მკვლელი კასეტები - რატომ მოკლეს საქართველოში იტალიელი ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

მკვლელი კასეტები - რატომ მოკლეს საქართველოში იტალიელი ჟურნალისტი

2000 ბწლის 25 სექტემბერს თბილისში, მწვანეთა პარტიის თაოსნობით, დიდი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. 40 წლის იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო თავყრილობის გმირად იქცა - მან დამსწრე საზოგადოებას ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები გააცნო და შოკის მომგვრელი მასალები წარადგინა. ასეთი ინფორმაციის გატანა დასავლეთში რუსეთისთვის საბედისწერო გამოდგებოდა.”ანტონიო რუსოს ჰქონდა თვითმხილველთა ჩანაწერები და ვიდეომასალა. იტალიელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ შეგროვებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს გადასცემდა.

კონფერენციის დასრულებისთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან საპროტესტო ნოტა მიიღო. თბილისის კონფერენციაზე წამოჭრილი თემების გამო კრემლი აღშფოთებული იყო. დიპლომატიურ უწყებასთან ერთად, მოსკოვმა, როგორც ჩანს, საქმეში საკუთარი სპეცსამსახურები ჩართო...

ანტონიო რუსომ - ტრანსნაციონალური პარტია "რადიკალეს"”გავლენიანმა წევრმა და იმავე სახელწოდების რადიოს სამხედრო კორესპონდენტმა - ამის შესახებ არაფერი იცოდა და მშვიდად განაგრძობდა საქმიანობას. კავკასიამდე ის მსოფლიოს სხვა, ყველაზე საშიშ წერტილებში მუშაობდა და საომარ მოქმედებებს აშუქებდა.

ჟურნალისტმა იცოდა, რომ ჩეჩნეთში არაოფიციალურად შეღწევა საქართველოდან შეიძლებოდა და ამ მიზნით, 1999 წლის ბოლოს, თბილისში ჩამოვიდა. სწორედ იმ დროს საქართველომ დაახლოებით 10 ათასი ჩეჩენი ლტოლვილი შეიფარა. ლტოლვილები, ძირითადად, პანკისში, მონათესავე ქისტებთან დასახლდნენ. ანტონიო რუსომაც ამ ხეობას მიაშურა. იტალიელი ლტოლვილებსა და მათ მასპინძელ ქისტებს დაუმეგობრდა. სოფელ ჯოყოლოში ძმადნაფიცებიც კი გაიჩინა. ინფორმაციას, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ეთნოწმენდის შესახებ, რუსოს ჩეჩენი ლტოლვილები აწვდიდნენ. როგორც თავად ამბობდა, ორჯერ, მცირე ხნით, თავადაც მოახერხა ჩეჩნეთში გადასვლა.

2000 წლის 17 ოქტომბერს, მწვანეთა კონგრესის დასრულებიდან სამიოდ კვირაში, ანტონიო რუსო საქართველოდან ევროპაში გამგზავრებას აპირებდა.

იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილს, სკულპტორ გურამ ნიკოლაძეს, ის დღეები კარგად ახსოვს: "ანტონიო ამბობდა, - სამშაბათს  პარიზში დიდი ღონისძიება იმართება და ჩემ მიერ ჩეჩნეთში მოპოვებული მასალები უნდა წარვადგინოო. რუსო თბილისში ჩემს ბინას ქირაობდა და აქედან დავმეგობრდით. საოცარი კაცი იყო, ვაჟკაცური, კეთილი, საქართველო ალალად უყვარდა".

საფრანგეთში გამგზავრებამდე ქართველმა მეგობრებმა რუსო მირზაანში ფიროსმანობაზე დაპატიჟეს. დილის 9 საათზე შინ მიაკითხეს. კარი არავინ გააღო. მერე სახელური მოსინჯეს - კარი დაკეტილი არ იყო: "სამივე ცუდმა წინათგრძნობამ შეგვიპყრო. შიგნით აღარ შევსულვართ და ბინის პატრონს, გურამ ნიკოლაძეს დავურეკეთ. ის მალე მოვიდა და ბინაში ყველანი ერთად შევედით. თითქოს ჯოგმა გადაურბინაო, ისე იყო ყველაფერი არეული. ანტონიო შინ არ დაგვხვდა, იატაკზე კი მისი გაწყვეტილი ოქროს ძეწკვი ვიპოვეთ. აშკარა იყო, იქ რაღაც ინციდენტი მოხდა. ოთახები მოვათვალიერეთ. არსად იყო მისი ნოუტბუკი, სადაც მასალებს ინახავდა, პორტატული ტელეფონი და ათამდე ვიდეოკასეტა, რომელიც მუდამ ტელევიზორთან ეწყო".

ბინაში მისულმა პოლიციელებმა ანტონიოს მეგობრების შეშფოთება არ გაიზიარეს - ალბათ სადმე დათვრა და შინ მისვლა დააგვიანდა.

დაღამდა. იტალიელი ჟურნალისტი  არსად ჩანდა.

რუსოს გვამი 16 ოქტომბერს, გამთენიისას, თბილისიდან 27 კილომეტრში, გომბორის გზის პირას იპოვეს. ექსპერტების აზრით, რუსოს სხეულზე რამდენჯერმე გადაატარეს ავტომანქანა.

ანტონიო რუსოს მკვლელობას იტალიაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბევრი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის აზრით, ის რუსების მოკლული იყო. საზოგადოება საქმის სწრაფად გახსნას ითხოვდა. რუსოს მკვლელობის ფაქტზე, საქართველოში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, საქმე რომის პროკურატურაშიც აღიძრა. გამოძიება იტალიის სამართალდამცავი სისტემის ელიტურ ქვედანაყოფს დაევალა. ამ სპეციალურ სამსახურს "დიგოსი", ანუ გამოძიებისა და სპეცოპერაციების გენერალური განყოფილება ჰქვია. "დიგოსმა" თავისი საუკეთესო გამომძიებლები - ლორენცო ტროუცი და ლეონარდო ბიაჯოლი გამოგზავნა თბილისში. ორი კვირის შემდეგ ისინი რომში დაბრუნდნენ. იტალიის პრესა წერდა, რომ "დიგოსის" გამომძიებლები რუსეთის სპეცსამსახურების კვალზე იდგნენ. იტალიელი ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის მკვლელობის გამო იტალიას ოფიციალურად უნდა დაედო ბრალი რუსეთისთვის. ევროპა დიდი პოლიტიკური სკანდალის წინაშე იდგა, მაგრამ... მოულოდნელად, ტროუცი და ბიაჯოლი მკვლელობის საქმეს ჩამოაშორეს და უფრო დაბალ თანამდებობებზე გადაიყვანეს... ფაქტობრივად, დასრულდა ანტონიო რუსოს საქმის ძიებაც.

პარტია "რადიკალეს" ლიდერმა მარკო პანელამ გვიამბო, რომ მას ძიებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეეძლო: "სიკვდილამდე ანტონიოს ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრე და მქონდა დასაბუთებული ეჭვები ყოველივეს შესახებ, მაგრამ იტალიის პროკურატურამ და სასამართლომ საუბარი არ ინებეს. ცხადია, მათ სიმართლის დადგენა არ სურდათ... ჟურნალისტის მკვლელობიდან მრავალი წლის შემდეგაც კი იტალიელ ჩინოსანთა დიდი ნაწილი ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკს თავს არიდებს. პირადი საუბრისას რამდენიმე მათგანმა გულახდილად გვითხრა, გვეშინია იმ გავლენიანი ხალხისა, ვინც რუსოს საქმის ძიებას დღემდე აბრკოლებსო. კითხვაზე, ვინ არიან ეს ადამიანებიო, ჩინოსნები პასუხად მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ ან მრავალმნიშვნელოვნად იღიმოდნენ. ეს იტალიაში ხდება, შუაგულ ევროპაში, ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოში..."

იტალიელი კოლეგებისგან განსხვავებით, უფრო დრამატული აღმოჩნდა ქართველი სამართალდამცავების ბედი. ძიების პროცესში ორი ქართველი გამომძიებელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა - ერთმა თავი მოიკლა. მეორე მოიწამლა. ორივე ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო. დღემდე არ არის დადგენილი, იყო თუ არა მათი სიკვდილი დაკავშირებული რუსოს საქმესთან. შესაძლოა, ეს მხოლოდ საოცარი დამთხვევა იყო(!).

1990-იანი წლების ბოლოს საქართველოში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა - კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ვლადიმირ პუტინის ნამდვილი დედა ცხოვრობს და პუტინმა ბავშვობა ამ სოფელში გაატარაო.

პუტინის დედის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ჯოჰარ დუდაევის მეგობარმა, ვაჰა იბრაჰიმოვმა. ვერა პუტინას შესახებ მან დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, რომლის პრემიერა საქართველოში გაიმართა. ჩვენების შემდეგ იბრაჰიმოვს ანტონიო რუსო დაუკავშირდა. იბრაჰიმოვი იტალიელს თბილისში შეხვდა და თავისი ფილმის ასლი გადასცა.

ვაჰა იბრაჰიმოვის ინტერვიუდან: "ანტონიომ დამირეკა და მითხრა, როგორც კი ეს ფილმი გამოგართვი, ვგრძნობ, რომ დაჟინებით მითვალთვალებენო. ვურჩიე, ფრთხილად ყოფილიყო, რადგან მის ხელთ იყო საშიში, რუსეთის პრეზიდენტისთვის მომაკვდინებელი მასალა".

ვაჰა იბრაჰიმოვი ბაქოში მოკლეს. მისი ოჯახის წევრების აზრით, ის რუსეთის სპეცსამსახურებმა პუტინის ნამდვილი ბიოგრაფიის გამოქვეყნებისთვის დასაჯეს. შესაძლოა, რუსოც ამ ინფორმაციის გამო მოიცილეს. ასეთ ვერსიაზე მსოფლიოს ცნობილი გამოცემები საუბრობდნენ. მსოფლიო პრესა იმასაც იტყობინებოდა, რომ ანტონიო რუსეთს, ჩეჩენთა გენოციდის გარდა, ბრალს სდებდა ეკოციდშიც. რუსოს ინფორმაციით, რუსი სამხედროები, ჩეჩნეთის ტყეებში პარტიზანების აღმოსაჩენად, თეთრი ფერის ქიმიურ ნივთიერებას იყენებდნენ. ამ ნივთიერებას - დეფოლიანტს - თვითმფრინავებიდან ყრიდნენ. დეფოლიანტი ტყის მწვანე საფარს რამდენიმე საათში მთლიანად ანადგურებდა. ასეთმა "ჭუჭყიანმა" ბომბებმა და ეკოციდმა რეგიონში უმძიმესი კვალი დატოვა. რუსეთის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის მონაცემებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩეჩნეთს პირველი ადგილი უკავია ონკოლოგიური დაავადებებით.

ანტონიო რუსო ერთ-ერთი პირველი უცხოელი იყო, ვინც ჩეჩნეთში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. ჩეჩენმა ლტოლვილებმა მას ქალაქ გროზნოში ფარულად გადაღებული ვიდეოკასეტა გადასცეს. ფირზე იძულებითი დონორების - ბავშვების ჩვენებები და ქირურგიული ოპერაციები იყო აღბეჭდილი.

ანტონიოს დედა, ბეატრიჩე რუსო იხსენებს: "სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე. ტიროდა. ვერაფრით დავამშვიდე. მითხრა, ხელში ჩამივარდა გროზნოს საავადმყოფოში გადაღებული ფირი, რუსი ექიმები ბავშვებს როგორ ხოცავენო".

საბედისწერო ვიდეოკასეტა უკვალოდ გაქრა. როგორც ჩანს, ის ფირი, სხვა კასეტებთან ერთად, ანტონიოს მკვლელებმა წაიღეს. 2000 წლის 20 ოქტომბერს თბილისში ანტონიოს დედა ჩამოვიდა, რუსოს თანაპარტიელები ახლდნენ. მათი ვარაუდით, საიდუმლო ვიდეოკასეტა ანტონიოს ნაქირავებ ბინაში სამალავში უნდა ჰქონოდა შენახული. ყველაფერი შეამოწმეს, მაგრამ კასეტა ვერ იპოვეს.

მკვლელები რუსოსთან ღამით მივიდნენ. მათგან ვინმე, ალბათ, ანტონიოს ნაცნობი იყო და ამის გამო ბინაში შეღწევა იოლად მოახერხეს. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რუსომ ბინის გასაღები დაკარგა. შესაძლოა, ეს ქურდობა იყო, რათა გასაღებით ესარგებლათ. შემდგომი მოვლენები, სავარაუდოდ, ამგვარად განვითარდა: ბინიდან ანტონიო ძალდატანებით გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს. თავდამსხმელებმა მათთვის საჭირო ნივთებიც გაიტაცეს - ჟურნალისტის სატელიტური ტელეფონი, უბის წიგნაკი, ვიდეო და აუდიოკასეტები.

ნიკოლაძის ქუჩა, სადაც რუსო ცხოვრობდა, თბილისის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს, მაგრამ  ოპერაცია ისე სწრაფად და უხმაუროდ ჩატარდა, მეზობლებს არაფერი გაუგიათ. როგორც ჩანს, გატაცებაში პროფესიონალები მონაწილეობდნენ.

რისთვის დასჭირდათ ანტონიოს გატაცება, თუკი ის მალევე უნდა მოეკლათ? შესაძლოა, რუსო დასაკითხად წაიყვანეს - იტალიელი ჟურნალისტისგან გარკვეული ინფორმაციის მიღება სურდათ. ნიკოლაძის ქუჩაზე კი ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.

სად მოკლეს ანტონიო რუსო? - ყოველ შემთხვევაში, არა იქ, სადაც მისი გვამი აღმოაჩინეს. 2000 წელს ამ ადგილიდან 200 მეტრში პოლიციის მუდმივი საგუშაგო იყო. იქ, ღამითაც კი, სულ ცოტა, 4-5 პოლიციელი მორიგეობდა. მათ თვალწინ ადამიანის წამება და მოკვლა წარმოუდგენელი იქნებოდა. რუსო მოკლეს სხვაგან და გვამი გომბორის გზასთან დააგდეს. ეს საავტომობილო მაგისტრალი თბილისსა და პანკისის ხეობას შორისაა. ცხედრის იქ დატოვებას, ალბათ, თავისი მიზეზი ჰქონდა - დამნაშავეებს სურდათ, მკვლელობა ჩეჩნებს ან მათ მონათესავე ქისტებს დაჰბრალებოდათ.

გვამის აღმოჩენის ადგილი კიდევ ერთი გარემოებითაა აღსანიშნავი: აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში იყო ისეთი ადგილი, სადაც საქართველოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებსაც კი, შესვლა ეკრძალებოდათ. შესაძლოა, ანტონიო რუსო სწორედ იქ აწამეს და მოკლეს. ამ ადგილს ვაზიანი ჰქვია. 2000 წელს იქ რუსეთის მსხვილი სამხედრო ბაზა გახლდათ და სწორედ იქიდან იმართებოდა საქართველოს საწინააღმდეგო მრავალი სპეცოპერაცია... 2000 წელს მომხდარი დანაშაული, შესაძლოა, ოდესმე გაიხსნას, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ ბოროტმოქმედებისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება კავკასიაში დღემდე სჩადის. ცივილიზებული მსოფლიო კი ამ მოვლენებს მშვიდად ადევნებს თვალს.

მიხეილ ჩერქეზია