ნიკოლოზ რაჭველი: 13 ივნისს მეც წუთებით გავასწარი სიკვდილს - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ რაჭველი: 13 ივნისს მეც წუთებით გავასწარი სიკვდილს

"ჩემი თვალით ვუყურე თუ როგორ მოწყვიტა ნიაღვარმა ჩემი მანქანა ადგილს და გადაუძახა მიწისქვეშა გადასასვლელში. მესმოდა, ხალხის განწირული კივილი და ვგრძნობდი, რომ უსუსური ვიყავი, მათ დასახმარებლად არაფერი შემეძლო..." - ასე იხსენებს 13 ივნისის კოშმარულ ღამეს ცნობილი მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც ამბობს, რომ თავადაც წუთებით გაასწრო სიკვდილს.

- მოგეხსენებათ გმირთა მოედანს გადაჰყურებს ჩემი ბინა, ერთ-ერთ კორპუსში მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ. დიდი წვიმები ყველას გვახსოვს თბილისში, მაგრამ ამჯერად ყველაფერი უცნაურად დაიწყო. ჩემს ოთახში კედლიდან იმდენად ბევრი წყალი მოდიოდა თასებს ვუდგამდი, შემდეგ ვღვრიდი და მთლიანად ამ საქმით ვიყავი დაკავებული. უეცრად გარედან კოშმარული ხმები მომესმა, ერთბაშად მანქანების ძალიან ბევრი სიგნალიზაცია ჩაირთო, ისმოდა მათი ერთმანეთზე შეჯახების ხმები, ზღვის ტალღებვით აბობოქრებული წყლის ხმა და ამ ყველაფერს რომ ვხედავდი, ვეღარაფერს აღვიქვამდი... თავი არარეალურ სამყაროში მეგონა. მთელი გმირთა მოედანი ტალახიანი საფარის ქვეშ მოექცა. ჩემი თვალით ვუყურე თუ როგორ მოწყვიტა ნიაღვარმა ჩემი მანქანა ადგილს და გადაუძახა მიწისქვეშა გადასასვლელში. მესმოდა, ხალხის განწირული კივილი და ვგრძნობდი, რომ არაფერი შემეძლო... როცა გათენდა, ეს იყო ყველაზე საშინელი დილა გმირთა მოედანზე. ჩვენი კორპუსის პირველი სართულიც მთლიანად დატბორილი იყო, სადარბაზო სულ შლამით სავსე და ლიფტით სარგებლობა დღესაც ვერ აღდგა. კორპუსის მაცხოვრებლებმა დღის მეორე ნახევრამდე გარეთ გასვლა ვერ შევძელით. ყველას ჰქონდა ზარალი თუნდაც მანქანების მხრივ, მაგრამ ამაზე საუბარიც არ ღირს. ჩვენ თვითონ ვნახეთ როგორ დაიღუპენ ადამიანები. იმ დროს, როდესაც სტიქია დაიწყო, უმეტეს წილად  გარეთ ვარ ხოლმე, 13 ივნისსაცალბათ სულ წუთებით შევასწარი კატასტროფას შინ. მოგეხსენებათ, ადამიანები ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ, რომლებიც წყალმა გაიტაცა და ზოგიერთი დღემდე იძებნებიან. ამიტომ მანქანის დანაკარგზე ფიქრი ნამდვილად უადგილოა, როცა ვაცნობიერებ, რომ 13 ივნისს მეც წუთებით გავასწარი სიკვდილს... ჩემი უცხოელი კოლეგებიდან ყველა მიკავშირდებოდა და მეკითხებოდა როგორ ვგრნობდი თავს. ერთი ტალღა რომ ამოიწურა ზარების და ყველას ვაცნობე ჯამრთელი და ცოცხალი ვიყავი, საელეფონო ზარების მეორე ტალღა მაშინ განმეორდა, როდესაც მსოფლიო საინფორმაციო წყაროებმა გადასცეს ვეფხვმა რომ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზუსტად იმ შენობის წინ ძალიან ხშირად ფეხით დავდივარ. Uუცხოელმა კოლეგებმა იციან მანქანა რომ აღარ მაყავს და ხშირად მეუბნებიან, ფეხით არ იაროო.

- ვიცი, რომ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადებით...

- ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრის საიუბილეო ფესტივალისთვის ვემზადებოდით. კულტურის სამინისტრომ ბიუჯეტი გამოყო, ყველაფერი დაგეგმილი იყო. ჩვენ დარბაზი აღარ გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო ამ ფესტივალის ჩატარებას ჯანსუღ კახიძის სახელობის სიმფონიურ დარბაზში აპირებდა. ფესტივალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სახელმწიფომ შეთანხმება ვერ შეძლო დარბაზის ხელმძღვანელობასთან. სამხატვრო ხელმძღვანელი – ვახტანგ კახიძე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა იქ ფესტივალის გამართვის. ჩვენ დაქირავებაზეც თანახმა ვიყავით. როდესაც ასეთი მტკიცე უარი მივიღეთ, საკმაოდ უარგუმენტო, სახელმწიფოს ჰქონდა ორი გზა - ან კონფლიქტზე უნდა წასულიყო ან ჩვენ უნდა გვეპოვნა გამოსავალი. არ გვსურდა კონფლიქტი, მიუხედავად იმისა შეგვეძლო ჩვენს ერთგულ მსმენელთან ერთად, აქციები გაგვემართა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ წარჩინებულ ხელოვანს არ დავუპირისპიდით, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამდა... რუსთაველის თეატრში და ფილარმონიაშიც არ აღმოჩნდა თავისუფალი დღეები და ფესტივალის გაუქმება მოგვიხდა. ჩაშლილი ცხრა კონცერტიდან ერთადერთი კონცერტის გადარჩენა შევძელით და მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინის - ლიზა ბათიაშვილის კონცერტი ფილარმონიაში დავგეგმეთ. კონცერტის მზადების პროცესში სტიქიური უბედურება მოხდა და ცხადია მე და ლიზამ მაშინვე გადავწყვიტეთ კონცერტზე შემოსული თანხით დაზარალებულებს დავხმარებოდით. კონცერტზე დავპატიჟებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე სასახელოდ დაუდგნენ გვერდში თავის ქვეყანას გაჭირვების დროს. 28 ივნისს ქველმოქმედებისთვის ვერთიანდებით. ჩვენთან ერთად იქნება საპატრიარქოს მგალობელთა არაჩვეულებრივი გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)