2010 – 2015 წლები უცხოეთში დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე - გახმაურებული სპეცოპერაციები - კვირის პალიტრა

2010 – 2015 წლები უცხოეთში დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე - გახმაურებული სპეცოპერაციები

ევროპაში ქართველების ხმაურიანი დაკავება დიდი ხანია არავის უკვირს. ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქები უკვე წლებია, ქურდული სამყაროს შტაბბინებად იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ქვეყნების სამართალდამცავები იძულებული გახდნენ, ქართული მაფიის ასალაგმად ტრანსნაციონალური სპეცოპერაციებიც კი ჩაეტარებინათ (მაგალითად, "იავა" და "ოსა" - ესპანეთში).

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 2010-2015 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს 3 715 მოქალაქეა დაკავებული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი: "2015 წლის 25 მარტს IDFI-იმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა 2010-2015 წლებში საზღვარგარეთ დაკავებული და საზღვარგარეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დეტალური (დანაშაულის სახეების და ქვეყნების მიხედვით) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.

2015 წლის 28 აპრილს სამინისტროდან მოწოდებული იქნა, მხოლოდ 23 ქვეყანაში (არგენტინა, აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, დანია, ეთიოპია, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი და ჩინეთი) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და 4 ქალაქში (სალონიკი, ტრაპზონი, განჯა და მაინის ფრანკფურტი) საკონსულო დაწესებულების მონაცემები დაჯამებული სახით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია. 2013 წელს 2010 წელთან შედარებით დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 საქართველოს მოქალაქეს. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე უკვე დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე." დეპორტირების/გამოძევების შემთხვევებს, როგორც კვლევიდან ირკვევა, 2010-2014 წლებში აღნიშნული ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე.

სავარაუდოდ, შთამბეჭდავი იქნება 2015 წელს დაკავებული ქართველების რიცხვიც, რადგან წელს ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ხმაურიანი სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა:

საფრანგეთი

"ყოველდღიურად დანაშაულებრივი ქსელის ლიდერების მეთაურობით კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა, ზარალის ზუსტი დადგენა ძნელია, მაგრამ საუბარია ძალიან შთამბეჭდავ რიცხვზე." - ა.წ. 1-ელ ივნისს ამ განცხადებით ამ ცნო ვიცე-პროკურორმა გრეგის ვეილიმ საფრანგეთს მორიგი ხმაურიანი სპეცოპერაციის შესახებ. ფრანგმა სამართალდამცავებმა ლა-როშელის რაიონში დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, პარალელურად სტრასბურგში პოლიციელებმა 22 კაცის დაკავება შეძლეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ევროპაში ქართველების ხმაურიანი დაკავება დიდი ხანია არავის უკვირს. ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქები უკვე წლებია, ქურდული სამყაროს შტაბბინებად იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ქვეყნების სამართალდამცავები იძულებული გახდნენ, ქართული მაფიის ასალაგმად ტრანსნაციონალური სპეცოპერაციებიც კი ჩაეტარებინათ (მაგალითად, "იავა" და "ოსა" - ესპანეთში).

გერმანია

ა.წ. 12 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს გერმანელმა პოლიციელებმაც. სპეცოპერაცია ქალაქ კობლენცში ჩატარდა. ქართველები მაშინ აიყვანეს, როდესაც მათ 7 ათასი ევროს ღირებულების თამბაქო მოიპარეს. გერმანული მედია წერდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გერმანიაში არალეგალურად ჩადიოდნენ და თავშესაფრის მისაღებად განაცხადს აკეთებდნენ. განაცხადის განხილვამდე კი დანაშაულს სჩადიოდნენ. ერთ-ერთი გერმანული გამოცემის ცნობით, პროცესები საქართველოდან იმართება. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ გასულ 2014 წელს ქართველებმა გერმანიაში 1067 დანაშაული ჩაიდინეს. ამ შემთხვევის შემდეგ პოლიცია მუშაობის საგანგაშო რეჟიმშია გადასული.

საბერძნეთი

ამავე წლის თებერვალში ჯგუფურად და არაერთხელ ჩადენილი ქურდობისთვის საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 10 მოქალაქე დააკავა. ბრალდებულებიდან 4 ქალი იყო. ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი ქალები ბერძნების სახლებში მომვლელებად მუშაობდნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ბოლო თავდასხმისას მათ მოხუც ქალს დასაძინებელი პრეპარატის დიდი დოზა გაუკეთეს და სახლიდან 3700 ევრო წაიღეს. დაჯგუფებას, რომელსაც ბერძნული პოლიცია რამდენიმე თვე ეძებდა, გამოძიების ინფორმაციით, 10-ზე მეტი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. სამართალდამცველებმა მათი სახლების ჩხრეკისას ნაქრურდალი ნივთების ნაწილი და ფული ამოიღეს. კიდევ ერთი სპეცოპერაცია ბერძნულმა პოლიციამ თებერვალშივე ჩაატარა. ამ შემთხვევაშიც დაკავებულები ქართველები არიან.

იტალია

ა.წ. მარტში იტალიელმა სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით 12 ქართველი და ერთი ბულგარელი დააკავეს. მათგან 10 საქართველოს მოქალაქეა და 9 მათგანი იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიური მედია აცხადებდა, რომ დაჯგუფება ქართულ-რუმინულ-ბულგარული იყო და იმჟამად საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ეძებდნენ. დაჯგუფების ორი წევრი ქალი იყო, ისინი ოჯახებში მოხუცების მომვლელებად იწყებდნენ მუშაობას, რის შემდეგაც ოჯახების შესახებ ინფორმაციას დაჯგუფების სხვა წევრებს აწვდიდნენ.

ესპანეთი

წელსვე ესპანელმა ჟურნალისტებმა ქართველი კრიმინალების მუშაობის სრული სქემა გაშიფრეს, დაწყებული ესპანეთში მათი ჩასვლიდან, ნაქურდალის გასაღებიდან მიღებული ფულის საქართველოში გადმოგზავნით დასრულებული. ექსპერტების თქმით, ქართული მაფია, ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ევროპაში. ესპანურმა პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ ერთობლივად დაიწყო სპეცოპერაცია.

"უხილავი ქურდები" - ამ სათაურით ესპანური ტელეკომპანია La Sexta ჟურნალისტური გამოძიების სერიას აქვეყნებს. "ისინი მოქმედებენ ძალადობის გარეშე, ჩუმად ტეხავენ სახლების კარებს, ისე რომ თავდაპირველად ძარცვის მსხვერპლები ვერც კი ამჩნევენ სახლში ქურდობის კვალს. რა არის საიდუმლო მსოფლიოს ყველაზე სუფთად მომუშავე ქურდების, რომლებსაც შეუძლიათ 10-დან 9 კარის გაღება" - ვკითხულობთ ანოტაციაში, რომელიც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ვიდეოს ახლავს თან.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

წაიკითხეთ ასევე: ევროპული მაფიის ქართული სახე - ქურდული სამყარო იმდენად პოპულარულია, რომ ქალაქ ბარიში "ქურდების სკოლაც" კი გახსნეს(?!)"