"რა "მანჰეტენი" და მრავალსართულიანი შენობები... არ არის საკმარისი ის ტრაგედია, რაც დატრიალდა?!"
"მანჰეტენი" ვერეს ხეობაში 1 400 000 000 დოლარად
შესაძლოა, ცოტა ხანში, თბილისში ქართული "მანჰეტენი" ვიხილოთ... სულ რამდენიმე დღის წინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, შოკიდან საზოგადოება ჯერაც არ გამოსულა, მაგრამ ეტყობა, ვერეს "მორჯულება", საზოგადოების ერთმა ნაწილმა ისევ განიზრახა... კონკრეტულად, საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობას გულისხმობს და ამ საკითხზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში," ექსპერტების შეხვედრაზეც იმსჯელეს. საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, - "მდინარე ვერემ ნგრევა დაამთავრა და ახლა მშენებლობა უნდა დაიწყოს". მისივე თქმით, საკითხზე უკვე ესაუბრნენ რამდენიმე მინისტრს და მათგან პასუხს ელიან.
"ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელები, დავიწყეთ კვლევა იმ პრობლემის, რაც ვერეს ხეობაშია. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროექტი. ამ პროექტის არსი იმაშია, რომ პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით." მისივე თქმით, სპეციალისტების შეფასებით, დამბის აშენების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. მეტიც, დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში.
"პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას." - განაცხადა ჯგერენაიამ.
ბიზნესპალატის თავმჯდომარის, ემზარ ჯგერენაიას განცხადებითვე ისინი რამდენიმე მინისტრს უკვე ესაუბრნენ.
"მთავრობას სიგნალი მივეცით. რამდენიმე მინისტრს უკვე ველაპარაკეთ. უახლოეს დღეებში მათგან ველოდებით პასუხს. მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია", - განაცხადა ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, რომლის თქმითაც, პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 დოლარი, რის მოძიებასაც, დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. - "ბიზნესმენები გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ჩვენ უნდა შევცვალოთ შეხედულება. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი., - აცხადებს ჯგერენაია.
ახალ ინიციატივას, სრულიად წარმოუდგენლად მიიჩნევს სპეციალსტების ერთი ნაწილი. ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის აზრით, იდეა უტოპიურია და მისი განხორციელება რეალობისგან შორის არის.
- ნამდვილად არ ვიცი, რომელმა სპეციალისტებმა განიხილეს ეს საკითხი თუ განიხილეს საერთოდ... ერთი რამ ფაქტია და კარგი იქნება, აწი, მაინც შეეგუებიან ამ რეალობას, - ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, იქ გზამ უნდა გაიაროს, მაგრამ როგორ და რანაირად, ეს არის შესასწავლი და გადასაწყვეტი. დანარჩენად ეს ზონა, მთლიანად უნდა განვიხილოთ, როგორც ქალაქის სარეკრეაციო ზონა. თავად ამ ტერიტორიაზე კი, ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ამ ზონას შეეფერება. რა "მანჰეტენი" და მრავალსართულიანი შენობები, ვერეს ხეობაში უნდა დასრულდეს განუკითხავი განაშენიანება... არ არის საკმარისი ის ტრაგედია, რაც დატრიალდა?!
- ბიზნესპალატის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას თქმით, - დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი რამ თბილისში არ განმეორდება...
- ბუნების გარანტორი არასდროს არავინ ყოფილა. შესაძლოა, ბიზნესს თავისი ინტერესები ჰქონდეს, მაგრამ ნებისმიერ ქალაქის ხელმძღვანელობის პირდაპირი მოვალოებაა, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს... ჩვენ კი, საზოგადოებამ, აწი, მაინც უნდა უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არც ქალაქი და არც მოსახლეობა არ დაზარალდეს. კარგი იქნება, ახლა მაინც თუ მოგვისმენენ.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობის პროექტი ჯერ არავის წარუდგენია. 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს, რათა შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდეს ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების გეგმა. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ თითქოს სწორედ ამ კომისიის მორიგ სხდომაზე იგეგმებოდა "ქართული მანჰეტენის" იდეის განხილვა, თუმცა, ჩვენთან საუბარში არტიქტექტორმა გიგა ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხი არავის დაუაყენებია.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)