ჟურნალისტის ექსპერიმენტი: როგორ ვიცხოვროთ თვეში 160 ლარით? - მონაწილეობისთვის ვიწვევ ნებისმიერ პოლიტიკოსს! - კვირის პალიტრა

ჟურნალისტის ექსპერიმენტი: როგორ ვიცხოვროთ თვეში 160 ლარით? - მონაწილეობისთვის ვიწვევ ნებისმიერ პოლიტიკოსს!

ზაფხულია - დასვენების სეზონი. ჰოდა, ჩემი ოჯახი, 3 ადამიანის შემადგენლობით (ჩემი გამოკლებთ, რა თქმა უნდა) მთელი თვით დასასვენებლად წავიდა. ვინაიდან ოჯახის წევრების ჯანმრთელობას (მითუმეტეს - არასრულწლოვნების) საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებდი, მარტოდ დარჩენილმა გადავწყვიტე, რომ ხელსაყრელი დრო დადგა და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა მეძლევა.

მცირე შესავალი, ექსპერიმენტის დაწყების წინ:

საქართველოში რომ ხალხის მატერიალური მდგომარეობა სახარბიელო არაა, ეს არც თქვენთვისაა უცხო. ირგვლივ ყველა გაჭირვებასა და უსახსრობაზე წუწუნებს.

ჟურნალისტები კი დავიღალეთ იმაზე ლაპარაკით, რომ საარსებო მინიმუმი არ შეესაბამება არსებულ რეალობას. მითუმეტეს - ლარის გაუფასურებისა და გაძვირებული პროდუქტის პირობებში. თუმცა, სასურსათო კალათის გადახედვას არავინ აპირებს და 2015 წლის საარსებო მინიმუმად (შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის) ა.წ. მაისის თვის მონაცემით 161 ლარი და 90 თეთრია.

ჩემი ექსპერიმენტის არსი ის გახლავთ, რომ მთელი თვის განმავლობაში ვიცხოვრებ საარსებო მინიმუმის შესაბამისი (იგივე გახდება პენსიაც, სექტემბრიდან) თანხით ანუ 160 ლარით და ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ გავანაწილებ ამ თანხას, რაზე ვიტყვი უარს, შევძლებ თუ არა, რომ ვიმყოფინო სახელმწიფოს მიერ დადგენილი "მინიმუმი" და ამავე დროს, ვიკვებო ნორმალურად (დღის რაციონის შესაბამისი ნორმების ცხრილს ქვემოთ წარმოგიდგენთ), გადავიხადო კომუნალური გადასახადები და ერთი სიტყვით, თავი გავიტანო 24 ივლისამდე (ექსპერიმენტი გუშინ დავიწყე).

ეს ალბათ ერთგვარი დღიური გამოვა და ვფიქრობ, ძალიან საინტერესოც.

ახლა კი ჯერ იმის შესახებ, როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი და შემდეგ მოგახსენებთ პირველი დღის შედეგებს.

საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. ეს გახლავთ კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის ნორმალური სიცოცხლისა და შრომის უნარიანობისთვის, ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება წარმოადგენს მასში შემავალი პროდუქტების ღირებულებათა ჯამს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების (კომუნალური გადასახადები, მედიკამენტები, ტრანსპორტი და სხვ.) წილი - 30%. ეს გახლავთ საქსტატის მონაცემები.

უფრო ადამიანური ენით რომ ვთქვათ, დაანგარშდება იმ პროდუქტის საერთო ფასი, რაც ადამიანს (შრომისუნარიან მამაკაცს) თვის განმავლობაში სჭირდება საარსებოდ, ამას მიემატება არასასურსათო ხარჯი და ეს გახლავთ საარსებო მინიმუმი.

დილა დავიწყე იმით, მარტივი არითმეტიკული გამოთვლით გავიგე, რა თანხა უნდა დავხარჯო დღის განმავლობაში.

გაგრძელება იხილეთ