ლაშა ონიანი: "მხოლოდ ჭამა-სმა არ ნიშნავს სტუმრის კარგად დახვედრას"
"2009 წლის ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული იყო. კონცერტი, რომელზეც უსინათლო ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ იმღერა, რომაელი მებრძოლ ქალთა რაზმების თანხლებით გაიმართა. 70 გოგონა ლაშა ონიანმა საქართველოში შეარჩია"
2015 წელს თბილისი პირველად უმასპინძლებს უეფას სუპერ თასს. აღნიშნული ტურნირი ერთმატჩიანია და მისი მონაწილეები 2014-2015 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები იქნებიან. ქართველ გულშემატკივარს აქამდე არნახული სანახაობა ელოდება.…
ამ მოვლენასთან დაკავშირებით ლაშა ონიანს ვესაუბრეთ. მკითხველს შევახსენებთ, რომ ევროპაში მოღვაწე ქართველ რეჟისორს სამჯერ მოუწია მუშაობა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნაზე - 2004, 2006 და 2009 წლებში...
2009 წლის ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული იყო. კონცერტი, რომელზეც უსინათლო ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ იმღერა, რომაელი მებრძოლ ქალთა რაზმების თანხლებით გაიმართა. 70 გოგონა ლაშა ონიანმა საქართველოში შეარჩია. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გახსნაში ქართველებიც მონაწილეობდნენ...…
შოუს დამდგმელი რეჟისორიც ლაშა ონიანი იყო, რომელმაც შოუში ქართული ქორეოგრაფიული ელემენტები შეიტანა და დიდი მოწონებაც ხვდა წილად - სულ რაღაც 8-წუთიან ინსცენირებაში, მხურვალე ოვაცია ოთხჯერ დაიმსახურა. გახსნას ესწრებოდა იტალიის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონიც...
- როგორ უნდა დახვდეს ჩვენი ქვეყანა ამ მოვლენას?
- ქვეყნები იბრძვიან მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების ჩასატარებლად, ეს ხომ პირდაპირი ჩართულობაა განვითარებულ ქვეყნებთან, რაც ძალიან საჭიროა დღევანდელი საქართველოსთვის და გავალდებულებს, მოწესრიგებული იყო... მხოლოდ ჭამა-სმა არ ნიშნავს სტუმრის კარგად დახვედრას. სასტუმროები, კაფეები, ქუჩები, ქალაქის განათება, უსაფრთხო გადაადგილება - ეს ყველაფერი გაუმჯობესებულ, თანამედროვე საქართველოს ქმნის. ძალიან მინდა, დავესწრო, მაგრამ ჩემი ჩამოსვლა თბილისში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გავთავისუფლდები ჩემი საქმიანობიდან. ყველანაირად ვეცდები დავესწრო.
- ბილეთების სკანდალზე რას იტყოდით?
- ბევრი მიმუშავია საერთაშორისო მატჩებზე. ბილეთის გაყიდვის პრობლემაზე კი არასდროს მსმენია. 85 000 მაყურებელი ეტევა რომის ოლიმპიურ სტადიონზე, 67 000 - ალიანც არენაზე, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე - 75 000 მაყურებელი და ა.შ. ბილეთების შეძენა იქ ყოველთვის ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს. თუ სხვა ქვეყნებისთვის შესაძლებელია ამის ორგანიზება, ჩვენთან რა ხდება?
- უეფას ჩემპიონთა ლიგის გახსნაზე მუშაობისას ქართველებს შეხვდით?
- 2004 წლის 26 მაისის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემთვის პირველი იყო, სადაც მუშაობა მომიხდა. იქ გავიცანი სპორტული კომენტატორი დიმა ობოლაძე და ამით ამოიწურა ქართველების რაოდენობა უეფას ფინალზე... კახი კალაძე საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთ-ერთი ტიტულოვანი სპორტსმენია და რა თქმა უნდა, ქართველის გამოჩენა უეფას ჩემპიონთა ლიგაში ძალზე სასიხარულო იყო, როგორც ჩემთვის, ისე ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის..
- ალბათ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებიც გაიცანით...
- მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავებიდან განსხვავებული თაობის წარმომადგენლებთან, ფრანც ბეკენბაუერთან და კარლ-ჰაინც რუმენიგესთან მქონდა შეხება. მათი მეშვეობით ფრანკფურტის ,,ალთე ოპერას" თეატრში არაერთ გალა საღამოზე ღონისძიებები გამიკეთებია. გავიცანი ზიდანი, როცა "მადრიდის რეალში" თამაშობდა, ბალაკი, შვაინშტიგერი... ზიდანი როგორც უძლიერესი ფეხბურთელი, ასევე უძლიერესი პიროვნებაა. მინდვრიდან გახურების შემდეგ გამოვიდა და ცოტა ხანს შევყოვნდით - საუბარს შევყევით. დაცვის სამსახურის ბიჭებმა მიუთითეს, გასახდელებისკენ წასულიყო, რადგან მინდორზე რეპეტიცია იწყებოდა. გაბრაზებულმა უთხრა, რომ მასზე ზედმეტად ზრუნვა არ იყო საჭირო... ეს ლაპარაკი, ლამის კამათში გადაიზარდა, ჩვენ ღიმილით დავშორდით ერთმანეთს, დაცვის ბიჭებს კი ზიდანი გაბრაზებული სახით გაეცალა.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)