"ალაჰ აკბარის" ძახილით ჯაჭვი გაუკეთებიათ და სპეცრაზმს მისწოლიან" - რა ხდებოდა პანკისში სპეცოპერაციისას?! - კვირის პალიტრა

"ალაჰ აკბარის" ძახილით ჯაჭვი გაუკეთებიათ და სპეცრაზმს მისწოლიან" - რა ხდებოდა პანკისში სპეცოპერაციისას?!

"ჩვენ არავის ვემორჩილებით, ჩვენ დამოუკიდებელი ხალხი ვართ - საქართველოს მუსლიმანები, ავღანეთიდან ჯიჰადის ბრძანებას თავს ვერ მოგვახვევენ. მეტიც, დოკუ უმაროვისგან (კავკასიის ემირატის ემირი. - ავტ.) ხშირად მიგვიღია თხოვნა, რომ ჩვენს ქართველებთან, ჩვენს ძმებთან, რაც უნდა მოხდეს, ძმობა არ უნდა დაირღვეს. საქართველოს გარდა, ჩვენ სხვა საძმო, სხვა დამცველი არ გვყავს, ყოველთვის ჩვენი ზურგი, ჩვენი დამცველი იყო საქართველო და აჰყვე ჯიჰადის მუქარებს - ნიშნავს ზურგში დანა ჩაირტყა"...

აიუფ ბორჩაშვილი, ჯოყოლოს იმამი,

13 ივნისი, 2013 წ.

"მინდა ჩვენს მთავრობას ვუთხრა - ხეობაში ჯერ სიმშვიდეა, მაგრამ ამ სიმშვიდის ნუ გეიმედებათ, ერთ დღესაც აქ ვაჰაბიტები ძალიან ცუდ ამბებს დაატრიალებენ. ეს დროის საკითხია და მერე უკვე მარტო პანკისის ხეობას კი არა, მთლიანად საქართველოს აღარაფერი ეშველება".

ზაური, სოფელი დუისი

14 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო კონტროლის გავლის დროს, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა სამი ახალგაზრდა შეაჩერეს, რომლებიც, მათივე თქმით, თურქეთში სამუშაოდ მიემგზავრებოდნენ.

საქართველოდან უკეთესი ბედის საძიებლად თურქეთში წასვლა დიდი ხანია, უცხო არავისთვის არის, თუმცა გასაკვირი ის იყო, რომ დაკავებული ახალგაზრდები, ეთნიკურად ქართველი - 22 წლის გიორგი კუპრავა, 24 წლის გიორგი ბუხუნაშვილი და 19 წლის დავით ფილისებია  თურქეთის გავლით სირიაში მიდიოდნენ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად (ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიაში ქართველები მიდიან საომრად!).

იმავე დღეს სოფელ გომბორთან სამართალდამცავებმა დააკავეს სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომელსაც საზოგადოება უფლებადამცველად იცნობს (როგორც პანკისელები ამბობენ, ბორჩაშვილმა ის სამი ახალგაზრდა აეროპორტში მიაცილა და თანასოფლელთან ერთად შინ ბრუნდებოდა). უკვე საღამოს რვა საათისთვის ხეობაში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე სოფელში ჩატარდა.

დააკავეს "წითური გენერლის", თარხან ბათირაშვილის ორი უახლოესი ნათესავი, სოფელ ჯოყოლოში გაჩხრიკეს აიუფ ბორჩაშვილის და ჯოყოლა აჭიშვილის სახლები.

ლეილა, ჯოყოლა აჭიშვილის და: - დუისიდან მოვდიოდი. დამირეკეს, შენი ძმის დასაჭერად არიან მოსულებიო. რომ გავიგე, ჯოყოლას სახლში იყვნენ, იქით გავეშურე. ჯოყოლა მაშინ თბილისში იყო. სახლი სავსე იყო სპეცრაზმელებით. მოგვიანებით ნება დამრთეს, შევსულიყავი. ჩხრეკა მიდიოდა. ვიკითხე, - აქ რა მიზეზით ხართ-მეთქი. ერთი კაცი (სავარაუდოდ, უფროსი) მამშვიდებდა, - აქ სირიის გამო ვართ, ახალგაზრდებს რომ უშვებენ იქო... აქ რაც ხდება, ამით ჩვენი მეზობელი ძალიან უკმაყოფილოაო(?!). გვეშინოდა, არაფერი დაედოთ, წაიღეს დისკები, ბლოკნოტები და რეზინის ტყვიები... ცუდად არ იქცეოდნენ, თუმცა დაძაბულები იყვნენ. მაშინ გავიგეთ, რომ აიუფას სახლსაც ჩხრეკდნენ.

როგორც ხეობაში ამბობენ, ბორჩაშვილის სახლის ჩხრეკისას მთელი ჯამაათი იქ მისულა, დაკავებულს შინ 9 შვილი და  გულით ავადმყოფი მეუღლე ჰყავს.

რუსლანი, ჯოყოლოს მკვიდრი: -

აიუფას სახლის ჩხრეკისას მთელი ჯაამათი იქ მისულა და სპეცრაზმისთვის სახლის დატოვება მოუთხოვიათ. "ალაჰ აკბარის" ძახილით ჯაჭვი გაუკეთებიათ და სპეცრაზმს მისწოლიან, რომ სახლი დაეტოვებინათ.

რამდენიმე წუთს მართლა ძალიან დაძაბულა სიტუაცია, თუმცა სპეცრაზმს მშვიდად დაუტოვებია იქაურობა.

14 ივნისის ღამე პანკისის ხეობაში დაძაბული იყო, ჯამაათის წევრები მეორე დღეს მასშტაბური აქციის გამართვას აპირებდნენ სოფელ დუისში, პოლიციის განყოფილების წინ, თუმცა აქცია არ ჩატარდა, როგორც ამბობდნენ, - სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას მოერიდნენ.

დაკავებულები რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს, მხოლოდ ჯოყოლოს ყოფილი იმამი რჩებოდა მოდულის შენობაში. საბოლოოდ, აიუფ ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობაში დასდეს ბრალი; გარდა ამისა, მას ბრალად ედება გადაბირება და 2015 წლის 2 აპრილს არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან ბაღაკაშვილის საომრად გაგზავნა სირიაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

14 ივნისის სპეცოპერაციამ პანკისის ხეობის მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმრავლესობის აზრით, "ეს უშიშროების მიერ გათამაშებული სპექტაკლია, რომელიც რუსეთის გულის მოსაგებად დადგეს... ძალიან დიდი ფული დაიდება და ბორჩაშვილი გარეთ გამოვა".

მეორე ნაწილის აზრით, ბორჩაშვილისთვის ბრალის დამტკიცება გაჭირდება, რადგან არ არსებობს ხეობაში ერთი კონკრეტული ორგანიზატორი. ვაჰაბიტური წესით, ნებისმიერი მორწმუნე ვალდებულია, თუ მასთან სირიაში წასვლის მსურველი მივა, აუცილებლად დაეხმაროს ფინანსურად თუ სხვა საშუალებით. პანკისის ხეობის მაგალითზე, დახმარებად მიჩნეულია პასპორტის მიღება, თბილისი-სტამბოლის რეისზე ბილეთის შეძენა, გზის ფულის მიცემა, აგრეთვე სტამბოლში საჭირო კაცის დახვედრება და სირიის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა. გარდა ამისა, 16 წლის ახალგაზრდას რელიგია ავალდებულებს საღვთო ომებში მონაწილეობას.

14 ივნისის სპეცოპერაციას სირიიდან მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილიც გამოეხმაურნენ და მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც დაგმეს ბორჩაშვილის დაპატიმრება და პანკისელ თანატოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ჯიჰადში მონაწილეობისთვის.

თბილისი-პანკისი