობსო, - გვითხრეს მოხალისეებმა.
მოსკოველი მოხალისე
გიორგი ზლობინი: - მე და ჩემმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ ჰამბურგერების ბიზნესი წამოვიწყეთ. როცა ეს საშინელება მოხდა, სოციალურ ქსელში ვნახეთ განცხადება, რომ სვანიძის ქუჩელებს საკვები და სამოსი სჭირდებოდათ... იმ ქუჩაზე არ შეგვიშვეს, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე დავაყენეთ ჩვენი ავტომანქანა და საქმეს შევუდექით. მოხალისეებსა და დაზარალებულებს ლიმონათთან ერთად ჰამბურგერებს ვაწვდიდით. გაკვირვებულები მადლობას გვიხდიდნენ... მე და ვალერია მოსკოვიდან თებერვალში ჩამოვედით. ძალიან მოგვწონს საქართველო, ქართველი ხალხი და გვინდა, სამუდამოდ აქ დავრჩეთ საცხოვრებლად.